17
ივლ
2017

ქართული აუთდორ მედიის სპეციფიკა და რჩევები გარე რეკლამის განთავსების მსურველებს

17 ივლ 2017

თანამედროვე სამყაროში, ციფრული კომუნიკაციების ეპოქაში, ინტერნეტ რეკლამა პროგრესულად პრიორიტეტულ მიმართულებად გვესახება, თუმცა, მიუხედავად ამისა, აუთდორ მედია მას კონკურენციას უწევს და ქართულ კომპანიებს შორის დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ყოველდღიურად, ქუჩაში მანქანით თუ ქვეითად მოძრაობისას გვხვდება მრავალი ბილბორდი, ციფრული მონიტორი, ავტობუსის მოსაცდელებზე განთავსებული პოსტერი თუ არასტანდარტული სარეკლამო კონსტრუქცია. გარე რეკლამის ბაზარზე მომუშავე სარეკლამო კომპანიებს აქვთ შემუშავებული ამა თუ იმ ადგილზე რეკლამის განთავსების სტრატეგია, რის მიხედვითაც სთავაზობენ კლიენტებს ხელსაყრელ ადგილმდებარეობას. გარე რეკლამის მიმართულებით, საქართველოში რამდენიმე კომპანია მუშაობს, მათ შორის ერთ-ერთ წამყვანი ორგანიზაციაა „ალმა“, რომელიც 1995 წლიდან არსებობს. მისი მომსახურების მიღება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით. საინტერესოა, რა ტენდენციები იკვეთება გარე რეკლამასთან დაკავშირებით საქართველოში, როგორი კომპანიები სარგებლობენ მომხმარებელთან კომუნიკაციის ამგვარი სტრატეგიით და როგორი უნდა იყოს ეფექტური გარე რეკლამა? ამ კითხვებზე მარკეტერს „ალმას” ბიზნესის განვითარებისა და გაყიდვების მენეჯერმა – მარიამ ქუთათელაძემ უპასუხა, რომელსაც მარკეტინგისა და სარეკლამო სფეროში მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება აქვს. 

statiebi-bog

 

M: რა ინფორმაცია აქვთ გარე რეკლამის შესახებ ქართულ კომპანიებს?
აუთდორ მედიის ეფექტურობა დღითი დღე იზრდება და ამას ჩვენი დამკვეთებიც ხედავენ. ავტობუსის მოსაცდელების შეთავაზება რომ დავიწყეთ, ქართული თუ საერთაშორისო ბრენდებისთვის – ეს მედია აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო მათთვის მომხმარებელთნ კომუნიკაციისთვის და მათი ეფექტურობა ხომ საერთოდ. დღეს კი ეს ბრენდები ავტობუსის მოსაცდელებზე აქტიურად არიან განთავსებულები. ზოგიერთ კომპანიას გარე მონიტორებზე რგოლის განთავსება წარმოუდგენლად მიაჩნდა, თუმცა, დღეს ეს დამკვეთები ჩვენს სარეკლამო მონიტორებს აქტიურად იყენებენ.

M: შეიმჩნევა თუ არა თქვენი მომსახურებით სარგებლობის მსურველთა ერთგვარი ტენდენცია? რამდენად მსგავსი ვიზუალები ახასიათებთ დამკვეთებს, რომელი ინდუსტრიები იკვეთება ყველაზე მეტად?
მცირე თუ მსხვილი ბიზნესი, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურები, HoReCa, ნავთობ კომპანიები, საკომუნიკაციო ქსელები, ალკოჰოლი, თამბაქო, ჰიპერმარკეტები და სუპერმარკეტები, გასართობი ცენტრები, გემბლინგი, საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორი, დეველოპერული კომპანიები, აფთიაქები, კლინიკები, ტელევიზიები და სხვა საცალო ვაჭრობა/მომსახურების ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბრენდები – ეს ის ჩამონათვალია, ვინც დღეს ჩვენი სხვადასხვა სარეკლამო პროდუქტით სარგებლობს. 
ბანერებსა  და მონიტორებზე ასრებულ რეკლამას მომხმარებელი 3-4 წამის განმავლობაში აღიქვამს შესაბამისად ნაკლები ტექსტი და მარტივი ვიზუალი, ნაკლები ფერები, და ფონტის ზომაც აღსაქმელი და გარჩევადი უნდა იყოს. სწორედ ამ მიზეზებმა ნელ-ნელა წამოწია მინიმალისტური ვიზუალის ტრენდიც.

M: არსებობს შეხედულება გარე რეკლამის განთავსების მაღალ ფასთან დაკავშირებით, რის გამოც მცირე კომპანიები ვერ ახერხებენ რეკლამის ამ მეთოდით სარგებლობას..
ამ სტერეოტიპის დანგრევას ცდილობს „ალმა”. დღეს გამოჩნდა უამრავი მცირე ბიზნესის წარმომადგენელი ჩვენს სარეკლამო ადგილებზე და აქვს შესაძლებლობა გააკეთოს OOH (Out of Home) რეკლამა. გარე რეკლამა ასოცირდებოდა ძვირადღირებულ მედიასთან, თუმცა ჩვენი პროდუქტების მრავალფეროვნებით, მივეცით საქართველოში არსებულ ყველა ბრენდს თავისი სარეკლამო ბიუჯეტის მიხედვით ნებისმიერი გარე რეკლამის განხორციელების შესაძლებლობა. ასე რომ, ცნობადობის ამაღლება  და TOM (Top of Mind) ბრენდად ქცევა დღეს საქართველოში არსებულ ყველა კომპანიას როგორც დიდს, ასევე პატარას, შეუძლია.

M: რის მიხედვით ირჩევთ/სთავაზობთ სტრატეგიულ ადგილებს გარე რეკლამისთვის? თუ არის ნაკვლევი ამა თუ იმ ადგილის სტრატეგიულობა და თუ აპირებთ გაზომვებს, ამ მხრივ, მომავალში?
დამკვეთების მრავალფეროვანი ინდუსტრიებიდან გამომდინარე, თითოეული სარეკლამო ადგილი სტრატეგიულია და განსაზღვრულია კონკრეტულ დროს კონკრეტულ მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის. რაც შეეხება კვლევას, ალმა ხელმძღვანელობს საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოების მიერ – Lamar, JCDecaux – საერთაშორისო ბაზრებზე ჩატარებული კვლევებით და არგებს საქართველოში არსებულ რეალობას. ყოველთვის არ არის გამართლებული, თუმცა ტენდენციები და ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები, გვაჩვენებს, რომ ჩვენც სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ, რაც დიდ ევროპასა და ამერიკაში ხდება გარე რეკლამის ბაზარზე, რომელიც დღითიდღე ყველაზე ეფექტური მედია ხდება მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ.

საერთაშორისო კონფერენციებს და გამოფენებს, როგორიც არის Amsterdam Digital Signage Expo და  Shanghai Ad & Sign Expo აქტიურად ვესწრებით, რომ ახალ პროდუქტებს და ტენდენციებს არ ჩამოვრჩეთ. კონკრეტული ამთვლელები ჯერ-ჯერობით ამ ინდუსტრიაში სამწუხაროდ არ არსებობს. თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი სარეკლამო პროდუქტების მიხედვით, მაგალითად ავტობუსის მოსაცდელების შემთხვევაში, ვიყენებთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ ინფორმაციას, თუ რამდენი მგზავრი გადაადგილდება ამა თუ იმ ტრანსპორტით. ასევე ჩვენი დამკვეთების მოთხოვნიდან გამომდინარე, ავტომობილის გადაადგილება იქნება თუ ხალხის მოძრაობა კონკრეტულ მონაკვეთზე, ვცდილობთ სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სექტორს მივმართოთ რომ მაქსიმალური ინფორმაცია მოვიძიოთ ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ცდომილებასაც არ გამოვრიცხავთ ამ ციფრებში და ამას კლიენტებთანაც გახსნილად ვაფიქსირებთ.

 

M: რა პრობლემები და გამოწვევებია გარე რეკლამის მხრივ საქართველოში?
პრობლემა იყო დამკვეთების ნაკლები ინფორმირებულობა გარე რეკლამასთან დაკავშირებით და დღეს ეს პრობლემა ნაკლებად არის. გამოწვევებს რაც შეეხება, ინტერენტ რეკლამასთან გვიწვევს კონკურენციის გაწევა და ეს კარგიც არის, რადგან ამ დროს მუდმივი სიახლის შეთავაზების პროცესი არ ჩერდება ჩვენი მხრიდან და დამკვეთებისთვის უფრო საინტერესო მედია ვხდებით.

M: თქვენი რეკომენდაციები გარე რეკლამის განთავსების მსურველებს.. როგორი უნდა იყოს ეფექტური ბეჭდური რეკლამა?
ფონტის ზომა და ვიზუალის კონტენტი დამოკიდებულია სარეკლამო კონსტრუქციის ტიპზე, მოცულობასა და მისი განთავსების სიმაღლეზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ბანერებსა  და მონიტორებზე ასრებულ რეკლამას მომხმარებელი 3-4 წამის განმავლობაში აღიქვამს, შესაბამისად ნაკლები ტექსტი და მარტივი ვიზუალი, ნაკლები ფერები, და ფონტის ზომაც აღსაქმელი და გარჩევადი უნდა იყოს. ავტობუსის მოსაცდელებსა და ქუჩის ლაითბოქსებზე ტექსტის მოცულობის მხრივ უფრო თავისუფლები ვართ, თუმცა გადატვირთულობა არც აქ არის სასურველი. მეტი ტექსტის შესაძლებლობა იმიტომ გვაქვს, რომ ეს კონტრუქციები არის თვალის სიმაღლეზე, ასევე უფრო მეტი დრო (საშუალოდ 10-15 წუთი) აქვს მომხმარებელს მისი აღქმის და წაკითხვისთვის. ფერებს რაც შეეხება, წითელი, შავი, თეთრი, ლურჯი და მკვეთრი მწვანე ფერები არის ეფექტური.

 



განხილვა