in

ქართულად გამოცემული წიგნები და გარეკანის რამდენიმე გამორჩეული დიზაინი

წიგს გარეკანით არ აფასებენ, მაგრამ მის დიზაინზე მაინც განსაკუთრებით ზრუნავენ ხოლმე გამომცემლობებში. თითქოს, ხელოვნების ცალკეულ მიმდინარეობადაც კი ჩამოყალიბდა — ნაწარმოების სიმბოლური თუ მინიმალისტური ვიზუალიზაცია საინტერესოა როგორც ავტორისთვის, ისე დიზაინერისა და მკითხველისთვის. შეიძლება ითქვას, გარეკანი შესავლამდე არსებული „შესავალია“, რომელიც გვიბიძგებს, თაროზე უამრავ წიგნს შორის მაინცდამაინც ერთ კონკრეტულს მოვკიდოთ ხელი, გადავშალოთ და სიტყვების უნიკალურ წყობაში გადავეშვათ.

შეუძლებელია, მსოფლიოში მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში გამოცემული წიგნების ყდებს ერთად მოვუყაროთ თავი… ამიტომაც, სტატიაში ქართულად გამოცემული წიგნების გარეკანის რამდენიმე გამორჩეულ დიზაინს გაგიზიარებთ.

გაბო — გაბრიელ გარსია მარკესი

ვინაიდან ახლა გრაფიკულ რომანზე ვსაუბრობთ, რომელიც დიდებული მარკესის ცხოვრებას ეხება, გარეკანზეც ეს გრაფიკული ხასიათია გადმოტანილი. წიგნის მიზანია, გრაფიკის მეშვეობით გააცნოს მკითხველს ის ცხოვრებისეული ეპოპეა, რამაც პატარა არაკატაკელი ბიჭი ლიტერატურის ცოცხალ ლეგენდად აქცია. მას მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდის ცხოვრების გზის ამსახველ გრაფიკულ შედევრსაც უწოდებენ…

სიმბოლურად, გარეკანზეც შენარჩუნებულია რომანის ძირითადი ხასიათი და გამოკვეთილია რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი.

დედაქალაქი — რობერტ მენასე

თანამედროვე ავსტრიელი მწერლის – რობერტ მენასეს „დედაქალაქი“ წლის საუკეთესო გერმანულენოვან რომანად აღიარეს 2017 წელს. წიგნში უამრავი ქაოსური ხაზი ვითარდება, ძალიან ბევრი პრობლემაა თავმოყრილი და მათში გარკვევა საკმაოდ რთულია. ბრიუსელის მთავარ სადარდებლად კი ღორისთვის სახელის შერჩევა იქცა, რომელიც ქალაქის ქუჩებში დაშლიგინებს… რა თქმა უნდა, ამას უდიდესი სიმბოლური დატვირთვაც აქვს, ხოლო გარეკანზე ასეთი გაზეთური ვიზუალის გამოტანა, რომელიც ერთგვარ ინტრიგას იწვევს პოტენციურ მკითხველში, საინტერესო გადაწყვეტას წარმოადგენს.

დიდებული გეტსბი — ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

მდიდრული წვეულებები, რიტმ-ენდ-ბლუზისა და ბუტლეგერობის ეპოქა, სულიერ ფასეულობებს მოკლებული და ზედაპირულ გართობებში გადაშვებული ადამიანები, რომლებიც ყოფის აუტანლობას ყოველდღიურ სმასა და ცეკვაში ახშობენ… ასეთია რომანის ძირითადი სარჩული, მის ფონზე კი ჯეი გეტსბის ძველი სასიყვარულო ისტორია იწყებს განვითარებას, დეტექტივისმაგვარი დრამატურგიით.

ამ ახალი გამოცემის გარეკანზე იდეალურადაა წარმოდგენილი ჯეის სევდა, რომელიც უდიდესი, განათებული სასახლის წინაშე სრულიად მარტოა დარჩენილი. კონტრასტული და ერთგვარი ნეგატივ ფერებითაც მეტადაა გამოკვეთილი ეს სიმძაფრე.

ქალი ქვიშაში — კობო აბე

კობო აბეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა და არაერთი ლიტერატურული პრემიითაც დაჯილდოვდა. მისი მთავარი გმირი მარტოსული ადამიანია — ქვიშაში ჩაფლულ სოფელში ცხოვრობს და ამ ქვიშის ტყვეობიდან თავის დახსნას ყველანაირი ხერხით ცდილობს, რათა ნორმალურ ცხოვრებას და საკუთარ საქმეს დაუბრუნდეს.

აქ ქვიშა პარადოქსის სახითაა სიმბოლიზებული — ის განასახიერებს თავისუფლებას, რომელიც ადამიანს სწყურია, მაგრამ ამავდროულად ატყვევებს და ანადგურებს… აღნიშნული გამოცემის გარეკანზე კი ეს ტყვეობის განცდა იდეალურადაა წარმოჩენილი — უყურებ და ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს სუნთქვა გეკვრის; თავადაც იქ ხარ, ქვიშის ფენებს შორის, ამ ქვიშის დინება კი ისა ქვემოთკენ მომართული, ზემოთ ასვლის გზას ვერც კი ხედავ. მსგავსი ეფექტის მისაღწევად, მარტივი გრაფიკული ხაზებია გამოყენებული.

ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო

ეს არის ქართული მითების მაგიური სამყარო, სადაც შეხვდებით ტყის დედოფალ ტყაშმაფასა და ღრუბლების მბრძანებელ ელიას; შეიტყობთ, როდის ამოდიან ზღვიდან მესეფენი და რატომ იყო თეთრი მანგური იღბლიანი, როგორ დაამარცხეს იახსარმა და კოპალამ დევები, რისი ეშინიათ ჭინკებს, რატომ იქცა ლამაზი ახალგაზრდა მჭედელი პირქუშად და როგორ დააღწია თავი ხოგაის მინდიმ ქაჯებს, მიჯაჭვულმა ამირანმა კი ხანგრძლივ ტყვეობას.

გაიცნობთ ქართული მითოლოგიის ოც გამორჩეულ გმირს და მათი სამყაროს: დალი, ბეთქილი, თეთრი მანგური, ტყაშმაფა, ოჩოპინტრე, ოჩოკოჩი, მესეფენი, ალი, წყარიშდიდა, დევი, კოპალა, იახსარი, ნაწილიანი, პირქუში, ამირანი, ყურშა, ჭინკა, ხოგაის მინდი, კუდიანი, ელია.

თემატურად, გარეკანზეც ამ გმირების ვიზუალებია წარმოდგენილი, რაც წიგნის მისტიკურ ხასიათს სიმბოლურად გამოკვეთს.

ათასი მოელვარე მზე — ხალიდ ჰოსეინი

„ათასი მოელვარე მზე“ მსოფლიო ბესტსელერების ავტორის – ხალიდ ჰოსეინის რომანია, რომელიც მწერალმა ავღანელ ქალებს მიუძღვნა. ესაა წიგნი უფლებაწართმეული ქალების ყოველდღიურობაზე, ოჯახში ძალადობაზე, „თალიბანის“ სისასტიკეზე, ლტოლვილთა გაუსაძლის ყოფასა და ქვეყანაზე, რომელსაც გამუდმებით მტრის ბომბები აცვივა, მაგრამ შაჰრ-ე ზოჰაქის დაზიანებული კედლებივით ისევ მყარად დგას.

ქალები აქ განათლებისა და თავისუფლებისაკენ ისწრაფვიან, ჩამოყრილ ჭურვებში კი ყვავილებს ახარებენ. წიგნის გარეკანზეც ეს ამბავია გადმოცემული — მკითხველი თავიდანვე ხვდება, რომ ნაწარმოებში ომი და ყოველდღიური ცხოვრების მშვენიერება მუდმივ ჭიდილში იქნება ერთმანეთთან… როდესაც ადამიანებს მშვიდობით, სილამაზით ტკბობა სურთ და სანაცვლოდ ჭურვებს იღებენ, ქალები გამოსავალს აქაც პოულობენ.


რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი

#ვისაუბროთწიგნებზე

ავტორი: ქეთია ბელქანია

ბიტკოინი 15 წლის გახდა: „თეთრი ფურცლით“ დაწყებული ახალი გვერდი ისტორიაში

2024 წელს NASA „მზესთან შეხებას“ აპირებს!