in

საქართველოს წლის საუკეთესო რესტორნები და შეფები ცნობილია! საერთაშორისო ბრენდ Gault&Millau-ს შეფასება!

ფრანგული საერთაშორისო სარესტორნო კრიტიკის ბრენდ Gault & Millau-ს გალა დაჯილდოება საქართველოში პირველად, 2017 წლის 14 დეკემბერს ჩატარდა, მის ფარგლებში ქართული რესტორნები და შეფები 7 კატეგორიაში დაჯილდოვდნენ. საერთაშორისო ბრენდის ფრანგი, პორტუგალიელი და პოლონელი ექსპერტ-დეგუსტატორები, მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს 600-მდე რესტორანს, მისტიკური მომხმარებლის ამპლუაში ეწვივნენ, მათგან კი 60-მდე რესტორანი გამოარჩიეს, რომელიც Gault & Millau-ს საერთაშორისო გზამკვლევში შევა, ასევე, განთავსდება ბრენდის აპლიკაციასა და საიტზე. 7 ნომინაციაში გამარჯვებული, მისტიკური მომხმარებლის ერთწლიანი მონიტორინგის შედეგად შეირჩა. ფაქტობრივად, Gault & Millau-ს ნომინანტი იყო თითოეული შეფი საქართველოში, უბრალოდ, ამის შესახებ არ იცოდა. მარკეტერი წარმოგიდგენთ 2017 წლის საუკეთესო რესტორნებსა და შეფებს, „გო ე’მიოს“ შეფასებით:

bog
bog-mob

წლის შეფი – თეკუნა გაჩეჩილაძე
გრანდ დე მეინ – ლევან კობიაშვილი
ახალგაზრდა ტალანტი – კონსტანტინე თედელური
წლის პროფესიონალი (საუკეთესო სერვისის მენეჯერი) – ირაკლი ქუმსიაშვილი
წლის რესტორანი – კაფე „ლიტერა“
წლის ახალი რესტორანი – „ბრასერი ბუვეტ“
წლის სერვის რესტორანი – „ბარბარესთან“


რაც შეეხება ნომინანტების შეფასების სქემას, ბრენდის მსგავსად, ისიც საერთაშორისოა, სტანდარტიზებულია და 25 ქვეყანაში მოქმედებს. შეფასების 70% მოდის კულინარიულ კრიტერიუმებზე, დანარჩენი კი გარემოზე, სერვისზე, ასევე, დიდი ყურადღება ეთმობა იმას, არის თუ არა ობიექტზე სომელიე. როგორც „გო ე’მიოს“ ქართულ წარმომადგენლობაში ამბობენ, ბრენდის მიზანია საქართველოს საუკეთესო გასტრონომიული ობიექტები მსოფლიოს გააცნოს. რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული სარესტორნო სფერო, რა პოტენციალი აქვს მას საერთაშორისო ბაზარზე და როგორია „გო ე’მიოს“ როლი ქართული სარესტორნო კულტურის წარმოჩენის საკითხში – ამ კითხვებზე მარკეტერს საქართველოში „გო ე’მიოს“ წარმომადგენელმა – თორნიკე დვალმა უპასუხა:

M: რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული კულინარია, როგორია მისი კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზარზე და რა როლი აქვს „გო ე’მიოს“ ქართული სარესტორნო კულტურის განვითარების საკითხში? 
ქართული კულინარია ერთ-ერთი საამაყო მიმართულებაა, უბრალოდ, აკლია განვითარება, რადგან ტრადიციულ ქართულ სამზარეულოზე ვართ ორიენტირებული და ინოვაციურობას ნაკლებად ვიჩენთ. მსოფლიოს მასშტაბით, კონკურენტუნარიანი რომ იყოს, საჭიროა ეს კომპონენტი, რომელსაც „გო ე’მიოს“ შეფასებაც ითვალისწინებს. „გო ე’მიო“ ნომერ მეორე ბრენდია მსოფლიოს მასშტაბით, „მიშელინის“ შემდეგ და მორგებულია ადგილობრივ რეალობას. ჩვენი მიზანია ქართული კულინარიული პოტენციალი განვავითაროთ და მაღალ დონეზე ავიყვანოთ. საერთაშორისო და ქართული სტანდარტების მარტივი შედარება არის ქულები. 16 ქულიანი რესტორანი საქართველოში იგივეა, რაც 16 ქულიანი რესტორანი საფრანგეთში. ჩვენი ვებგვერდისა და გზამკვლევის მეშვეობით, გამჭვირვალეა თითოეული რესტორნის შეფასება, რომელიც „გო ე’მიოს“ ექსპერტებს ეკუთვნით. ვისაც უნდა ამ სტანდარტების შესაბამისი იყოს, ითვალისწინებს შენიშვნებს. ქართული რესტორნები, ამ ეტაპზე, მაღალ ქულებს ვერ იღებენ, თუმცა, იმედი გვაქვს რომ მათ განვითარებაში ჩვენს წვლილს შევიტანთ.

M: არის, თუ არა „გო ე’მიო“ საქართველოში დამკვიდრებული ბრენდად, რომლის რეკომენდაციითაც მომხმარებელმა შეიძლება შეარჩიოს მაღალი დონის რესტორანი? გეგმავთ, თუ არა ქართველ მომხმარებელთან კომუნიკაციას, ამ კუთხით?
მომხმარებლის ინფორმირების ძირითადი ინსტრუმენტი არის ჩვენი საიტი, სადაც ინფორმაცია არის გასაჯაროვებული, 25 ქვეყნისთვის საერთოა და როგორც ქართველები ასევე, უცხოელები ხედავენ შეფასებებს. გარდა ამისა, გვაქვს აპლიკაცია, რომლის ჩამოტვირთვაც შეუძლიათ. რაც შეეხება სანდოობას, ბრენდი 1972 წლიდან არსებობს და მსოფლიოს მასშტაბით, მრავალ ქვეყანაშია შესული და მკაცრად გაწერილი, საერთაშორისო სტანდარტის კრიტერიუმებით აფასებს რესტორნებსა თუ შეფებს.

M: საერთაშორისო კულინარიულ ბაზარზე, რა პერსპექტივას უჩენს „გო ე’მიოს“ აღიარება ქართველ შეფებს და რა მიგაჩნიათ ბრენდის მთავარ ჯილდოდ, აღნიშნული 7 ნომინაციიდან? 
„გო ე’მიოს“ შეფასება ისეთი რამაა, რომ ყველა ხედავს მას. განსხვავებით სხვადასხვა კონკურსისა თუ შეფასების სისტემისგან, ჩვენ კონკრეტულ ქულას ვწერთ, რაც უფრო კონკურენტულ გარემოს უზრუნველყოფს და რეალობის ობიექტურ აღქმას ხდის შესაძლებელს. „გო ე’მიოს“ ბრენდი 25 ქვეყანაშია და შესაბამისად, ჰყავს ძალიან დიდი აუდიტორია. შანსი იმისა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ქართველი შეფებით, სწორედ „გო ე’მიოს“ აღიარების შედეგად დაინტერესდნენ, დიდია. რაც შეეხება მთავარ ჯილდოს, ეს არის ახალგაზრდა ტალანტი, რომელიც, ვფიქრობთ, კულინარიის მომავალია და მისი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა.

სალომე არშბა – #პირველისამსახური

1 ლიტრი გაყიდული საწვავიდან 3 თეთრი „სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება – მხოლოდ „გალფში“, წინასაახალწლოდ