SpongeBob დღემდე ინარჩუნებს ბევრისათვის საყვარელი ანიმაციის წოდებას და შესაბამისად, აქტუალობაც უცვლელია. ამას ხელს უწყობს SpongeBob Reimagined სერიებიც, რომლის ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდზეც ქართულმა სტუდია GARNAMATAC-მა იმუშავა.
„ჩვენთან დამკვეთისგან მოვიდა სპანჯბობის Rock Bottom ეპიზოდის ორიგინალი, ორგანზომილებიანი ვერსია და მითითება: უნდა მოგვეხდინა მისი ადაპტაცია ტიმ ბარტონისეულ სტილში, რაც სხვა ელემენტთა შორის გულისხმობს გაზვიადებულ ფორმებს, სიურრეალისტურ დიზაინს, ბნელ და ოდნავ შემაშფოთებელ განწყობას. ასევე, ანიმაციაც და ტექსტურებიც თოჯინური, ე. წ. stop motion სტილის უნდა ყოფილიყო. ამ ბრიფთან ერთად სრული შემოქმედებითი თავისუფლება და გასაქანი მოგვცეს. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც გამოვიდა მოცემული სერია განსაკუთრებული. ბევრი თბილი კომპლიმენტი მივიღეთ Nickelodeon-ისგან“, — აღნიშნავს GARNAMATAC Animation-ის პროექტ მენეჯერი, ოთო შამუგია.
M: საინტერესოა, რა პროცესებს მოიცავდა ანიმაციაზე მუშაობა და სამომავლოდაც თუ გეგმავთ თანამშრომლობას?
ის, რაც შემიძლია საჯაროდ გაგიზიაროთ, არის სტანდარტული პროცესი, რაც ანიმაციიდან ანიმაციამდე მეტწილად უცვლელია. უპირველეს ყოვლისა პროექტს ვაქუცმაცებთ, ვშლით მარტივად გადამუშავებად ლუკმებად. ამ ლუკმებს ვანაწილებთ სტუდიაში და განვიხილავთ, თუ არის რაიმე ისეთი, რისი დაზღვევაც შეგვიძლია სტუდიის გარეთ.
ამ შემთხვევაში სპანჯბობის და პატრიკის კონცეფციებზე ძალიან ნიჭიერი ქართველი არტისტი დავიხმარეთ. დანარჩენი პერსონაჟების და გარემოების კონცეფციები გარნამატაკში დამუშავდა, ჩვენი არანაკლებ ნიჭიერი არტისტების მიერ. მოდელირება, ვიზუალის განვითარება (ე. წ. look development) და რიგინგი ძირითადად პარალელური ფაზებია — მითუმეტეს მაშინ, როცა ბევრი პერსონაჟია. ბოლოსკენ სცენებს ვანათებთ, ვარენდერებთ და კომპოზიტინგში ვაცხობთ. მთლიან ფაიფლაინს სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს, ვინც იცავს სტილის ერთიანობას. ცალკეულ ფაზას ქვე-ფაზები და განშტოებები აქვს, მაგრამ იმდენად გავიწაფეთ მსგავსი ქრონომეტრაჟის ანიმაციებზე მუშაობაში, რომ პროექტის კომპლექსურობა აღარ გვაფრთხობს. 3 წლის წინ შფოთვები გვქონდა.
M: როგორ იმოქმედებს ეს გამოცდილება თქვენს გუნდზე საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობის თვალსაზრისით?
გარნამატაკი თითქმის ექსკლუზიურად უცხოურ ბაზრებზე მუშაობს. იშვიათად თუ გამოხტება ქართული პროექტი ისეთი, რომელიც თვალებს აგვინთებს და გულს აგვიჩქარებს. ისიც ბიუჯეტის განახევრების და ჩვენი მხრიდან სხვა დათმობების ხარჯზე ხდება ხოლმე აღსრულებადი. სპანჯბობის პროექტის მიმართ რაიმე კონკრეტული მოლოდინები არ გვქონია. ჯერჯერობით ვკმაყოფილდებით იმით, რომ რასაც ვქმნით თავადვე მოგვწონს. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ეს ანიმაცია გამორჩეულია.
არცთუ ისე დიდი ხანია დავიწყეთ ჩვენი პროექტების გაშლა და გამოქვეყნება Youtube-ზე. ამჟამად ჯერ მხოლოდ ორი ნაწარმი გვაქვს მეტ-ნაკლებად დეტალურად განხილული ტექნიკურად ცნობისმოყვარე აუდიტორიისთვის. ვიმედოვნებთ, სპანჯბობსაც მალე დავაწევთ არხს, ამიტომ შემოგვიერთდით.
კრედიტები: