in

GAU-ს ახალი ლოგო აქვს! – ამბავი ინიციატივიდან ცვლილებებამდე

„იმ ლოგოტიპის შეცვლა, რომელსაც უნივერსიტეტი 14 წელი ატარებს, რთული, საპასუხისმგებლო და ემოციური პროცესია. დაახლოებით, 5 თვე დაგვჭირდა მოსამზადებელ სამუშაოებსა და ინტერვიუებზე, დიზაინის შემუშავებაზე, ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციასა და ლოგოს საბოლოო დამტკიცებაზე“. 

ასე და ამგვარად, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, GAU სიმბოლო შეიცვალა და როგორც უნივერსიტეტის ვიცეპრეზიდენტის მრჩეველი, სალომე ღუდუშაური ამბობს, ამის ვიზუალურად გადმოცემა იდეალურად შეძლო სააგენტო Kollektiv-მა.„ვინაიდან, სახელწოდება “GAU” საკმაოდ კარგადაა გამჯდარი საზოგადოების ცნობიერებაში, გადავწყვიტეთ, ლოგოტიპის ცვლილების დროს, აქცენტი ისევ აბრევიატურაზე გაგვეკეთებინა“, – ბუბა რადიანი, Kollektiv-ის არტ-დირექტორი. 

„ახალ ლოგოტიპში ჩვენ მარტივი და სიმეტრიულად განლაგებულ გეომეტრიულ ფიგურები და მათ შორის გამოკვეთილი სხვადასხვა სიმბოლიკა, უწყვეტი ზოლი, თაღოვანი ჭიშკარი და ღიმილი ამოვიკითხეთ. ამ „გენიალურმა სიმარტივემ“ და ინტერპრეტირების შესაძლებლობამ, ჩვენი ახალი ლოგო შეგვაყვარა“, – ამბობს სალომე ღუდუშაური.

უფრო კონკრეტულად, ლოგოს განახლებაზე ლუკა ზარანდია, Kollektiv-ის დიზაინერი გვიყვება: „რედიზაინის პროცესში ტრადიციულ, უნივერსიტეტის გერბის ცნებას გავცდით და ლოგოტიპი შევქმენით, რომელიც უფრო მეტად მისაღები და დასამახსოვრებელი იქნებოდა, პირველ რიგში, ახალი თაობისთვის. ამავდროულად, ახალ ლოგოტიპს არ უნდა დაეკარგა კავშირი ძველ სიმბოლოსთან. ამჟამინდელი ვიზუალური ხასიათი პირდაპირ გადმოსცემს უნივერსტეტის ღირებულებებსა და ფასეულობებს“.

სალომე ღუდუშაური: „განახლებული ლოგო თანამედროვე, მარტივი, სახალისო (Fun) და დასამახსოვრებელია.  ლოგოტიპის მთავარი ფერი რადიკალურად არ შეცვლილა, თუმცა გამოვიყენეთ ლურჯის განსხვავებული, უფრო მკვეთრი და ცოცხალი ტონალობა. გარდა ამისა, ბრენდ ბუქში შემოვიტანეთ დამატებითი ფერი – წითელი, რომელიც კარგად გადმოცემს ჩვენს პოზიტიური ურთიერთობებით დატვირთულ, დინამიკურ გარემოს“.

მარკეტერისთვის საინტერესო აღმოჩნდა სააგენტოს მიდგომა, რომელიც ლოგოს რედიზაინის პროცესში, უნივერსიტეტის გარშემო შემოკრებილ სხვადასხვა სტატუსის მქონე ადამიანების აზრებისა და იდეების გაზიარებას გულისხმობდა: 

ბუბა რადიანი: „სამუშაო პროცესი საკმაოდ ხაგრძლივი და საინტერესო გამოდგა. იმისათვის, რომ მოცემულობა/პრობლემა კარგად გაგვეგო და გაგვეაზრებინა, უნივერსიტეტის დამფუძნებლებთან, პროგრამის ხელმძღვანელებთან, ლექტორებსა და სტუდენტებთან ვორქშოფები ჩავატარეთ. შეხვედრებზე ბევრი განსხვავებული აზრი და შეხედულება მოვისმინეთ, თუმცა ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ უნივერსიტეტისთვის მთავარი სტუდენტები არიან და რომ სწორედ მათ გარშემო უნდა განვითარდეს GAU”.

და როგორც გაირკვა, სტუდენტების მხრიდან, GAU-სთან დაკავშირებული მთავარი ასოციაციები აღმოჩნდა: გზა მომავლისა და კარიერული ზრდისკენ, სტაბილურობა, დინამიკური გარემო და მეგობრობა/ურთიერთობები.

M: სალომე, ლოგოტიპის განახლების პროცესზე ვისაუბრეთ, თუმცა არ გვითქვამს რედიზაინის მთავარი მიზეზი…
მუდმივი განვითარება ჩვენთვის ახალი არაა, თუმცა გადავწყვიტეთ, ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც 2018 წელს დავიწყეთ, ახალი გაცვლითი პროგრამების დამატებით, ძალიან საინტერესო, გამოცდილი ლექტორების მოზიდვით, ახალი საგრანტო სისტემის შემოღებით აბიტურიენტებისთვის და რაც მთავარია, ჩვენი მზაობა კიდევ მეტი გამოწვევისა და სიახლისთვის – ჩვენი ვიზუალური იდენტობის განახლებაშიც აგვესახა.

ინიციატივის მომენტიდან დღემდე, სამუშაო პროცესის წარმართვაში უდიდესი წვლილი მიუძღვის თამარ მეგრელიშვილს, ლიბერთი ბანკის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტთან ერთად, ის GAU-ში ბიზნესის სკოლის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელია, – სალომე ღუდუშაური.

დამკვეთსა და სააგენტოს შორის ურთიერთობა, შეიძლება ითქვას, ძალიან სენსიტიური პროცესია. სწორედ ამიტომ, ჩვენს კითხვაზე, რა გამოცდილება მიიღეს „კოლექტივის“ წევრებმა GAU-ს პროექტზე მუშაობის პროცესში, ლუკა ზარანდია გვპასუხობს, რომ კიდევ ერთხელ, ნათლად დაინახეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამკვეთსა და სტუდიას შორის ჯანსაღი, ინტერაქტიული სამუშაო პროცესი. „ყველაფერი გაცილებით მარტივია, როდესაც ერთმა მხარემ ზუსტად იცის, რა უნდა, ხოლო მეორე მხარე ზუსტად ხვდება მის მოთხოვნებს“.

„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) 2005 წელს დაარსდა და დღეისთვის აერთიანებს: 5 სკოლას, 2 000-ზე მეტ წარმატებულ კურსდამთავრებულსა და 1 400 აქტიურ სტუდენტს, 200-ზე მეტ საუკეთესო პროფესორსა და პრაქტიკოს ლექტორს, უნიკალურ სასწავლო პროგრამებსა და ამ ყველაფრის უკან მდგარ ძლიერ, მრავალფეროვან, გამოცდილ გუნდს.

როგორ აქციეს სტუმარმასპინძლობა ტურისტულ ბიზნესად, მთიან აჭარაში? – მალაყმაძეების ოჯახი მაჭახელიდან

ემპათიაა უმტკივნეულო ორგანიზაციული ცვლილების გასაღები