CSS Winner არის ერთ-ერთი გავლენიანი გლობალური პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ვებდიზაინერებს, დეველოპერებს და სააგენტოებს წარადგინონ თავიანთი ნამუშევარი. პლატფორმა ყოველდღიურად ავლენს საუკეთესო ვებსაიტს, რომელთაგან ერთი ხდება თვის რჩეული. CSS Winner-ზე განთავსებული ნებისმიერი ვებსაიტი 4 ძირითადი კრიტერიუმით ფასდება: დიზაინი, ფუნქციონალი, მოხმარების სიმარტივე/კომფორტულობა და შინაარსი; თითოეულ კრიტერიუმს ენიჭება კონკრეტული ქულა, რომელთა საშუალო ჯამიც ავლენს დღის გამარჯვებულ საიტს. 13 სექტემბერს კი, ქართული ციფრული მედიის სააგენტო „მარმელადსის” მიერ დამზადებული ვებსაიტი, რომელიც ღვინო Gau#5-სთვის შეიქმნა, CSS Winner-ის დღის საიტი გახდა. როგორი იყო პროექტზე მუშაობის პროცესი, რა გამოარჩევს ვებგვერდს და რა პერსპექტივას უჩენს მის ავტორებს აღნიშნული წარმატება – ამ საკითხებზე მარკეტერი პროექტის არტ დირექტორს Wer Michèlle-სა და პროექტის გენერალურ მენეჯერს – აკაკი სანაძეს ესაუბრა:
პროექტის არტ დირექტორი Wer Michèlle
მუშაობის პროცესი არ გავდა არცერთ სხვა შემთხვევას, იქიდან გამომდინარე, რომ GAU#5-ის საიტი განსხვავდება მასიური მოხმარების ვებგვერდებისგან. მუშაობის პროცესი საინტერესო იყო ჩემთვის, რადგან ხშირად არ ვიყენებ 3D ვიზუალს, ამ ფორმით. ყველაზე რთული, ალბათ, ამ 3D ვიზუალზე UI-ის მორგება იყო, რასაც ლუკას დახმარებით მივაღწიეთ. რთულია ორი განსხვავებული ტექნოლოგიის ესთეტიკის კარგი სინთეზის მიღწევა, რაც, ვფიქრობ, წარმატებით შევძელით. ბადაგონის ამ ხაზის ბრენდინგი, ჩემთვის, ამოსავალი წერტილი არ ყოფილა, ეს თავისუფლება დამკვეთის მხრიდანაც არსებობდა და ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი განმსაზღვრელი იყო პროექტის წარმატების. საიტს გამოარჩევს მისი განსხვავებული, დინამიური და თან, მშვიდი მოძრავი გრაფიკა, ფერების პალიტრა და მოხმარების სიმარტივე.

პროექტის გენერალური მენეჯერი – აკაკი სანაძე
M: როგორი იყო GAU#5-ის ვებგვერდზე მუშაობის პროცესი და რა გამოარჩევს საიტს?
პროექტზე მუშაობა „მარმელადსის” გუნდისთვის საინტერესო გამოწვევა იყო. ბრენდის ფილოსოფიიდან გამომდინარე, რაც ღვინის არატრადიციულ შეფუთვას, სიმარტივეს და ეფექტურობას გულისხმობს, ჩვენ შთამბეჭდავად უნდა წარმოგვეჩინა პროდუქტი, ვიზუალური ეფექტების გამოყენებით. გასათვალისწინებელი იყო მომხმარებლების ფაქტორიც, ვისთვის არის ეს ღვინო განკუთვნილი და ვინ იქნებოდა საიტის ვიზიტორი. ბრენდის ძირითად სამიზნე აუდიტორიას ღვინის ახალგაზრდა მოყვარულები წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ერთი შეხედვით ტრადიციული პროდუქტი, ონლაინ სივრცეში ინოვაციურად გადმოგვეტანა. ჩვენი გუნდის კრეატიული გადაწყვეტა იყო სიმარტივის და სილამაზის ჰარმონიული სინთეზი, ნეონური ფერების და არასტანდარტული ფორმების გამოყენებით, რაც ბრენდის ესთეტიკას, ვთვლით, რომ ძალიან მოუხდა. ინტენსიური ვიზუალური და ინფორმაციული კონტენტი კი მარტივი ნავიგაციით იმართება, რაც ვებსაიტის გამორჩეული მხარეა. ამ პროექტის მიღმა ბევრი ისეთი ნიუანსი იმალება, რაც ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის სულაც არ არის საინტერესო და უხილავია, მაგრამ ტექნოლოგიურად ძალიან საინტერესოა. თუნდაც ის, რომ ფრონტ-ენდ დეველოპმენტში ჩვენმა დეველოპერმა, ლუკა ხიზანიშვილმა css3 და HTML5-ის გამოყენება ახალ სიმაღლეზე აიყვანა. აღსანიშნავია ისიც, ჩვენი გუნდის წევრების გარდა დამკვეთის დამსახურებაც არის, რომ ვებსაიტმა საბოლოოდ ასეთი ფორმა მიიღო. მუშაობის პროცესში, დამკვეთისგან მუდმივად ვგრძნობდით დიდ ნდობას. რომ არ გვქონოდა ის თავისუფლება, რაც კომპანიის წარმომადგენლებმა მოგვანიჭეს, შესაძლოა, ასეთი პროექტი არ მიგვეღო. ზოგადად, მსგავს პროექტებზე მუშაობისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ ორივე მხარის ინტერესები იყოს დაცული და მეორე მხრივ, ურთიერთობა აგებული იყოს ნდობაზე. ეს ყოველთვის ამართლებს და რაც მეტი კომპანია იმუშავებს ამ პრინციპით სააგენტოებთან, ალბათ, მით მეტი საინტერესო პროდუქტი გვექნება ციფრულ სამყაროში.

M: რა პერსპექტივა ჩნდება CSS Winner-ის მიერ გამოვლენილი დღის ვებგვერდის შემქმნელებისთვის? რა მოლოდინები გაქვთ?
ეს არ არის ჩვენი პირველი პროექტი, რომელიც ამ პლატფორმაზე საგანგებოდ აღინიშნა. GAU#5-ის ვებსაიტის დღის საიტად აღიარება „მარმელადსისთვის” CSS Winner-ის პლატფორმაზე რიგით მეოთხე წარმატებაა. რა თქმა უნდა, როცა შენს ნამუშევარს შენივე ინდუსტრიის წარმომადგენელი პროფესიონალები ამჩნევენ, აფასებენ და მათ მოწონებას იმსახურებ, სასიხარულო და საამაყო ფაქტია. ემოციურის გარდა, CSS Winner-იც და სხვა მსგავსი პლატფორმებიც საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარდგენის კარგი საშუალებაა.
Credits:
Art Direction – • Wer Michèlle •
UI/UX & Wireframing – Luka Khizanishvili
Front-End Development – Luka Khizanishvili
Graphic Design & Motion Graphics – • Wer Michèlle •
Copywriting – Sandro Gabisonia
General Project Management – Akaki Sanadze