in

არის თუ არა განსხვავება დასაყენებელ და პაკეტის ჩაის შორის?

ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ პაკეტის ჩაი დასაყენებელთან შედარებით ნაკლებ ხარისხიანია და გემოებიც, ჩაიდანში თბილად დაყენებულ ჩაის უკეთესი აქვს, ვიდრე პაკეტისას. გადავწყვიტეთ, ამ თემასთან დაკავშირებით არსებულ მითებს, ფაქტებსა და ზოგად ინფორმაციებს გავცნობოდით და, რაღა თქმა უნდა, შემდეგ ყოველივე ეს თქვენთვისაც გაგვეზიარებინა.

როგორც აღმოჩნდა, ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ არაერთგვაროვანია და დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ვეკითხებით, რადგან ყველას, მათ შორის ჩაის ექსპერტებს, დამამზადებლებსა და რიგით მომხმარებლებს, განსხვავებული პასუხი აქვთ.

ზოგიერთი ჩაის მოყვარულის აზრით, ის ფოთლები, რომლებსაც პაკეტებისთვის გამოიყენებენ, დამუშავების განსხვავებულ მეთოდს გადის, რომლითაც ისინი უფრო მალე მწიფდება, მაგრამ არომატულობის გარკვეულ ნაწილს კარგავს. შეუფუთავი ფოთოლი კი მთელ თავის სიმდიდრეს ინარჩუნებს.

საინტერესოა, იყენებენ თუ არა ერთჯერადი ჩაის მწარმოებლები იგივე ხარისხის ფოთლებს რაც დასაყენებელი ჩაის შემთხვევაშია გათვალისწინებული? ჩაის სხვადასხვა ექსპერტი გვეუბნება, რომ პაკეტებში გამოყენებული ფოთოლი, ძირითადად, დაქუცმაცებული სახით გამოიყენება მაშინ, როცა დასაყენებელისთვის მთლიან ფოთოლს იყენებენ და ეს სულაც არ ნიშნავს პირველის უხარისხობას ან ცუდ არომატს, უბრალოდ არის სხვადასხვა ტექნოლოგია, რომელიც თვითონ პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე გამოიყენება ორივე შემთხვევაში.

როგორც წყაროებში ვკითხულობთ, დასაყენებელი ჩაი უფრო მსუბუქი სასმელია, ბევრი ისეთი ნიუანსით, რომელიც ერთჯერად ჩაიში არ იგრძნობა, მიუხედავად იმისა, რომ მიიჩნევა, თითქოსდა ამ უკანასკნელს უფრო ძლიერი გემო აქვს, მაგრამ ეს სიძლიერე პირიქით, ხელს უშლის ჩაის მოყვარულს, რომ კარგად შეიგრძნოს ყოველი დეტალი, რაც ნამდვილ ჩაის უნდა ჰქონდეს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ფოთლოვანი ჩაი უკეთ ცირკულირებს ჩაიდანში, ხოლო პაკეტებში ის ვერ ასწრებს კარგად მოხარშვას და გემოს გამოყოფას.

კიდევ ერთი საკმაოდ გავრცელებული კითხვაა, მზადდება თუ არა პაკეტის ჩაი მტვრისგან…

ჩაის პაკეტებზე საუბრისას საკმაოდ ხშირად გაიგონებთ სიტყვას “მტვერი”. ამბობენ, რომ ის მზადდება ნარჩენებისგან, რომლებიც ჩაის ფოთლების გადამუშავების მერე რჩება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ესეც მორიგი მითია. სინამდვილეში, მწარმოებლები სპეციალურად ცალკე ამუშავებენ ფოთლებს პაკეტებში მოსათავსებლად.

ჩაის პაკეტების სასარგებლოდ ისიც შეიძლება აღინიშნოს, რომ მისი კომპაქტური დიზაინი და მომზადების სისწრაფე ბევრი მომხმარებლისთვის არის პრიორიტეტული. მოგეხსენებათ, პაკეტის ჩაის მომზადებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება და არც განსაკუთრებულ ცოდნას მოითხოვს, განსხვავებით დასაყენებელი ჩაისგან, რომელსაც შედარებით მეტი მომზადების დრო აქვს და დაყენებასაც გარკვეული ცოდნა ესაჭიროება, რათა სასურველი არომატი მივიღოთ.

და მაინც რომელია უკეთესი?

ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ჩაის ამ ორ სახეობას შორის მხოლოდ დამზადების ტექნოლოგია და არომატულობის სიმძაფრე-ნაკლებობაა. სხვა დიდი განსხვავება მათ შორის, ფაქტობრივად, არ არსებობს.

ჩაის მოყვარულები და მცოდნეები გვეუბნებიან, რომ დასაყენებელი ჩაი ყოველთვის ხარისხიანს, ხოლო პაკეტისა უხარისხოს, ცხადია არ ნიშნავს. აქ ყველაზე ყურადსაღები არის მწარმოებელი და წარმოშობის ქვეყანა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელ ფოთლებს იყენებს ჩაის დამამზადებელი კომპანია, რადგან ითვლება, რომ ჩაის ყლორტის ზედა ფოთოლი საუკეთესო სასმელს გვაძლევს, ხოლო ქვედა ფოთლები, ცუდი არ არის, მაგრამ შედარებით დაბალი ხარისხით გამოირჩევა. ისინი კი, როგორც დასაყენებელი, ისე ერთჯერადი ჩაის დასამზადებლად შეიძლება გამოიყენონ.

საქართველოში არაერთ ფოთლოვან და პაკეტის ჩაის ნახავთ, როგორც მაღაზიების დახლებზე, ისე სხვადასხვა გასართობ ობიექტში. ჩვენთან როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი ჩაის მრავალი არჩევანია, ასე რომ, თუკი აქამდე არ იცოდით, რატომ უნდა აგერჩიათ დასაყენებელი ან პაკეტის ჩაი, როგორც ამას გავრცელებული ხმები გვკარნახობენ, სტატიის წაკითხვის შემდეგ, ალბათ ყველაფერი ნათელი გახდა და არჩევანს თამამად, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ გემოვნებაზე დაყრდნობით გააკეთებთ.

რუბრიკის წარმდგენია მანნა.

ჩინეთში ,,ხელოვნური მზე’’ 70 მილიონ ცელსიუსზე, 1056 წამით ჩართეს

მეტავერსში საახალწლო კონცერტებმა წარუმატებლად ჩაიარა