მთაწმინდის პარკის ”ბომბორას” მენეჯმენტი მომხმარებლებს სპეციალურ პაკეტებს სთავაზობს.
რას მოიცავს სიახლე და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ ”მარკეტერი” პარკის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნათია ფარცხალაძეს ესაბურა. გასულ წელს პარკი ისევ გადაეცა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს. ახლა გენერალური დირექტორი ირაკლი სასანიაა.
მომხმარებელს ახალ პაკეტებს სთავაზობთ. რას მოიცავს თითოეული მათგანი?
არის ინდივიდუალური პაკეტი. მისი ღირებულება 25 ლარს შეადგენს. ბარათით სარგებლობს მხოლოდ ერთი ადამიანი, მთელი დღის განმავლობაში, შეუზღუდავად, მთაწმინდის პარკის ნებისმიერი ატრაქციონით. ასევე საოჯახო პაკეტი – ღირებულება 60 ლარი, რომელიც ვრცელდება 3 ადამიანზე. ყოველ დამატებით ვიზიტორზე, თითო ადამიანის ღირებულება შეადგენს 15 ლარს. ოჯახის წევრების მაქსიმალური რაოდენობაა 6 ადამიანი. აქციის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ერთი ბარათი. ასევე 20%-იანი ფასდაკლება პარკის რომელიმე რესტორანში. ფასში შედის ბარათის ღირებულება.
რატომ გადაწყვიტეთ ასეთი შეთავაზებების გაკეთება?
კვლევებმა აჩვენა, რომ მომხმარებლისათვის საჭირო იყო უფრო მორგებული და ხელმისაწვდომი ყოფილიყო მთაწმინდის პარკის მომსახურება. აქედან გამომდინარე, შევიმუშავეთ სრულიად ახალი სატარიფო სისტემა.
ეს არის უსასრულო გართობის პაკეტები როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური ვიზიტორებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს შვილებისთვის უარის თქმა აღარ მოუწევთ, ატრაქციონების გამოყენებას ბავშვები შეუზღუდავი რაოდენობით შეძლებენ.
თუ გაქვთ სტატისტიკა, რამდენი ვიზიტორი ჰყავს საშუალოდ პარკს დღის მანძილზე?
მთაწმიდნის პარკში ვიზიტორების რაოდენობა ზაფხულსა და ახალი წლის პერიოდში პიკს აღწევს. წელს მაქსიმალური რაოდენობა, დღეში 10 ათასი სტუმარი დაფიქსირდა.
უკვე ზამთარი მოდის, პარკში სეირნობის სეზონი ნაკლებად იქნება, რას შესთავაზებს პარკი მომხარებლებს?
ზამთრის სეზონს პარკი სიახლით ხვდება. გვექნება საციგურაო მოედანი, რომელიც კომპანია XTRAICE-მა დაამზადა. აღსანიშნავია, რომ იგივე კომპანიის საციგურაო მოედანია დისნეი ლენდში. გვექნება საშობაო სოფელი, მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა.
რადგან, პარკს სხვადასხვა ფენის მომხმარებელი ჰყავს, რამდენად მორგებულია ფასები ყველა სეგმენტზე (ატრაქციონების, კვების ობიექტების და ა.შ.)?
პარკში შემოსვლა უფასოა, ნებისმიერი შემოსავლის ადამიანს აქვს პარკში სეირნობის საშუალება. ატრაქციონების ფასები 60 თეთრიდან იწყება. კვების ობიექტების მრავალფეროვნება არჩევანის საშუალებას იძლევა.
როგორ მოძრაობს ამჟამად საზოგადოებრივი ტრანსპორტი პარკის მიმართულებით და ხომ არ აპირებთ რაიმე დამატებით შესთავაზოთ კიდევ მომხმარებლებს?
პარკის ცენტრალურ შემოსასვლელთან ჩერდება ავტობუსი. ჭონქაძის ქუჩიდან პარკში მოხვედრა ფუნიკულიორით არის შესაძლებელი. მომავალ წელს გაიხსნება საბაგირო, რომელიც სტუმრებს რუსთაველის ქუჩიდან ამოიყვანს.
კიდევ რა სიახლეს შესთავაზებთ მომხამრებლებს?
პარკი ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად განახლება ესაჭიროება. მომხმარებელიც ჩვენგან ყოველთვის სიახლეებს ელოდება. თბილისისა და რეგიონების მასშტაბით ჩატარებული კვლევების შედეგად ძალიან საინტერესო აღმოჩენები გავაკეთეთ. პარკი ამჟამად რებრენდინგის პროცესშია. მომხმარებელს მათივე მოთხოვნების შესაბამის ახალ მომსახურებებსა თუ ატრაქციონებს აუცილებლად შევთავაზებთ.