in

გარეული ღორები იმდენივე ნახშირბადის გამოყოფას უწყობენ ხელს, რამდენსაც 1 მილიონი მანქანა

ეს მნიშვნელოვნად მოქმედებს კლიმატის ცვლილებებზე

როგორ უჩვეულოდაც არ უნდა ჟღერდეს, გარეული ღორები ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ინვაზიური სახეობაა დედამიწაზე. ისინი განთქმულნი არიან, როგორც სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი ველური ბუნების საშინელი გამანადგურებლები.

მათი მავნებლობის მთავარ მიზეზის ის წარმოადგენს, რომ გარეული ღორები ნიადაგს საკმაოდ მასიურად თხრიან – მაგალითად, მინდვრის მოსახნავად განკუთვნილი ტრაქტორების მსგავსად. ახალი კვლევა კი ამ ფენომენის გლობალურ მასშტაბებს და მის ნახშირბადის გამოყოფაზე გავლენას განიხილავს.

ალბათ, გიჩნდებათ კითხვა, როგორ შეიძლება გარეული ღორი ნახშირბადის გავრცელებაში მონაწილეობდეს? დედამიწის ნახშირბადის უზარმაზარი ნაწილი ნიადაგში ინახება – ღორები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკმაოდ დიდი რაოდენობის ნიადაგს თხრიან.  თანაც, ატმოსფეროში ნახშირბადის მცირე ნაწილის გამოყოფასაც კი დიდი გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებებზე.

ველური ღორის პრობლემა

გარეული ღორები (Sus scrofa) ევროპისა და აზიის დიდ ნაწილში ცხოვრობენ, მაგრამ დღეისათვის ისინი ყველა კონტინენტზე ბინადრობენ, ანტარქტიდის გარდა – ეს პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინვაზიურ ძუძუმწოვრად აქცევს.

აღმოჩნდა, რომ ველური ღორები 54 ქვეყანაში პირდაპირ საფრთხეს უქმნის ხერხემლიანთა და მცენარეთა 672 სახეობას. მათ შორის, ავსტრალიის მიწის ბაყაყებს, ხის ბაყაყებს და გადაშენების პირას მყოფ ორქიდეის რამდენიმე სახეობას. ძუძუმწოვართა გეოგრაფიული არეალი, სავარაუდოდ, უახლოეს ათწლეულებში გაფართოვდება, რაც საკვების, უსაფრთხოების და ბიომრავალფეროვნების საფრთხის გაზრდას გულისხმობს.

ველური ღორების როლი ნახშირბადის გამოყოფაში

ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი კვლევა ჩატარებულა. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, რომელიც სამი წლის წინ შვეიცარიის ფოთლოვან ტყეში ჩატარდა, ველურმა ღორებმა წელიწადში ნახშირბადის 23%-ით ზრდა გამოიწვიეს.

ანალოგიურად, ჩინეთში, ჯიგონგის მთების ველური ბუნების ეროვნულ თავშესაფარში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გარეული ღორების მიერ ნიადაგის ემისიები 70%-ით იზრდება წელიწადში.

ახალი კვლევის ფარგლებში ჩატარებული სიმულაციების დროს კი გაირკვა, რომ ნიადაგი, რომელსაც ველური ღორები ყოველწლიურად ანადგურებენ, მსოფლიოს მასშტაბით 36 214 – 123 517 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს.

ამასთან, გარეული ღორების კონტროლი წარმოუდგენლად რთულია და საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული – ამას სწრაფი გამრავლების უნარი და მათი მოხერხებულობა თუ მკაცრი ხასიათი განაპირობებს. მაგალითად, ძუძუმწოვრებს მონადირეების თავიდან ასაცილებლად სწრაფი რეაგირების უნარი აქვთ.

ასეთი მავნე გავლენის შესაჩერებლად, ავსტრალიაში აქტიური მცდელობები მიმდინარეობს – როგორც გარეული ღორის პოპულაციების გავრცელების შესაჩერებლად, ისე ხაფანგებისა და სპეციალური ღობეების დამონტაჟება, ასევე, საჰაერო კონტროლის პროგრამები.

გლობალური ემისიების შემცირება ადვილი ამოცანა არ არის და აღნიშნული კვლევა კიდევ ერთი იარაღია ამ ფართოდ გავრცელებული ინვაზიური სახეობებით გამოწვეული საფრთხეების შესაჩერებლად.

მთის ძალების ძიებაში

TKT FLY APP – მეტი კომფორტი, მეტი სიმარტივე ავიაბილეთის შეძენისას!