in

გარემოს რა ცვლილებები აისახება უარყოფითად წყალქვეშა სამყაროზე

წყალს ჩვენი პლანეტის 70% უკავია, მას დიდი ძალა აქვს და მის გარეშე, პირდაპირ რომ ვთქვათ, ვერ ვიარსებებთ – ადამიანები მაინც ვახერხებთ, რომ ზღვებს, მდინარეებსა და ოკეანეებს ზიანი მივაყენოთ. დაბინძურებით დაწყებული, უფრო სერიოზული ჩარევებით დამთავრებული, წყალზე ზემოქმედება საკმაოდ დიდია. ეს კი, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს წყალქვეშა სიცოცხლეზე.

ადამიანის საქმიანობა ყოველწლიურად იმდენ ნახშირბადს ათავისუფლებს დედამიწის ატმოსფეროში, რომ საკმარისია გლობალური ტემპერატურის ზრდის, რეგიონული ამინდის არეულობის, ზღვის დონის აწევის, ოკეანეების მჟავიანობის, საკვები ნივთიერებების ცვლილებებისა და ოკეანის ცირკულაციის ცვლილებისათვის. ეს და სხვა ფიზიკური შედეგები გავლენას ახდენს საზღვაო ბიოლოგიურ პროცესებზე, კლდის აუზებიდან ოკეანის აუზებამდე, ეკოსისტემის სერვისებზე და საფრთხეს უქმნის ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას.

ფიზიკური ცვლილებების ტემპი ზოგიერთ შემთხვევაში უპრეცედენტოა. თუ გავითვალისწინებთ იმ არსებით როლს, რომელსაც ოკეანეები თამაშობენ პლანეტარული ფუნქციისა და ადამიანთა მომარაგების უზრუნველყოფაში, ეს ჩარევები დიდი გამოწვევაა მათთვის და მერე უკვე ჩვენთვისაც.

გარემოს პრობლემებს შორის თითქმის არც რჩება არცერთი მწვავე საკითხი, რომელიც თავის მხრივ პრობლემას არ უქმნის ზღვებსა და ოკეანეებსაც. მაგალითად, გლობალური დათბობა იწვევს ცვლილებებს ოკეანის ქიმიაში და ბევრ ოკეანურ პროცესს აფერხებს. ის საფრთხეს უქმნის ზღვის ცხოველების ბევრ სახეობას, რომლებიც ვერ უმკლავდებიან მაღალ ტემპერატურას. ბევრი ქვეყნის პრობლემას წარმოადგენს გადაჭარბებული თევზაობაც. გლობალური დათბობა იწვევს ზღვის დონის აწევას, რაც საფრთხეს უქმნის იმ მოსახლეობას, რომელიც სანაპირო ზოლში ცხოვრობს. სოფლის მეურნეობაში გამოყენებული მრავალი პესტიციდი და საკვები ნივთიერება ხვდება წყალში, რის შედეგადაც ჟანგბადი მცირდება და სასიცოცხლო საფრთხე ექმნებათ წყალმცენარეებსა და ცხოველებს. ეკოლოგიურ წონასწორობას არღვევს შხამიანი წყალმცენარეების გაჩენაც, რაზეც სწორედ გარემო დამაბინძურებლები მოქმედებენ. ერთი სიტყვით, ყველაფრის ჩამოთვლა რომ დავიწყოთ, საკმაოდ შორს მოგვიწევს წასვლა. ეს მცირე აბზაციც საკმარისია იმის გასააზრებლად, თუ რამდენად საფრთხილო და საზიანოა ყოველი მოქმედება. ეს ცვლილებები საბოლოოდ იწვევს გრძელვადიან ზემოქმედებას საზღვაო ბიომრავალფეროვნებაზე, ზღვისპირა თემების ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელზეც მეცნიერები დღეს საუბრობენ, არის კლიმატის ცვლილებები და მისი გავლენა წყალზე. გადაჭარბებული სითბო და ენერგია ათბობს ოკეანეს, ტემპერატურის ცვლილება იწვევს კასკადურ ეფექტებს, მათ შორის ყინულის დნობას, ზღვის დონის აწევასა და ოკეანის მჟავიანობას.

ზღვის დონის აწევა

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ზღვის დონის აწევა დაჩქარდა პოლარულ რეგიონებში ყინულის მზარდი დანაკარგის გამო. ტროპიკული ციკლონების გაძლიერებასთან ერთად, ზღვის დონის მატებამ გააძლიერა ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა ქარიშხლები, წყალდიდობა, ეროზია და მეწყერი. ასეთი მოვლენები ისტორიულად საუკუნეში ერთხელ ხდებოდა. ახლა კი წელიწადში რამდენიმე შემთხვევაა სხვადასხვა ადგილას.

ზღვის ტემპერატურა

კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც წყლის სამყარო განიცდის, არის ზღვის ტემპერატურის აწევა. ის უფრო ინტენსიური და ხანგრძლივია. გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა ამბობს, რომ მსოფლიოს ყველა მარჯნის რიფი შეიძლება გაუფერულდეს საუკუნის ბოლომდე, თუ წყალი გააგრძელებს დათბობას.

თბილი ტემპერატურა და მზარდი მჟავიანობა ზღვის არსებებს ურთულებს ცხოვრებას. უამრავი თევზი მიემართება პოლუსებისკენ უფრო გრილი წყლების ძიებაში. ტემპერატურის ცვლილებებს ასევე აქვს პოტენციალი შეცვალოს ძირითადი ოკეანის დინება. იმის გამო, რომ ოკეანის ტემპერატურა განაპირობებს ატმოსფერული ცირკულაციის ნიმუშებს, ამან შეიძლება შეცვალოს ამინდის სქემები მთელ მსოფლიოში.

ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ წყალზე მოთხოვნა უფრო გაზრდილია და კიდევ უფრო გაიზრდება მომდევნო წლებში, რამაც შეიძლება გაზარდოს წყალზე მოთხოვნა ბევრ რაიონში. მაღალი ტემპერატურა და აორთქლების სიჩქარე კი პირდაპირ აისახება ამაზე.

საზღვაო ბიომრავალფეროვნების დაკარგვა

ტემპერატურის მატება ზრდის საზღვაო და სანაპირო ეკოსისტემების შეუქცევადი დაკარგვის რისკს. გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის უახლესი შეფასებები გვაფრთხილებს, რომ 2100 წლისთვის მსოფლიოს საზღვაო სახეობების ნახევარზე მეტი შეიძლება გადაშენების ზღვარზე დადგეს.

ზღვის ქიმიის დარღვევა

წიაღისეული საწვავის წვა ცვლის ზღვის წყლის ქიმიურ შემადგენლობას და მას უფრო მჟავეს ხდის. ოკეანე შთანთქავს ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის 30 პროცენტს – და როდესაც ეს ნახშირბადი წყალში იხსნება, ის წარმოქმნის ნახშირბადის მჟავას და pH დონის დაქვეითებას, რაც ზიანს აყენებს საზღვაო სახეობებს. განსაკუთრებით, მარჯნებს, ლობსტერებს, კიბორჩხალებს, პლანქტონებს. ეს უკანასკნელი საკვების წყაროს წარმოადგენს წყლის ბინადრებისთვის, რაც არღვევს მთელ საზღვაო კვების ჯაჭვს.

რით დავეხმაროთ წყალქვეშა სამყაროს, რომ შეინარჩუნოს სიჯანსაღე და სიცოცხლე

ყველაზე მთავარი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, არის მისი დაცვა დაბინძურებისაგან. ნაგვის სწორ ადგილზე გადაყრით, ნარჩენების დამუშავებითა და პლასტმასის მოხმარების შემცირებით, უკვე ერთ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ გარემოს და შესაბამისად, წყალქვეშა ლამაზ სამყაროზე ზრუნვაში.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ დავზოგოთ წყალი და არ გამოვიყენოთ მისი არასაჭირო რაოდენობა. აქვე ისიც შეგვიძლია გავითვალისწინოთ, რომ წყლის შემცირებული რაოდენობით მოხმარება არა მარტო ბუნებას, არამედ ჩვენს ჯიბესაც უფრთხილდება.

დასუფთავება

ის, რაც სუფთაა ჩვენთვის, საერთოდ არ ნიშნავს, რომ სისუფთავეს წარმოადგენს გარემოსთვისაც. სახლის დასუფთავების, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების დროს უნდა ვიფიქროთ, სად მიდის ეს პროდუქტი, როდესაც კანალიზაციაში ხვდება. ქიმიკატები რომ ცუდად მოქმედებს და აბინძურებს წყალს, ამაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ გამოვიყენოთ ნაკლებად ქიმიური, ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი საშუალებები.

ბოლოს გეტყვით, რომ ყველაზე აუცილებელი, გარემოს დაცვის საკითხებზე ფიქრისას, არის განათლება და გათვითცნობიერება. როდესაც გაიაზრებთ საკუთარ პასუხისმგებლობას და გეცოდინებათ, რა როლი გაქვთ თქვენ და თქვენს გარშემომყოფებს გარემოს დაცვის საქმეში, უკვე დაიწყებთ იმაზე ფიქრს, თუ რა გააკეთოთ მის სასიკეთოდ. ჩაერთეთ სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობებში, თუნდაც ყველაზე მარტივი რომ ავიღოთ, ეს არის სანაპირო ზოლების დასუფთავება. თავის მხრივ, სახელმწიფო რგოლებმა უნდა იფიქრონ და იზრუნონ უფრო დიდი ღონისძიებების გატარებაზე, შესაბამისი სტრუქტურების შექმნასა და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაზე.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

დენ ვიდენი — ადამიანი, რომელმაც “Just Do It” Nike-ის სინონიმად აქცია

რას უნდა მიანიჭოთ პრიორიტეტი დაქირავების პროცესში?