როდესაც რაიმე სოციალურ პრობლემას ვაწყდებით, ხშირად მივდივართ დასკვნამდე, რომ ეს “რაღაც” განათლების ნაკლებობის ბრალია, თუმცა რამდენად ხშირად დავფიქრებივართ იმაზე, რომ დღესდღეობით, 21-ე საუკუნეში, ეპოქაში, როდესაც ყველაზე დიდია წვდომა ინფორმაციაზე, წიგნებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო კონტენტზე, არიან ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ ხელშეწყობას განათლების მისაღებად, ელემენტარულ ყოფით პირობებზე რომ არაფერი ვთქვათ. თუმცა, ამავდროულად არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც არ ელოდებიან სახელმწიფო ინიციატივას, თავიანთ პასუხისმგებლობად მიაჩნიათ მსგავს საკითხებზე ზრუნვა და ხანმოკლე კამპანიის მაგივრად, გრძელვადიანი პროექტები შექმნეს. ამგვარად, ეს ორგანიზაციები (მათ შორის, კერძო კომპანიები) თავად ცდილობენ მოზარდთა განათლების ხელშეწყობას. გვინდა ზოგიერთი მათგანის შესახებ გიამბოთ.
საქართველოში, ზრუნვის სისტემაში მყოფ ბავშვებსა და მოზარდებზე (დაახლოებით 4500 ბავშვი) სახელმწიფო ზრუნავს 18 წლამდე. 18 წლის ახალგაზრდა იძულებულია დატოვოს ზრუნვის სისტემა და „დამოუკიდებლად“ გააგრძელოს ცხოვრება. მართალია, ზრუნვის სისტემის აღსაზრდელისთვის უმაღლესი და პროფესიული განათლება უფასოა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მათ არ აქვთ საშუალება მიიღონ ეს მომსახურება რადგან ყოფით პრობლემებთან უწევთ გამკლავება. „ფონდი ნატახტარი“ ცდილობს მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებს შეუქმნას განათლებისა და დასაქმების სრულფასოვანი პირობები. ფონდის ფსიქოლოგიური გუნდი მოზარდთან მუშაობას იწყებს 15 წლის ასაკიდან. ფსიქოლოგი მას საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენასა და განვითარებაში ეხმარება, შემდეგ კი პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღებასა და დასაქმებაში უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ პროფესრიული განათლების მიღების საშუალება ბენეფიციარს აქვს, როგორც პროფესიულ კოლეჯში, ასევე პრაქტიკოს ოსტატთან, რომელიც ფონდის რესურსებით არის შერჩეული. ფსიქოლოგი ბენეფიციართან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და ხშირად ეს პროცესი რამდენიმე წლის მანძილზე გრძელდება. 2011 წლიდან დღემდე „ფონდი ნატახტარი“ 307 ბენეფიციარს დაეხმარა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში.
პროექტი Charte.ge, საგანმანათლებლო ფონდ Educare Georgia-ს მხარდაჭერით, იმ სოციალურად დაუცველი სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა, რომლებიც ინტერნეტისა და ლეპტოპის გარეშე არიან, ასეთი კი საქართველოში დაახლოებით 78 000-ია. Charte.ge ონლაინ პლატფორმაა, რომელიც დონაციის საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს. ინტერნეტის გადასახადითა და ლეპტოპებით მათი უზრუნველყოფით, ფონდი იმედოვნებს, რომ ამგვარად, ბავშვებს შეუქმნის ინფორმაციასთან წვდომას და ცოდნის მიღების საშუალებას მისცემს. პროექტის ფარგლებში, ბავშვებს ასწავლიან ინტერნეტის გამოყენებას განათლებისთვის, აცნობენ ქართულ და უცხოენოვან ონლაინ პლატფორმებს, რომლის გამოყენება სასწავლო პროცესში შეუძლიათ.
წინანდლის ღვინის სკოლა, სილკ როუდ ჯგუფის მხარდაჭერით, 2011 წლიდან ფუნქციონირებს და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით პროფესიული განათლების უფასოდ მიღებაში ეხმარება ნებისმიერ მსურველს. მონაწილეები სკოლაში სწავლობენ ყველაფერს, ღვინის ისტორიიდან დაწყებული, ღვინის დაყენება-ჩამოსხმით, მარკეტინგითა და მენეჯმენტით დამთავრებული, ხოლო კურსის ბოლოს იღებენ სერტიფიკატს. გარდა ამისა, უფროსკლასელი, რომელიც კურსის გავლის შემდგომ, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე ჩააბარებს უმაღლესი ქულით, წინანდლის ღვინის სკოლა აჯილდოებს 4 წლიანი სტიპენდიით.