ყოველ ახალ წელს უამრავი პიროტექნიკა იხარჯება, რომელიც ამ დღესასწაულის აღსანიშნავად გამოიყენება. უფროსებსა და პატარებს ერთნაირად მოსწონთ სხვადასხვა ფერად განათებული ცა და ორნამენტები, რომლებსაც ეს მაშხალები ჰაერში ხატავენ, მაგრამ ვიზუალური სილამაზის გარდა მას არანაირი სარგებლობა არ მოაქვს, მეტიც – ის ატმოსფეროში ქიმიკატების მთელ ნაზავს აფრქვევს რომელთაგან ბევრმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანებსაც და გარემოსაც.
რისგან მზადდება ფეიერვერკები
ფეიერვერკის ნათელი ფერები მეტალის ნაერთებისგან მიიღება, როგორიცაა ბარიუმი ან ალუმინი. ამ ნივთიერებებს უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებსა და ცხოველებზე.
გარდა ამისა, აფეთქებისთვის საჭირო ჟანგბადის წარმოებისთვის, ბევრი ფეიერვერკი შეიცავს ოქსიდისტორებს, რომლებიც ცნობილია როგორც პერქლორატები. ამ ნივთიერების წყალში მოხვედრისას, მას შეუძლია მდინარეების, ტბებისა და სასმელი წყლის დაბინძურება.
რა უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია პიროტექნიკას გარემოზე
გავაგრძელოთ იმით, რითაც დავიწყეთ – ფეიერვერკი უმოკლეს დროში იწვევს ჰაერის დიდ დაბინძურებას, ტოვებს ლითონის ნაწილაკებს, სახიფათო ტოქსინებს, მავნე ქიმიკატებს და კვამლს, რომელიც ჰაერში შეიძლება საათობით და რამდენიმე დღითაც კი დარჩეს.
როდესაც ფეიერვერკი ჰაერში აფეთქდება, მას სცვივა პლასტმასას, მუყაოს და სხვა ნაწილაკები, რომლებიც ხვდება ნიადაგში და არ ექვემდებარება გადამუშავებას. ეს ნარჩენები გარემოში იფანტება და ზემოქმედებს მასზე.
პიროტექნიკა სახიფათოა ცხოველებისთვისაც
ეს კიდევ ერთი სერიოზული მიზეზია იმისთვის, რომ პიროტექნიკის გამოყენება მინიმუმამდე შევამციროთ. თუ შინაური ცხოველი გყავთ, ალბათ, მიგიქცევიათ ყურადღება, როგორი შეშინებულია ის ფეიერვერკის გამოყენებისას. ახლა წარმოიდგინეთ, რა ემართებათ გარეთ მყოფ ცხოველებს, მათ შორის, მიუსაფარ ძაღლებს, კატებს და ცხოველებს ზოოპარკში. ასევე ფრინველებსაც.
როგორც ირკვევა, ხმაურისა და მკვეთრი განათებებისგან შეწუხებული ცხოველები ხშირად იწყებენ ახალი თავშესაფრის მოძიებას, ზოგიერთ პატარა ცხოველს კი შიშისგან შეიძლება გული გაუსკდეს. არსებობს არაერთი შემთხვევა, როცა ადამიანებმა საახალწლო ფეიერვერკების შემდეგ იპოვეს მკვდარი ჩიტები. ვეტერინარები იმასაც ამბობენ, რომ არა მხოლოდ შიშია მთავარი მიზეზი, არამედ ის მავნე კვამლიც, რომელიც შეიძლება მომწამლავი აღმოჩნდეს ცხოველისთვის.
ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ცხოველთადამცველები სტატისტიკას აქვეყნებენ, თუ რამდენი ცხოველი და ფრინველი დაიღუპა პიროტექნიკის შედეგად. მაჩვენებელი საკმაოდ სავალალოა ხოლმე და მაშინ, როცა არსებობს გზები, რომ მოვუფრთხილდეთ გარემოსა და ცხოველებს, რატომ უნდა ჩავაყენოთ ისინი საფრთხეში.
რა გზები არსებობს იმისთვის, რომ დღესასწაულების აღნიშვნა უსაფრთხო გახდეს
დაესწარით მაშხალების საჯარო გაშვებას
დღესასწაულის ეკოლოგიურად სუფთად შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა საჯარო გამოფენაზე დასწრება. ერთ ადგილას შეკრება და ერთიანად აღნიშვნა გამოიწვევს ნაკლებ გამონაბოლქვს, ვიდრე ბევრი პატარა, კერძო ღონისძიება. იმის ნაცვლად, რომ ყველა ოჯახმა თავის სახლში გაუშვას ფეიერვერკები, უმჯობესია, საერთო ღონისძიებებზე გავიდეთ, რომლებიც, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა დააორგანიზონ და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასაც ხელი უნდა შეუწყონ.
მოერიდეთ ცის ფარნების გამოყენებას
ჩინური ფარნების სახელით ცნობილ ცის ფარნებს შეიძლება წელიწადზე მეტი დასჭირდეს სრული ბიოდეგრადირებისთვის. ამან შეიძლება დიდი საფრთხე შეუქმნან ველურ ბუნებას. ნარჩენები, რომლებიც ასეთ მოწყობილობებს სცვივა, შეიძლება მოხვდეს ცხოველის ორგანიზმში.
გარემოსდამცველები გვირჩევენ, რომ სტატიკური ფარნები და გარე განათებები გამოვიყენოთ.
გამოიყენეთ უფრო ეკომეგობრული ფეიერვერკები
საბედნიეროდ, ბოლო წლებში პიროტექნიკის გარემოზე ზემოქმედების საკითხი მწვავედ დადგა და შესაბამისი კომპანიებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც უფრო ეკომეგობრული მასალის შემუშავება დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ფართოდ გავრცელებული გადაწყვეტა და ხშირად უფრო ძვირიც ჯდება, ისინი უზრუნველყოფენ, რომ გვქონდეს ალტერნატივა. ენერგეტიკული კომპანიის Ecotricity-ის თანახმად, თეთრი ფერის ფეიერვერკებს ჩვეულებრივ აქვთ ნაკლები მავნე ქიმიკატები, ვიდრე ყველაზე ფერად ვერსიებში – ასე რომ, თუ შეგიძლიათ, აირჩიეთ ისინი.
რუბრიკას გარემოს დაცვის შესახებ წარმოგიდგენთ ფარმადეპო.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი