800ცნობილი ბრენდი Gault&Millau საქართველოში შემოდის. ეს არის კულინარიის, ე.წ. ყვითელი გზამკვლევი, რომელიც მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში ყოველწლიურად გამოიცემა და მოიცავს ინფორმაციას საუკეთესო რესტორნების, შეფ-მზარეულების, ახალგაზრდა ტალანტებისა და ქვეყნის კულინარიული ისტორიის შესახებ. ქართულ გამოცემაში, ასევე, იქნება ინფორმაცია ადგილობრივი ღვინოების შესახებ, რომლებიც უცხოელმა თუ ქართველმა ექსპერტ-ენოლოგებმა და სომელიეებმა შეარჩიეს. გზამკვლევის პრეზენტაცია თბილისში 23 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში Gault&Millau-ის წარმომადგენელი თორნიკე ბახტურიძე ამბობს, რომ ბრენდის შემოსვლა მნიშვნელოვანია ქვეყანაში კულინარიისა და მეღვინეობის განვითარებისათვის და დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას.
თორნიკე ბახტურიძე: ყველაფერი ყოველკვირეული გაზეთის, Paris Press-ის კულინარიული სვეტებიდან დაიწყო, რომლებსაც პარიზელი ჟურნალისტები ჰენრი გო (Henri Gault) და კრისტიან მიო (Christian Millau) წერდნენ. არაფორმალური სტილით და სამზარეულოს ახლებური აღქმით დიდი გავლენა მოიპოვეს – მათ რეცენზიებს შეეძლო, ყველასთვის უცნობი რესტორანი, ერთ დღეში, ცნობილ დაწესებულებად ექცია, ან პირიქით – პრესტიჟული რესტორანი უშანსოდ დაეტოვებინა. 1972 წლიდან გამოიცემა დამოუკიდებელი გზამკვლევი, რომელსაც, დამფუძნებლების პატივსაცემად, Gault&Millau ჰქვია. დღეს, ყვითელი გზამკვლევი აღიარებული, გავლენიანი, ავტორიტეტული გამოცემაა კვების სტანდრტებთან დაკავშირებით. ბრენდი უკვე 30-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი და ეს რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. Gault&Millau ყველა ქვეყანში ადგილობრივ ენაზე გამოიცემა, თუმცა, საქართველოში იგი რამდენიმეენოვანი იქნება. Gault&Millau წარმოდგენილია საფრანგეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, კანადაში, პოლონეთში, მაროკოში და სხვა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოსთან ერთად, ბრენდს შეუერთდა რუსეთი, ისრაელი, მალდივისა და ანტილიის კუნძულები. მომავალ წელს დაგეგმილია ათამდე ახალი ქვეყნის ბრენდის ოჯახში გაწევრიანება.
M: საქართველოში, ოქტომბერში გაიმართება გალა გახსნის ღონისძიება, სადაც მოხდება Gault & Millau-ის ქართული გზამკვლევის პრეზენტაცია . . .
გალა კულინარიის სფეროში, ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება და მასში მონაწილეობა საკმაოდ პრესტიჟულია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, ჩამოვლენ ცნობილი უცხოელი ჟურნალისტები და რესტორნების კრიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გალა ღონისძიება არის ერთადერთი პროფესიული პლატფორმა გასტრონომიულ სექტორში, მას საქართველოს წამყვანი შეფ-მზარეულები და გასტრონომიული სექტორის აღმასრულებლებიც დაესწრებიან. გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია. ღონისძიებაზე იქნებიან ქვეყნის წამყვანი ბრენდები, რომლებიც სკაუთარ ნაწარმს წარადგენენ.
M: უშუალოდ, Gault & Millau-ის შესახებ რომ ვისაუბროთ, რა იქნება წარმოდგენილი ყვითელი გმზაკვლევის ქართულ გამოცემაში?
ყვითელი გზამკვლევის სახელით ცნობილი წიგნი ყოველწლიურად გამოიცემა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენი ბრენდია წარმოდგენილი. წიგნში შესულია ინფორმაცია ქვეყნის საუკეთესო რესტორნების (რომელთა შეფასებაც მოხდა), შეფ-მზარეულების, ახალგაზრდა ტალანტების და ქვეყნის კულინარიული ისტორიის შესახებ. ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ქართულ ყვითელ გზამკვლევში შესული იქნება ქართული ღვინოები, რომელთა შერჩევა უცხოელი და ქართველი ექსპერტი ენოლოგებისა და სომელიეების მიერ მოხდა. ხსენებული ინფორმაცია, ასევე, ქვეყნდება ბრენდის საერთაშორისო ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში, სადაც ქართული კონტენტი გალა ღონისძიების დღეს გასაჯაროვდება. Gault&Millau საქართველოს შეფასების პროცესი გულისხმობს რესტორნების და შეფ-მზარეულების პოზიტიურ პრომოუშენს. ჩვენი საერთაშორისო დეგუსტატორები არ “აკრიტიკებენ”, არამედ მიმოიხილავენ რესტორნებს მკაცრად განსაზღვრული გაიდლაინების მიხედვით, რაც ჰარმონიზებული და უნიფიცირებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი დეგუსტატორების სარესტორნო მიმოხილვა ეფუძნება საკვებს, მომსახურებას, დეკორს და კონცეფციას. ჩვენი დეგუსტატორები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა დახვეწილი კულინარიის მოყვარულებს საიმედო და უახლესი ინფორმაცია მიაწოდონ.
M: ცნობილია, რომ გახსნის ღონისძიებაზე გაიმართება დაჯილდოებაც. . .
დიახ, გახსნის ღონისძიებაზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: წლის აღმოჩენა (ახალგაზრდა ტალანტი); წლის რესტორანი; წლის ახალი რესტორანი; წლის შეფ-მზარეული (ყველაზე პრესტიჟული); წლის ტრადიციული შეფ-მზარეული. ასევე, დაგეგმილია ღვინის სექტორთან დაკავშირებულ ნომინაციებში გამარჯვებულების გამოვლენა, როგორიცაა: წლის სომელიე, მეღვინე, ახალგაზრდა სომელიე და ა.შ. ნომინანტების და გამარჯვებულების გამოვლენა ხდება დეგუსტაციის დროს, რომელსაც ჩვენი დეგუსტატორები, სხვადასხვა ქვეყნიდან, მისტიური სტუმრის პრინციპით ატარებენ. ჩვენ მიერ შერჩეული რესტორნები იბრენდება გო’ე მიოს დაფით, რაც ადგილობრივი სტუმრისთვის თუ ტურისტისთვის არის მესიჯი, რომ რესტორანი დაგემოვნებული და მოწონებულია ჩვენი ექსპერტი გურმანების მიერ. ნომინაციაში გამარჯვება, პირველ რიგში, შეფ-მზრეულისთვის ნიშნავს საერთაშორისო აღიარებას, მისი ბიზნესისთვის – სტუმრების ნაკადის საგრძნობ მატებას. გო’ე მიოს დაფის დიზაინი წლიდან წლამდე იცვლება და ექსკლუზიურად, ერთ-ერთი გავლენიანი იტალიური დიზაინის სახლი ALESSI ამზადებს.
M: რამდენად მნიშვნელოვანია ყვითელი გზამკვლევი საქართველოში ამ სფეროს განვითარევისათვის?
ქართული კულინარია და ღვინო, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გარდა, არ სარგებლობს მაღალი ცნობადობით და პოპულარობით. ამას კი თავისი ობიექტური მიზეზები გააჩნია: საქართველო, როგორც ქვეყანა, არ არის საკმარისად ცნობადი პოსტ საბჭოთა სივრცის მიღმა; ქართული კულინარია ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და შედეგად, საქართველოს არ იცნობენ, როგორც დახვეწილი კულინარიის მქონე ქვეყანას. საერთაშორისო გავლენიანი ბრენდის შემოსვლა ქვეყანაში და გზამკვლევის გამოცემა (ბეჭდური და ელექტრონული სახით ვებ-გვერდსა და მობილურ აპლკაციაში), ხელს შეუწყობს კვალიფიციური შიდა მოთხოვნის ჩამოყალიბებას, მომხმარებლის ინფორმირებას და საფუძვლიანი გადაწყვეტილების მიღებას. ასევე, ტურისტული ქვეყნისთვის პრობლემატურია ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს არ აქვთ კვალიფიციური საინფორმციო წყარო იმის შესახებ, თუ სად შიეძლება გასინჯონ საუკეთესო ქართული კერძები. მაღალი შიდა მოთხოვნა ეხმარება კომპანიებს იყვნენ კონკურენტუნარიანები ქვეყნის გარეთაც. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, თუ რამდენად დიდ ყურადღებას აქცევენ მომხმარებლები ხარისხს. კვალიფიციური მოთხოვნის არსებობა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია კონკურენტუნარინობის ზრდისთვის, ვიდრე გაყიდვების რაოდენობის ზრდა. კვალიფიციური მყიდველები აიძულებენ კომპანიებს დააკმაყოფილონ მაღალი სტანდარტი, შეთავაზებული პროდუქციის ხარისხში და სერვისებში. მაგალითად, საფრანგეთში და იტალიაში ღვინის დიდი რაოდენობით მოხმარება უკავშირდება ღვინის სპეციფიკის მაღალ დონეზე ცოდნას. მომხმარებელი რაც უფრო კარგად იცნობს პროდუქტს, უფრო ეხვეწება გემოვნება და ხდება უფრო მომთხოვნი. მომავალი წლიდან, ვაპირებთ დავიწყოთ Gault&Millau ტურები, რაც საქართველოს რეგიონების კულინარიული პოტენცალის აღმოჩენას და კულინარიაში რევოლუციური პროცესებისთვის ბიძგის მიცემას გულისხმობს.
M: რა სარგებელს მოუტანს Gault&Millau საქათველოს?
ქართული კულინარიის მრავალფეროვნება და ქართული ღვინის მრავალწლიანი ტრადიცია არის ის მთავარი მოტივი, რამაც საერთაშორისო ბრენდის ყურადღება საქართველოსკენ მოაპყრო. სამწუხაროდ, დღეს არ არსებობს პრესტიჟული პლატფორმა, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში აამაღლებს ღვინის მოხმარების კულტურას და ასევე, ქართულ ღვინოსა და კულინარიას მთელ მსოფლიოს გააცნობს. Gault&Millau, სწორედ, ამ მიმართულებით არის მსოფლიო დონის ავტორიტეტი. დღევანდელი რეალობით, საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული ღვინის სმის კულტურა. მოსახლეობა სვამს ან დაბალი ხარისხის ღვინოს, ან სხვა მაღალ ალკოჰოლურ სასმელებს, მათ არ აქვთ ინფორმაცია კერძების და ღვინის შეხამების შესახებ. ქართული წითელი ღვინო, რომელიც ბევრად უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე ოჯახში დაწურული თეთრი ღვინოები, არ სარგებლობს პოპულარობით. Gault&Millau მიზანი იქნება ქართული ღვინის და კერძების ხარისხის და გემოს ახალ დონეზე გაყვანა, მათი მთელი მსოფლიოსთვის გაცნობა. Gault&Millau მთელ მსოფლიოს წარუდგენს საუკეთესო ქართულ რესტორნებსა და ღვინოებს, ჰარმონიზებული ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით. ღვინისა და რესტორნების კვალიფიციური საექსპერტო შეფასების მეშვეობით, შეიქმნება გამჭვირვალობა მთელ სექტორში და გაიზრდება ჯანსაღი კონკურენცია, როგორც შეფ-მზარეულებს, ასევე, სარესტორნო ბიზნესებსა და ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის. მიგვაჩნია, რომ ბრენდის აქტივობები საქართველოს დამსახურებულ ადგილს დაუმკვიდრებს მსოფლიო კულინარიულ რუკაზე, როგორც გამორჩეული კერძების და ღვინის ქვეყანას და გაზრდის ქვეყნის ცნობადობას.