in

„გარემო” – ჰოსტელი ამბროლაურის რაიონში, რაჭველი ახალგაზრდების სტარტაპი

Startauperi
Startauperi

ეკოტურიზმი საქართველოში აქტუალური მიმართულებაა და განვითარებას განაგრძობს, შესაბამისად, ვითარდება ჰოსტელების კულტურა სხვადასხვა, ტურისტებისათვის მიმზიდველ ლოკაციებზე. მაგალითად, 3 თვის წინ, ტყუპმა დებმა – მირანდუხტ და თამარ დავითულიანებმა, ვალერი სუხაშვილთან ერთად, ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში, ჰოსტელი „გარემო” გახსნეს, რომელიც ამბროლაურის ცენტრიდან ორ კილომეტრში და აეროპორტიდან 400 მეტრშია. „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში მიღებული გრანტისა (12 500 ლარი) და პირადი რესურსების გამოყენებით, ახალგაზრდა სტარტაპერებმა თვითონ, უცხო პირების ჩარევის გარეშე, იმუშავეს ჰოსტელის ინტერიერისა და ექსტერიერის მოწყობაზე. როგორია ახალბედა ბიზნესის სამთვიანი გამოცდილება, როგორი განვითარების სტრატეგია და პერსპექტივა აქვს ამგვარ საქმიანობას რაჭაში – ამ საკითხებზე „გარემოს” ერთ-ერთ შემქმნელს – მირანდუხტ დავითულიანს ვესაუბრეთ: 

M: რას საქმიანობდით აქამდე და როგორ გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ ჰოსტელი?
ბევრს ვმოგზაურობდით, გვიყვარს ლაშქრობები და ძალიან ხშირად ვხვდებოდით ადამიანებს, რომლებიც მოდიოდნენ რაჭაში. ვეხმარებოდით მათ განთავსების მხრივ, სხვადასხვა ჰოსტელში მიგვყავდა, ჩვენ კი არ გვქონდა მათი დაბინავების საშუალება. ყველასთან გვქონდა კონტაქტი და გადავწყვიტეთ, რომ, რადგან ძალიან გვიყვარს მოგზაურობა და შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ და ბუნებასთან ახლოს ყოფნას ცდილობენ, ჩვენც გვქონოდა ისეთი სივრცე, სადაც დავაბინავებდით ტურისტებს.

M: რამდენი ადამიანის მიღება შეუძლია ჰოსტელს და როგორი ფასები გაქვთ?
გვაქვს ორი საერთო ოთახი, მათგან თითოეული ხუთ ადამიანს იტევს. ასევე – ორი ორკაციანი საძინებელი. საძინებელის ფასია 50 ლარი, ერთი ღამის განმავლობაში, ხოლო, საერთო ოთახში ერთი ადამიანის დარჩენის ღირებულებაა 20 ლარი.

M: რა გამოარჩევს გარემოს?
ჩვენ გვაქვს მყუდრო და განსხვავებული სივრცე, თავისუფლება ჩვენი ღირებულებაა და რაც მთავარია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აქ საკუთარი გარემოს შექმნა.

M: როგორია თქვენი სამთვიანი ფუნქციონირების შედეგად დაგროვილი გამოცდილება და ამ მაჩვენებლებით გამოწვეული სამომავლო გეგმები?
შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქტიურად მოდიან სტუმრები, მთელი სამი თვეა დატვირთულები ვართ. ფუნქციონირებას ვაპირებთ მთელი წლის განმავლობაში. სამომავლოდ, ვგეგმავთ, მეტი კოტეჯი დავამატოთ, რადგან, ამ სამი თვის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ეს ერთი ჰოსტელი საკმარისი არ არის. დიდი ეზო გვაქვს და აქვე ვაპირებთ რამდენიმე პატარა კოტეჯის ჩადგმას, ასევე, გვაქვს სხვა ადგილი, ტბის პირას, სადაც ასევე გვინდა ავაშენოთ მსგავსი დაწესებულება.

ამინდის განსხვავებული პროგნოზი “ელიტ ელექტრონიქსისგან”

“ის, რაზეც ყველა თანხმდება” – კამპას ვიდეორგოლი