in

გარემოზე ზრუნვის უძველესი ტრადიციები და მათი გამოყენება დღევანდელ სამყაროში

ჩვენს რუბრიკაში ბევრჯერ აღგვინიშნავს, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და რომ ეს თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, თუმცა დღეს ვისაუბრებთ იმ ანტიკურ პრაქტიკაზე, თუ როგორ უვლიდნენ ბუნებას ჩვენი წინაპრები.

ძველად ადამიანები ცხოვრობდნენ ღრმა, სულიერი კავშირით ბუნებასთან, რომელიც მის მიმართ პატივისცემაში გამოიხატებოდა. ვინაიდან მათ სჯეროდათ, რომ ბუნება განაგებს ყველაფერს, ცდილობდნენ, მისთვის არ „ეწყენინებინათ”. საინტერესოა, რომ სანამ გაჩნდებოდა ტერმინები: „ნახშირბადის კვალი” ან „ეკოლოგიურად სუფთა”, ძირძველი ხალხები და უძველესი ცივილიზაციები ახორციელებდნენ იმას, რასაც ჩვენ ახლა მდგრად ცხოვრებას ვუწოდებთ.

რას აკეთებდნენ ისინი და როგორ დაგვეხმარება მათი სიბრძნე უფრო მწვანე, ჰარმონიული მომავლის აშენებაში? ვეცდებით, ამ კითხვებს ვუპასუხოთ.

ცხოვრება ბუნებასთან ერთად 

განსხვავებით თანამედროვე მოდელისგან, რომელიც ხშირად ბუნებას განიხილავს, როგორც გამოსაყენებელ რესურსს, მრავალი უძველესი კულტურა საკუთარ თავს უფრო დიდი, ბუნებრივი ეკოსისტემის ნაწილად თვლიდა. ფილიპინების ბრინჯის ტერასებით დაწყებული ინკების წყლის მოსავლის სისტემებამდე, ამ თემებმა გააცნობიერეს ბუნებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და არა მის წინააღმდეგ. 

საინტერესოა აბორიგენი ავსტრალიელების „ცეცხლოვანი ჯოხებით მეურნეობა”, რომელიც თავიდან იცილებდა ტყის მასობრივ ხანძრებს და ხელს უწყობდა ბიომრავალფეროვნებას. ამ პრაქტიკას ათასობით წლის განმავლობაში იყენებდნენ და მისი მიზანი იყო ტერიტორიაზე მცენარეთა და ცხოველთა სახეობების შემადგენლობის შეცვლა, სარეველების კონტროლი, საფრთხის შემცირება და სხვა. 

ასევე, ბუნების გამოყენებისა და, ამავდროულად, შენარჩუნების კარგი მაგალითია იაპონური სატოიამას პეიზაჟები – ტყეები, ბრინჯის ველები და სოფლები, რომლებიც მდგრად კულტურას ქმნიდნენ. 

ეს პრაქტიკა არ იყო შემთხვევითი. ისინი წარმოადგენს სისტემებს, რომლებიც წარმოიშვა დაკვირვების, გამოცდის, შეცდომის შედეგად და დედამიწისადმი პატივისცემის გამოხატვისათვის.

ნულოვანი ნარჩენების უძველესი პრაქტიკა

დიდი ხნით ადრე, სანამ „ნულოვანი ნარჩენები“ ინსტაგრამის ტენდენციად იქცეოდა, ის იყო ცხოვრების წესი. ხელსაწყოები, ტანსაცმელი და სახლებიც კი ადგილობრივი მასალებისგან მზადდებოდა და გრძელვადიანი გამოყენებისთვის იყო გათვლილი. როცა რაღაც იშლებოდა, მას კი არ აგდებდნენ, არამედ არემონტებდნენ ან რესტავრირებას უკეთებდნენ. 

იგივე შეგვიძლია, ვთქვათ ორგანულ ნარჩენებზე. მაგალითად, ცხოველების ძვლებისგან  ძველი ადამიანები ამზადებდნენ სამკაულს, იარაღს…

ამ პრაქტიკების ნათელი მაგალითია ვიკინგების ყოფა-ცხოვრება, ან ძველი ეგვიპტელების, რომლებიც გადაამუშავებდნენ მასალებს გატეხილი ჭურჭლისგან და იყენებდნენ მცენარეებისა და მინერალების ბუნებრივ საღებავებს, რათა თავი აერიდებინათ მავნე ქიმიკატებისთვის. 

ტრადიციული ეკოლოგიური ცოდნა (Traditional Ecological Knowledge)

თანამედროვე მეცნიერები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ტრადიციულ ეკოლოგიურ ცოდნას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მაგალითად, ინდოეთში წვიმის წყლის აღების ტექნიკა იყო გავრცელებული, რომელიც უზრუნველყოფდა წყლის უწყვეტ ნაკადს გვალვისადმი მიდრეკილ რეგიონებშიც კი.

აფრიკაში პერმაკულტურის გამოყენებამ უზრუნველყო ნიადაგის სიჯანსაღე და ბუნებრივად დაცვა მავნებლებისგან.

ძველმა მაიას ცივილიზაციამ განავითარა მოსავლის როტაციისა და აგროტყის მეურნეობის გაგება, რომელიც მხარს უჭერდა როგორც სოფლის მეურნეობას, ასევე ეკოსისტემას. 

გარემოს დაცვის დიდი ტრადიციები ჰქონდა ინდოეთსაც. ჯერ კიდევ ძველ ინდურ ტექსტებში მრავლადაა ნახსენები ხეები, წყალი, ცხოველები, მიწა. ამის ნათელი მაგალითია საგალობლები: რიგვედა, იაჯურვედა, სავავედა და ათარვავედა, სადაც საუბარია ეკოლოგიური ბალანსის დამახინჯებასა და ბუნების მიმართ სიფრთხილის გამოჩენაზე. 

დაკვირვებისთვის საინტერესოა ინდუსების ჰარაპანის ცივილიზაციაც, რომელიც აყვავდა დაახლოებით 5000 წლის წინ. არქეოლოგიური მიღწევები გვაფიქრებინებს, რომ ეს ხალხი გარემოს უპირველეს საზრუნავად აღიქვამდა, დიდ ყურადღებას უთმობდა ნარჩენების მენეჯმენტს და მიწისქვეშა სანიაღვრე სისტემაც კი ჰქონდა აშენებული.  

ეს ტექნიკები არის იაფი, დაბალი ზემოქმედება აქვს გარემოზე და, რაც მთავარია, მათ საუკუნეებს გაუძლეს, ამიტომ უბრუნდება მათ თანამედროვე სამყარო.

ძველი სიბრძნე და თანამედროვე ინოვაციები

თუმცა წარსულის რომანტიზება ან პროგრესის უარყოფა არ გამოვა. დღესდღეობით კაცობრიობა იმ ეტაპზეა, რომ ააშენოს ეკომეგობრული მომავალი, სადაც უძველესი სიბრძნე და თანამედროვე მეცნიერება ერთმანეთთან არის შეთანხმებული.

ინჟინრები ახლა თავიდან აკვირდებიან გაგრილების უძველეს მეთოდებს, როგორიცაა ქარის წისქვილები და თიხის კედლები ენერგოეფექტური სახლების დიზაინისთვის. 

გარემოს დაცვა ყოველთვის არ მოითხოვს ინოვაციურ გამოგონებებს. ზოგჯერ პასუხები წარსულში დევს, ამიტომ, როცა დაიწყებთ იმაზე ფიქრს, რისი გაკეთება შეგიძლიათ მწვანე მომავლისთვის, გადახედეთ, რას აკეთებდნენ თქვენი წინაპრები.

რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.

Meta-მ CapCut-ის კონკურენტი აპლიკაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა!

„არგაჩერება“ საბავშვო კონსტრუქტორებიდან ტექნოლოგიურ ინჟინრობამდე – ლევან კონტუაძე