9
Dec
2019

Garage48 თბილისში – 48 საათიანი ჰაკათონის გამარჯვებულები ცნობილია! 

9 Dec 2019

Garage48-ის და Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებული 48 საათიანი ჰაკათონი დასრულდა – პროგრამისტებმა, დიზაინერებმა, მარკეტერებმა, მეწარმეებმა, პროექტის მენეჯერებმა კრეატიული იდეებით სამუშაო პროტოტიპები შექმნეს. ჰაკათონში 100-ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული. ისინი ორი დღის განმავლობაში, საერთაშორისო და ადგილობრივ მენტორებთან ერთად, ინტენსიურად მუშაობდნენ იდეების განვითარებაზე.

„48 საათიანი ჰაკათონი, ამბიციური და ინოვაციური იდეებით, დასრულდა. უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.

  • I ადგილი – Directionary – პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს წვდომას ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებთან.
  • II ადგილი – Symphony of Emotions – ონლაინ აპლიკაცია, რომელიც გარდაქმნის ემოციებსა და ხასიათს მუსიკალურ ბგერებად.
  • III ადგილი – VISU – საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ბავშვებს უღვივებს ინტერესს სამეცნიერო საკითხების მიმართ“.

პირველ ადგილს გადაეცა ფულადი ჯილდო „სტარტაპერისგან“. ორგანიზაციამ „ღია მოძრაობა ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად“ დააჯილდოვა მეორე ადგილის მფლობელი Symphony of Emotions, რომელმაც საუკეთესო ინოვაციური პროტოტიპი შექმნა ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.

„ღია მოძრაობა არის ინიციატივა, რომელიც ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა და მხარს უჭერს ღია, სტიგმისგან თავისუფალ გარემოსა და ღია საუბრებს ფსიქიკური ჯანმრთელობის თემაზე“.

Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც მიზნად ისახავს, მობილური და ვებ აპლიკაციების მეშვეობით, ახალი სტარტაპების გაჩენას. ამ ინიციატივას საფუძველი 2010 წლის აპრილში ესტონეთში ჩაეყარა და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება.

„წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი. პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ“.

 

პროექტის ორგანიზატორები არიან: Garage48, Impact Hub Tbilisi. პროექტის მხარდამჭერები – „სტარტაპერი“, “ღია მოძრაობა ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად”, ესტონეთის განვითარების სააგენტო.

„საქართველო 2006 წლიდან  წარმოადგენს – პრიორიტეტულ ქვეყანას „განვითარების სფეროში თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში. ქვეყნის სტრატეგიის დოკუმენტის  მიხედვით, ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: დემოკრატიული სახელმწიფო სტრუქტურებისა და სისტემის გაძლიერება,  განათლების დონის ამაღლება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ამას გარდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ადამიანის უფლებებს, გარემოს დაცვას, და სხვა. 2012 წლიდან დღემდე „განვითარების სფეროში თანამშრომლობის“ პროგრამის  ფარგლებში საქართველოში განხორციელდა 100 პროექტი“, – ამბობენ ესტონეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

 

განხილვა