in

რითაა განსხვავებული დიდი კომპანიების ჰიბრიდული სამუშაო კულტურა?

დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლით უამრავი ადამიანი მის უპირატესობებში დარწმუნდა. მათ უმეტესობას, შესაძლოა, პანდემიამდე ამ მოდელზე არასდროს ჰქონდა ნაფიქრი, თუმცა პოსტკოვიდურ პერიოდში სახლიდან მუშაობა ყველაზე მოსახერხებელ რეჟიმად იქცა. მსოფლიოში გლობალური ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურებასთან ერთად, კომპანიების ნაწილმა ოფისში დაბრუნება გადაწყვიტა. თუმცა, იმ თანამშრომლებს, რომლებიც დისტანციური რეჟიმით „მოიხიბლნენ“ არ სურთ 2019 წელში გადაინაცვლონ და უპირატესობას სახლიდან მუშაობას ანიჭებენ. ასეთ შემთხვევებში, ძირითადად, გამოსავალი ჰიბრიდული რეჟიმია. McKinsey-ის კვლევამ, რომელშიც 800 კორპორატიული აღმასრულებელი დირექტორი იღებდა მონაწილეობას, გვიჩვენა, რომ ჰიბრიდული სამუშაო მოდელი სამომავლოდ, სავარაუდოდ, ნორმა გახდება.

ჰიბრიდული სამუშაო კულტურის შესაქმნელად, ყველაზე რთული და აუცილებელი, თანამშრომლებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფაა. იმის მიუხედავად, თუ სად იმყოფებიან ისინი, თითოეულს უნდა ჰქონდეს წვდომა ერთსა და იმავე ინფორმაციაზე, ადამიანებზე, სამუშაო ინვენტარსა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობებზე. ეს კი ხელმძღვანელობის თანმიმდევრულ მოქმედებას სხვადასხვა ფრონტზე მოითხოვს.

ქვემოთ მოცემულია ის განსხვავებული მიდგომები, რომლებსაც ჯანსაღი ჰიბრიდული სამუშაო კულტურის ჩამოყალიბება მოითხოვს. მოცემული ნაბიჯების გადადგმა, ჰიბრიდულ რეჟიმში თანამშრომლებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ.

დანერგეთ ასინქრონული კომუნიკაციის მეთოდი

რთული, თუმცა აუცილებელია, რომ სამუშაო პროცესში ყველასთვის თანაბარი ჩართულობა უზრუნველყოთ, იმის მიუხედავად, საიდან ერთვება თანამშრომელი. ამისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში სჯობს, სინქრონული პლატფორმები ასინქრონულით მიზანმიმართულად ჩაანაცვლოთ. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა დროის ზონაში მყოფი გუნდები წერილობით ან ჩაწერილ კომუნიკაციაზე გადავიდნენ. თუმცა, ზოგჯერ რთული ან გადაუდებელი საკითხის განსახილველად, საჭიროა სინქრონული შეხვედრებიც. ამისთვის, უნდა შეარჩიოთ ტექნოლოგიები, რომლებიც ყველაზე მეტად მოერგება თქვენი საქმის სპეციფიკას. მაგალითად,  როგორიცაა Zoom, თავისი ჩაწერის ფუნქციით, Google Doc ტექსტურ მასალაზე ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობით და ა. შ.

განსაზღვრეთ კომუნიკაციის საზღვრები

დისტანციური მუშაობის დროს, ხშირად გაუგებარია, კოლეგები სასაუბროდ ან დავალებაზე ფოკუსირებისთვის როდის არიან ხელმისაწვდომები, რაც შეფერხებებს და უხერხულ კოლეგიალურ საუბრებს იწვევს. ასეთი არეულობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ორი რამ მოიმოქმედოთ.

დააწესეთ ჩართულობის წესები თითო პლატფორმაზე

დისტანციურად მუშაობა მოიცავს მიმოწერას, ვიდეოზარებსა და დოკუმენტაციის ნავიგაციას, სხვადასხვა დონის პრიორიტეტითა და გადაუდებლობით. იდეალურ შემთხვევაში, გუნდებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, რა მოლოდინი აქვს თითოეულ თანამშრომელს. მაგალითად, არის თუ არა ინდივიდი ვალდებული უპასუხოს ტექსტურ შეტყობინებას არასამუშაო საათებში? თუ არა, სხვები ვერ დაელოდებიან მყისიერ პასუხს მაშინ, როცა კოლეგის სამუშაო საათები დამთავრდა. გარდა ამისა, ახალი წესების შემოღებით პასუხები უნდა გაეცეს ისეთ კითხვებს, როგორიცაა მაგალითად – სავალდებულოა თუ არა თანამშრომლებისთვის ყველა შეხვედრის ჩანაწერის ყურება? ვისთვის რა ინფორმაციაზე წვდომაა სავალდებულო და რა – არჩევითი? და ა.შ.

დააზუსტეთ სამუშაო საათები

თანამშრომლებმა მკაფიოდ უნდა მონიშნონ კალენდარში, რომელია მათი სამუშაო საათები. ასეთი ინფორმაცია, მათ შორის შვებულების თარიღები, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა კოლეგისთვის. მაქსიმალური ზრუნვა იმაზე, რომ არავინ გააკეთოს საქმე არასამუშაო საათებში და არ მიიღოს ზარი სამსახურიდან, როცა შვებულებაშია და პლაჟზე ირუჯება, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს თანამშრომელთა მუშაობის ხარისხს.

იზრუნეთ არქივის შექმნაზე

თითოეული შრომის პროდუქტის შენახვა, რომელიც  სამუშაო პროცესში ყოველდღიურად იქმნება და მათზე მარტივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, მოხერხებული სამუშაო მოდელის ჩამოსაყალიბებლად. ცხადია, საუბარია არქივზე ციფრულ სივრცეში, სადაც ნებისმიერ თანამშრომელს ექნება წვდომა წარსულში განხორციელებულ პროექტებზე – ტექსტურ თუ ვიზუალურ ნამუშევრებზე. არქივის წარმოება ქმნის ისტორიას. თითოეული ახალი თანამშრომელი, რომელიც ჩახედავ კომპანიის ისტორიას, საქმეზე უკეთ ადაპტირდება და სამუშაო გუნდის ორგანულ წევრად გაცილებით მარტივად ჩამოყალიბდება. გარდა ამისა, ნებისმიერ დროს, წარსულში გაკეთებული რამ, შესაძლოა, რელევანტური აღმოჩნდეს დღევანდელი საქმისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო დიდია არქივი, მით მეტად შეუძლია სამუშაო პროცესის გამარტივება და მისი მოქნილობის უზრუნველყოფა.

შეიმუშავეთ სამაუწყებლო კომუნიკაციის მეთოდები

ოფისებში ინფორმაციის გავრცელება პირისპირ შეხვედრებით ხდებოდა, რაც კომუნიკაციის ოპერატიულობასა და ეფექტურობას უზრუნველყოფდა. თუმცა, არა დიდი კორპორაციების შემთხვევაში. ჰიბრიდული რეჟიმის პირობებში, სადაც გაურკვევლობით გამოწვეული შეფერხებები ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, აუცილებელია პირდაპირი კომუნიკაციის უზრუნველყოფა. არსებობს ინფორმაცია, რასაც ყველა უნდა გაეცნოს, მაგალითად, კვირის სამუშაო გეგმა. ჩამოწერეთ ის ერთად და მიეცით თითოეულ თანამშრომელს წვდომა. ასევე, ლიდერებს შეუძლიათ შექმნან რეგულარული, პერსონალური დოკუმენტები, რომლებსაც ინდივიდებსა თუ სხვადასხვა გუნდს გადასცემენ. თანამშრომლებს უნდა შეეძლოთ, პირდაპირ შეკითხვების დასმის გარეშე დახედონ ინფორმაციას, რომელიც სამუშაოს დაგეგმვაში და პრიორიტეტების განაწილებაში დაეხმარებათ.

განსაზღვრეთ სამუშაო პლატფორმები და უზრუნველყავით თანამშრომელთა სამუშაო ინვენტარი.

ეფექტური დისტანციური მუშაობა მოითხოვს, რომ ყველამ გამოიყენოს საერთო პლატფორმა სამუშაოდ. მაგალითად, როგორიცაა Miro, სადაც დისტანციურ ჯგუფებს შეუძლიათ ერთად დახატონ ესკიზები ან Google Doc, სადაც ტექსტზე ერთობლივად შეიძლება მუშაობა.

გარდა ციფრული სივრცის პლატფორმებისა, თანამშრომლებს მოეთხოვებათ იმუშაონ სახლიდან, საოფისე ინვენტარის გარეშე. მათ უწევთ იმავე საქმის კეთება, რასაც აკეთებდნენ, სათანადო, ერგონომიული საოფისე ავეჯის, ფართოეკრანიანი მონიტორებისა და შეხვედრების ოთახების გარეშე, კარგი A/V აღჭურვილობით. მრავალი კომპანია სახლიდან მომუშავე თანამშრომლებს, ფინანსურ დახმარებას სამუშაო ინვენტარის შესაძენად სთავაზობს. სრულად დისტანციური კომპანიებისთვის ეს ხარჯი გაცილებით მარტივი გადასახდელია, რადგან ოფისის იჯარაზე ფული არ ეხარჯებათ. თუმცა მიუხედავად ნებისმიერი სირთულისა, ჰიბრიდულ რეჟიმში მომუშავე კომპანიის პასუხისმგებლობაა, თანამშრომლებს ვალდებულების ეფექტურად შესრულებაში, ხელი მხოლოდ იმის გამო არ შეეშალოთ, რომ შესაბამისი ტექნიკა ან სხვა ისეთი სამუშაო ინვენტარი არ აქვთ, რომელიც მოიპოვება.

 

წყარო: HBR



“Horridus” — ტრიცერატოფსის ყველაზე სრულყოფილი ნამარხი ისტორიაში

რატომ აღიქვამენ უსინათლო ადამიანები შეგრძნებებს უფრო მძაფრად? — კვლევა