18
Jun
2019

„გასტრონავტი“, სინგაპურში, “The World’s 50 Best Restaurants”-ის დაჯილდოებაზე მიიწვიეს

18 Jun 2019

კვების დაწესებულების საკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტი“ “The World’s 50 Best Restaurants”-ის დაჯილდოებაზე მიიწვიეს. ეს არის მსოფლიო გასტრონომიის პლატფორმა Fine Dining Lovers-ის ყოველწლიური ღონისძიება, სადაც მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესო 50 რესტორანსა და შეფ მზარეულებს ასახელებენ.  „გასტრონავტელი“ ლევან ქოქიაშვილი ამბობს, ცერემონიაზე საქართველო წელს, პირველად იქნება წარმოდგენილი.

„გასტრონავტი“, სინგაპურში, The World’s 50 Best Restaurants-ის დაჯილდოებაზე მიიწვიეს/Photo Credit: Fine Dining Lovers

„ეს არის დედამიწაზე ყველაზე მთავარი მოვლენა გასტრონომიულ და კულინარიულ სფეროში, სადაც მიგვიწვიეს სააგენტო „გასტრონავტი“, მე მისი რესტორატორი ლევან ქოქიაშვილი და კრეატიული დირექტორი ლალი პაპაშვილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო პირველად მოხვდა ამ დაჯილდოებაზე. ფაქტობრივად ეს არის გასტრონომიული სფეროს ოსკარი“, – ამბობს ლევან ქოქიაშვილი.

„გასტრონავტი“ ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს. სააგენტოს ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში კულინარიულ  ფორუმებზე დასწრებისას გააცნეს საქართველო და ქართული სამზარეულო, რის შემდეგაც, ორგანიზატორებმა დაჯილდოებაზე მიიწვიეს.

„გასტრონავტელები“ – რესტორატორი ლევან ქოქიაშვილი და კრეატიული დირექტორი ლალი პაპაშვილი

„ 20 ივნისს მივდივართ და 22-დან იწყება უამრავი შეხვედრა.  ჩვენი მთავარი მიზანი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსა და ქართული კულინარიის წარმოჩენა. გვინდა, აქ მოვიწვიოთ მეგა ვარსკვლავი რესტორატორები, შეფები, სომელიები და გზა გავუკვალოთ ჩვენს გასტრონომიულ სფეროს ამ დიდ და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ სფეროში. შევხვდებით “The Word’s 50 Best”-ის გუნდს და ადგილზე დაგეგმვას, რომ საქართველოშიც გადაიღონ “50 best Explores” ერთ-ერთი ეპიზოდი.  ეს არის პროექტი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის გასტრონომიას, კულინარიას წარმოაჩენენ. ასევე,  გავაცნობთ „გასტრონავტის“ სერვისებს და ვეცდებით საერთაშორისო ბაზარზე გასვლას ჩვენი სერვისები ღირს 20-ჯერ იაფი ვიდრე მათ ქვეყნებში, სამუშაო კიდევ დისტანციურია. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ არის შესაძლებლობა, მათ ჩვენთან ითანამშრომლონ. ასევე, გვინდა, ქართველი ახალგაზრდა შეფების პოპულარიზაცია და შემდეგ ჯერზე უკვე გუნდით წასვლა. ზოგადად, „გასტრონავტის“ ამ ღონისძიებაზე დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია – მსოფლიოში სფეროს წამყვან ფიგურებს უნდა წარვუდგინოთ ქვეყანა და გავაცნოთ ჩვენი შესაძლებლობები. როდესაც იგებენ რომ ღვინის სამშობლო საქართველოა და ასეთ პატარა ქვეყანაში ამდენი სახის რეგიონალური სამზარეულო,  გვაქვს, ძალიან დიდი ინტერესი აქვთ“, – ამბობს ლალი პაპაშვილი.

კულმინაცია, ანუ The World’s 50 Best Restaurants-ის დაჯილდოების ცერემონია 25 ივნისს, სინგაპურში, ადგილობრივი დროით, 20:45-ზე დაიწყება.

 

განხილვა