არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ისა და ევროკავშირის ერთობლივი ინიციატივა – „კლიმატის ცვლილების თემატური ბანაკი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის” და მისი გამარჯვებულები ჩვენს მკითხველს წინა სტატიებშიც გავაცანით. თქვენ უკვე იცით, რომ ეს პროექტი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა, რადგან უამრავი ახალგაზრდა ჩართო გარემოსდაცვით საქმიანობაში.
ამჯერად კიდევ ორ გამარჯვებულ მონაწილეს წარმოგიდგენთ, რომლებიც ბანაკთან დაკავშირებით თავიანთ გამოცდილებას გაგვიზიარებენ და განხორციელებულ პროექტებსაც გაგვაცნობენ.
ეკატერინე მებაღიშვილი კახეთიდან არის. მისმა პროექტმა კახეთის ორი მუნიციპალიტეტი, ახმეტა და გურჯაანი გააერთიანა და, შედეგად, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ტრენინგები და კონკურსები ჩატარდა.
„ამჟამად 24 წლის ვარ, თუმცა ბანაკში მონაწილეობისას სტუდენტი ვიყავი, იყო პანდემიის პერიოდი და მომიწია ჩემს რეგიონში დაბრუნება. ლექციები ონლაინ მიტარდებოდა და დიდი სურვილი მქონდა, სხვადასხვა პროექტში მიმეღო მონაწილეობა. სწორედ ამ დროს გავიგე CENN-ის ბანაკის შესახებ, რომელმაც მომცა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა.
ჩემთან ერთად მონაწილეობას გურჯაანელებიც იღებდნენ, ამიტომ გადავწყვიტეთ, გუნდად შევკრულიყავით და ერთად დაგვეწერა პროექტი, რომელიც ორიენტირებული იყო სკოლის მოსწავლეებზე. კლიმატის ცვლილების საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩავთვალეთ, არა მარტო უფროსკლასელები, არამედ შედარებით პატარები, მეხუთე-მეექვსეკლასელებიც ჩაგვერთო.
პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა საინფორმაციო შეხვედრებს. მაქსიმალურად მარტივი ენის გამოყენებით, ახმეტასა და გურჯაანში ვატარებდით ტრენინგებს იმის თაობაზე, თუ რა არის კლიმატის ცვლილება და როგორაა ის დაკავშირებული ჩვენს დღევანდელ რეალობასთან.
მეორე ეტაპი იყო ხელოვნების კონკურსი, სახელად, „ჩემი თვალით დანახული კლიმატის ცვლილება”. ავიღეთ სამი მიმართულება: ნახატები, პოსტერები და ფოტოები. თითოეულ კატეგორიას ჰყავდა თითო გამარჯვებული.
გარდა კლიმატის ცვლილებისა, ცნობიერების ამაღლებაზე ვიმუშავეთ პლასტმასის გამოყენებასთან დაკავშირებითაც. ამ კამპანიის ფარგლებში, პროექტის თითოეულ მონაწილეს გადავეცით მინის ბოთლები და შევთანხმდით იმაზე, რომ ამიერიდან ისინი სკოლაში პლასტმასის ბოთლს აღარ წაიღებდნენ. ამით ხაზი გავუსვით პლასტმასას უარყოფით გავლენას ჩვენს გარემოზე და მისი ჩანაცვლების ალტერნატივაც შევთავაზეთ.
მსგავსი პროექტები არაფორმალური განათლების ნაწილია და, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის”.
მარიამ ტოტოჩავა გურიიდან, ოზურგეთიდან არის. ის მე-12 კლასის მოსწავლეა და მისი ინიციატივით რაიონის ტექნოპარკებში ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგები, ასევე, დამონტაჟდა მზის პანელები და დამტენები.
„ვცდილობ, ვიყო აქტიური მოქალაქე და მუდმივად ვიზრუნო როგორც საკუთარი თავის, ისე ჩემი სოციუმის, განვითარებაზე. ჩართული ვარ ახალგაზრდული ცენტრის და, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებულ ლიდერთა სკოლის აქტივობებში.
CENN-ის ორგანიზებულ ბანაკში იმიტომ მივიღე მონაწილეობა, რომ მაინტერესებდა ის საკითხები, რომლებიც ბანაკის შემადგენელი ნაწილი იყო. მსურდა, ჩემი უნარების გაუმჯობესება, ახალ სახეებთან კომუნიკაცია, პროექტის წერის უნარების კიდევ უფრო გაუმჯობესება და ამ შესაძლებლობის გამოყენება ჩემი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.
ჩვენი გამარჯვებული პროექტი სახელწოდებით ,,ეკო-სხივი” მოიცავდა ცნობიერების ამაღლების კამპანიას ელექტროენერგიის დაზოგვასა და მზის ენერგიის რაციონალურად გამოყენებასთან დაკავშირებით; ასევე, ელექტროენერგიის დაზოგვის ხელშეწყობას, რაც ჰელიოდამტენების დამონტანჟებითა და საინფორმაციო შეხვედრებით მიიღწეოდა.
სწორედ ამიტომ, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მოვახერხეთ და ჩვენს მუნიციპალიტეტში, თავშეყრის ადგილზე დავამონტაჟეთ ე.წ. ჰელიოდამტენები იგივე მზის სისტემის მინი ელექტროსადგური, რომელიც მზის ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად და რომლითაც შესაძლებელია მობილური ტელეფონების დამუხტვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კლიმატის საკითხებში და კიდევ ერთი შეხსენება საზოგადოებისთვის, რომ მოიხმარონ განახლებადი ენერგიები და ხელი შეუწყონ ეკომეგობრული პროდუქტების პოპულარიზებას”.
სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.
[R]