in

რეკრეაციული და ეროვნული პარკების მნიშვნელობა გარემოს კეთილდღეობისთვის

ჩვენი გარემოს კეთილდღეობაზე ყველაფერი თავისებურ როლს თამაშობს, მათ შორის, პარკები და რეკრეაციული ზონები. მათი არსებობა მნიშვნელოვანია ჯანსაღი ეკოსისტემების შენარჩუნებაში, სუფთა წყლისა და სუფთა ჰაერის უზრუნველყოფაში და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციაში. გარდა ამისა, მათი გაშენება რაც შეიძლება მეტ ადგილას, ხელს უწყობს ღია სივრცეების არსებობას მიმდინარე და მომავალი თაობებისთვის. ის არა მხოლოდ ბუნებისთვისაა კარგი, არამედ ადამიანების ცხოვრების ხარისხსაც აუმჯობესებს. იმ ადამიანებმა, რომლებიც პარკებსა და მოსასვენებელ მწვანე ზონებს აშენებენ, იმაზეც უნდა იზრუნონ, რომ დააკავშირონ მოზარდები და ახალგაზრდები ბუნებასთან, ხელი შეუწყონ განათლებას ამ მიმართულებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, თუნდაც პატარა მწვანე სივრცის არსებობა ჩვენს გარემოში.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ სტანდარტული, ქალაქის პარკების გარდა, ბუნებისა და გარემოს დაცვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ცენტრალურ პარკებსაც. ეროვნული პარკები ის ადგილია, რომლებიც ბუნებრივ მემკვიდრეობას იცავს: განსაცვიფრებელ პეიზაჟებს, არაჩვეულებრივ ველურ ბუნებასა და დიდებულ ტყეებს. 

სხვა დაცულ ტერიტორიებთან ერთად ისინი ჩვენი ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის საფუძველს ქმნის, ყოველწლიურად იზიდავს მილიონობით ვიზიტორს და ხელს უწყობენ უნიკალური ველური ბუნების დაცვას, საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისთვის ეროვნული პარკების ერთგვარი თავშესაფარია. მიუხედავად იმისა, რომ მათი მთავარი მიზანი ბიომრავალფეროვნების დაცვაა, ეროვნული პარკები ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და ჯანმრთელობის სარგებელსაც იძლევა. მომავალი თაობები იმსახურებენ უფლებას, იხილონ ის ბუნებრივი ფასეულობები ხელუხლებელი და დაცული, რომლებსაც ჩვენ დღეს ვხედავთ.

რა სჭირდება გარემოს იმისთვის, რომ იყოს ჯანსაღი

  • ნახშირბადის შემამცირებელი მდგრადი ლანდშაფტების უზრუნველყოფა, რომელიც ასუფთავებს ჰაერსა და წყალს, ავსებს წყალსატევებს, ამცირებს ქარიშხლის ჩამონადენს და იცავს ველური ბუნების ჰაბიტატს;
  • საზოგადოებისთვის ბუნებასთან ურთიერთობის გამოცდილება და ადამიანების უსაფრთხო, ხელმისაწვდომ და ჯანსაღ გზებზე წვდომის შეთავაზება;
  • ეკონომიკური სარგებელი, რომელიც მოდის გარე დასვენების კარგი პირობებისგან;

ცხადია, გარემოს სიჯანსაღისთვის კიდევ ბევრი სხვა ფაქტორია გასათვალისწინებელი, თუმცა ეს ის ჩამონათვალია, რომელიც უშუალოდ ეროვნული პარკების არსებობის უპირატესობებთან არის დაკავშირებული. 

ჯანმრთელობა და გარემოსდაცვითი სარგებელი

პარკები და დასასვენებელი ადგილები ხშირად გამოიყენება ბუნებასთან ურთიერთობისთვის, სავარჯიშოდ, სამედიტაციოდ, საკომუნიკაციოდ…ეს ის აქტივობებია, რომლებიც ჯანსაღი გარემოს არსებობას უწყობს ხელს. გარემოს დაცვაში არ შედის მხოლოდ ნარჩენების მენეჯმენტი და ჰაერის დაბინძურების დონის გაზომვა. გარემო შეიძლება იყოს ნებისმიერი ადგილი, ნებისმიერი საზოგადოება, ნებისმიერი აქტივობა შეიძლება იყოს გარემოს დაცვისთვის სასარგებლო ან პირიქით, ზიანის მომტანი. გამომდინარე აქედან, თითოეული ლოკაცია და ქცევის ფორმები, რომლებიც ამ ლოკაციაზეა გავრცელებული, ზოგადი ეკოსისტემის ბედზე სერიოზულ გავლენას ახდენს. 

პარკებში ადამიანები ხშირად დადიან იმისთვის, რომ იყვნენ ფორმაში და შეინარჩუნონ ჯანმრთელობა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის კვლევების თანახმად, ფიზიკურად აქტიური ადგილების შექმნას, გაუმჯობესებას და ხელშეწყობას შეუძლია, გააუმჯობესოს ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და გამოიწვიოს მცხოვრებლების 25 პროცენტით ზრდა. 

„პენის” სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევამ მნიშვნელოვანი კორელაცია აჩვენა სტრესის შემცირების, არტერიული წნევის, ფიზიკური ჯანმრთელობისა და პარკებში ყოფნის ხანგრძლივობას შორის. პარკები და დაცული საჯარო მიწები აუმჯობესებს წყლის ხარისხს, იცავს მიწისქვეშა წყლებს, ხელს უშლის წყალდიდობას, აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ, უზრუნველყოფს მცენარეული ბუფერების განვითარებას, ქმნის ველური ბუნების ჰაბიტატს და უზრუნველყოფს ადგილებს ბავშვებისა და ოჯახებისთვის ბუნებასთან დასაკავშირებლად.

სოციალური მნიშვნელობა

როგორც უკვე ვთქვით, პარკები და გამწვანებული, მოსასვენებელი ტერიტორიები საზოგადოების ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს. სწორედ ამიტომ, პარკები და მათთან დაკავშირებული დასვენების სერვისები ხშირად მოხსენიებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოკითხვებში, თუ რამდენად მისაღებია ესა თუ ის საცხოვრებელი ადგილი. სამშენებლო კომპანიების რეკლამებში ხშირად შეხვდებით ისეთ შეთავაზებებს, როგორებიცაა: სარეკრეაციო ზონა, კერძო პარკი, პარკთან ახლოს და მისთანები.

პარკები და დასვენების პროგრამები უზრუნველყოფს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ის ხელმისაწვდომია ყველა ასაკისა და შესაძლებლობების ადამიანისთვის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. 

ამასთან, ეს არის ადგილები ადამიანებთან საურთიერთოდ, ცხოველების გასასეირნებლად, ბუნებასთან ახლოს დროის გასატარებლად, ასევე მასზე ზრუნვის მნიშვნელობის მეტად გასააზრებლად. ეროვნული პარკების შემთხვევაში, ბუნების შესახებ განათლების მიღება და მასთან უშუალო სიახლოვე ხელს უწყობს ჯანსაღი კომუნების ჩამოყალიბებას, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ ბუნების საჭიროება ჩვენს ყოველდღიურობაში. ხშირ შემთხვევაში, ეროვნული პარკები ის ადგილებია, რომლებიც რამდენიმე ასეული წლის ისტორიას ინახავს და შეიძლება მეტისაც. ეს არის ადგილები, რომლებიც შეუცვლელ კულტურულ ცოდნას აზიარებს ადამიანს და საშუალებას აძლევს, რომ ეს ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც, უფრო ფართო საზოგადოებას გაუზიარონ.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობებისა, რეკრეაციული თუ ეროვნული პარკები მხატვრული, შემოქმედებითი და სულიერი მოტივაციის მიღების იდეალური წყაროა. უამრავი კვლევა არსებობს, რომ ბუნებრივ გარემოსთან კონტაქტს მნიშვნელოვანი დადებითი ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს, რაც ამცირებს სტრესს, ბრაზს, იმედგაცრუებასა და აგრესიას, უზრუნველყოფს სოციალური კავშირის შესაძლებლობას და ეხმარება გონებას კონცენტრაციაში.

რუბრიკას გარემოს დაცვაზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ეს მარტივი რჩევა უკეთესი რეზიუმეს შექმნაში დაგეხმარებათ

როგორ დავაღწიოთ თავი სამსახურთან და კარიერასთან დაკავშირებულ სინანულს?