საქმეებს ვასრულებთ, შეტყობინებებს ვპასუხობთ, შესვენებაზე სოციალურ ქსელს ვსქროლავთ. საღამოს დაღლილები ვართ, თუმცა დღის გახსენებისას გვიჭირს ისეთი მომენტის პოვნა, როცა უბრალოდ კარგად ვიყავით. თავისუფალი საათიც ისე გადის, რომ ვერც დასვენებას ვასწრებთ და ვერც რაიმე სასიამოვნოს.
მეცნიერების თემებზე მომუშავე ჟურნალისტი და ავტორი ქეთრინ პრაისი ამ განცდაზე TED-ის გამოსვლაში საუბრობს. მისი აზრით, ყოველდღიურობაში გართობას ზედმეტად უმნიშვნელო ადგილი მივუჩინეთ: ჯერ საქმეები უნდა დავასრულოთ, პასუხისმგებლობებს მივხედოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივცეთ თავს კარგად ყოფნის უფლება. პრობლემა ისაა, რომ საქმეები იშვიათად მთავრდება.
ამასთან, გართობას ხშირად ისეთ რამესაც ვუწოდებთ, რაც დიდ სიამოვნებას სულაც არ გვანიჭებს. სოციალურ ქსელს „გასართობად“ ვხსნით და ნახევარი საათის შემდეგ უარეს ხასიათზე ვართ. შეხვედრის ბოლოს ვამბობთ, რომ მშვენიერი დრო გავატარეთ და აუცილებლად უნდა გავიმეოროთ, თუმცა დაბრუნების სურვილი საერთოდ არ გვაქვს.
ქეთრინ პრაისი გვთავაზობს, გავიხსენოთ შემთხვევები, როცა მართლა ვერთობოდით. ისეთი მომენტები, რომელთა მოყოლისას ახლაც გვეღიმება. თავად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ათასობით ასეთი ამბავი შეაგროვა და მათში სამი საერთო მახასიათებელი გამოყო: თამაშის განწყობა, კავშირის განცდა და პროცესში სრული ჩართულობა.
რა გვჭირდება იმისთვის, რომ მართლა გავერთოთ?
თამაშის განწყობა გულისხმობს თავისუფლებას, რაღაც მხოლოდ იმიტომ ვაკეთოთ, რომ გვსიამოვნებს. შედეგის შეფასების, იდეალურად შესრულებისა და საკუთარი თავის მუდმივი კონტროლის გარეშე. ცეკვისას ყველა მოძრაობის სისწორეზე აღარ ვფიქრობთ, ხუმრობისას კი საკუთარ თავს ზედმეტი სერიოზულობით აღარ ვუყურებთ.
კავშირის განცდა მაშინ ჩნდება, როცა გამოცდილებას ვინმეს ვუზიარებთ და ვგრძნობთ, რომ მასთან რაღაც საერთო გვაქვს. ქეთრინ პრაისის მიერ შეგროვებულ ისტორიებში ადამიანების ყველაზე სასიამოვნო მოგონებები ხშირად სხვებთან ერთად გატარებულ დროს უკავშირდებოდა. ეს ინტროვერტებსაც ეხებოდათ. თუმცა კავშირი მარტო ყოფნის დროსაც არსებობს: საქმიანობასთან, გარემოსთან ან საკუთარ თავთან.
პროცესში სრული ჩართულობა, ე.წ. flow, ის მდგომარეობაა, როცა იმდენად ვართ რაღაცით გატაცებული, რომ საათს აღარ ვუყურებთ. ყურადღება არ გვეფანტება და გონებაში მომდევნო დღის საქმეებს არ ვალაგებთ. სწორედ ასე ერთვება მუსიკოსი დაკვრაში ან სპორტსმენი თამაშში.
ქეთრინ პრაისის განსაზღვრებით, ნამდვილი გართობა ამ სამი განცდის თანხვედრისას იწყება. ამიტომ, გასართობი აქტივობების უნივერსალური სია ნაკლებად გამოგვადგება. ერთი კონცერტი დაუვიწყარ საღამოდ გვრჩება, მეორეზე კი დასრულებამდე წუთებს ვითვლით. მეგობრებთან ჩვეულებრივი საუბარი ზოგჯერ გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე დიდი ხნით ადრე დაგეგმილი წვეულება. მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ ვგრძნობთ თავს კონკრეტულ მომენტში.
ტელეფონი გვერდზე, მოლოდინები ცოტა დაბლა
ქეთრინ პრაისის პირველი რჩევა ყურადღების გამფანტავი ფაქტორების შემცირებაა. ყოველ შეტყობინებაზე ტელეფონის შემოწმება საუბარსა თუ საქმიანობას გვაწყვეტინებს. რთულია, ბოლომდე ჩაერთო იმაში, რაც შენ წინ ხდება, როცა პარალელურად მუდმივად ამოწმებ, სხვაგან რა გამოგრჩა.
შემდეგი ნაბიჯი ადამიანებთან ურთიერთობისთვის მეტი ადგილის დატოვებაა. აქ გრანდიოზული გეგმები აუცილებელი არ არის. ზოგჯერ საუბრის წამოწყება, გულწრფელი ინტერესი და თანამოსაუბრის პასუხის ყურადღებით მოსმენაც საკმარისია იმისთვის, რომ შეხვედრა ფორმალურ მოკითხვას გასცდეს.
ავტორი ყოველდღიურობაში მეტი სითამამის შეტანასაც გვთავაზობს. ზრდასრულობის წესებს ხშირად თავად ვიმკაცრებთ: ყველაფერს მიზანი უნდა ჰქონდეს, დრო სასარგებლოდ უნდა გავატაროთ, სასაცილოდ არ უნდა გამოვიყურებოდეთ. ასეთი მოთხოვნებით გართობისთვის ბევრი სივრცე აღარ რჩება. რაღაცის ცუდად მღერა, მოუხერხებლად ცეკვა ან ახალი საქმიანობის მხოლოდ ცნობისმოყვარეობით მოსინჯვა გაცილებით ადვილი ხდება, როცა საკუთარი თავისგან კარგ შესრულებას აღარ მოვითხოვთ.
ამ ყველაფრის კიდევ ერთ დავალებად ქცევაც ზედმეტია. კალენდარში ჩანაწერი „შაბათს ოთხიდან ექვსამდე უნდა გავერთო“ სასიამოვნო საღამოს ვერ უზრუნველყოფს. სამაგიეროდ, დროის გამოყოფა იმ მეგობრისთვის, ვისთანაც ხშირად ვიცინით, ან საქმიანობისთვის, რომელიც გვიტაცებს, ამის პირობებს ნამდვილად ქმნის.
დასაწყებად საკუთარი გამოცდილების გახსენება გამოგვადგება: ვისთან ერთად გვავიწყდება ტელეფონი, რის კეთებისას აღარ ვამოწმებთ საათს, რომელ შეხვედრას ვიხსენებთ სიამოვნებით. შემდეგ კი ამ ადამიანებისა და საქმიანობებისთვის დრო წინასწარ უნდა გამოვყოთ. „როცა ყველაფერს მოვრჩები“ კალენდარში იშვიათად დგება.











