in

როგორ დავეხმაროთ გუნდს გაურკვევლობასთან გამკლავებაში

სხვადასხვა დარგის მკვლევრები მუდმივად ახსენებენ ორ ფუნდამენტურ განწყობას შორის არსებულ სხვაობაზე. ერთი მხარე თავდაცვაზე, საკუთარი სიმართლის მტკიცებასა და სტატუს-კვოს შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, მეორე კი ცნობისმოყვარეობასა და სწავლას ეფუძნება. პირველი რეაქცია ადამიანებისთვის უფრო ინსტინქტური და ბუნებრივია, მეორე კი შეგნებულ ძალისხმევასა და სწორ ლიდერობას მოითხოვს. აზროვნების ახლებური ჩარჩო უსიამოვნო სიმართლის შელამაზებას არ გულისხმობს. საქმე იმ დაფარული დაშვებების გაანალიზებას ეხება, რომლებსაც ადამიანები ქვეცნობიერად არგებენ რეალობას. სტრატეგიული გეგმები დღეს თვეებში კარგავს ძალას, ამიტომ კონტექსტის სწორი გადააზრება მენეჯმენტისთვის აუცილებელ უნარად იქცა.

საფრთხის შესაძლებლობად გარდაქმნა

პირველი ნაბიჯი იმ ბარიერების ახლებური ხედვაა, რომლებიც ერთი შეხედვით საფრთხედ მოჩანს. 1999 წლიდან Amazon-ის პლატფორმაზე გარე გამყიდველების წლიური ზრდა 52%-ს აღწევდა, რაც თავად კომპანიის საცალო გაყიდვების ზრდის ტემპს ორჯერ აღემატებოდა. კლასიკური სტრატეგიული მიდგომით, ეს ფაქტი კომპანიას კონკურენტულ საფრთხედ უნდა აღექვა და მისი შეჩერება ეცადა. თუმცა მიდგომა განსხვავებული აღმოჩნდა – შეიქმნა ერთიანი სავაჭრო სივრცე, სადაც გარე გამყიდველებს საკომისიოს სანაცვლოდ პლატფორმით სარგებლობის საშუალება მიეცათ. ის, რაც კონკურენციად აღიქმებოდა, პლატფორმის გაფართოების მთავარ მამოძრავებელ ძალად გადაიქცა.

დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი თანამშრომლებში შფოთვას იწვევს, მენეჯმენტს შეუძლია ანალოგიური მიდგომა გამოიყენოს. ნაცვლად იმისა, რომ ტექნოლოგია სამუშაო ადგილების წამრთმევად განიხილებოდეს, ყურადღება იმაზე უნდა გამახვილდეს, თუ რისი მიღწევის საშუალებას იძლევა ის. საუბრის გადატანა იმაზე, თუ რას წაართმევს სისტემა ადამიანს, იმაზე, თუ რა ახალ სივრცეს გამოუთავისუფლებს ის გუნდს, ენერგიას თავდაცვიდან საერთო ამოცანების გადაჭრისკენ მიმართავს.

აქციეთ მარცხი წარმატების წინაპირობა

ინოვაციურ პროცესში წარუმატებლობა გარდაუვალია. ახალი შესაძლებლობების ძიებისას გარკვეული მცდელობები აუცილებლად მარცხით სრულდება, თუმცა ამის აღქმა კომპეტენციის ნაკლებობად კი არა, წინსვლის საფეხურად არის საჭირო.

2014 წელს Amazon-მა სმარტფონის შექმნაზე დაახლოებით 170 მილიონი დოლარი დახარჯა, მხოლოდ 35000 ერთეული გაყიდა და წელიწად-ნახევარში პროექტის წარმოება შეაჩერა. ტრადიციული საზომებით ეს უდიდესი ჩავარდნა იყო. თუმცა ეს ნაბიჯი გააზრებულ ექსპერიმენტად დარჩა, რომლის ფინანსური ზარალი კომპანიის იმავე წლის შემოსავლის 17 საათზე ნაკლებს შეადგენდა და საერთო ფულად ნაკადებზე არსებითად არ ასახულა. ორი წლის შემდეგ სწორედ ამ მოწყობილობის საინჟინრო მიგნებები დაედო საფუძვლად ელექტრონული წიგნებისა და ჭკვიანი დინამიკების წარმატებულ ხაზს. განსხვავება მათ შორის, ვინც საბოლოოდ იმარჯვებს და ვინც ადგილზე რჩება, განპირობებულია იმით, იყენებს თუ არა გუნდი წარსულ გამოცდილებას სისტემურად. ჭკვიანური მარცხის სასარგებლო მონაცემად ქცევა თანამშრომლებს ექსპერიმენტების შიშს უქრობს.

ნდობის პრინციპი

როდესაც გუნდი აცნობიერებს, რომ გააზრებული შეცდომა პროგრესის ნაწილია, ლიდერს შეუძლია უარი თქვას თავდაცვით ინერციაზე. ბევრ ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღებისას გაბატონებულია პრინციპი, რომ ინიციატივას ეუბნებიან უარს, სანამ საპირისპირო მკაფიოდ არ დამტკიცდება. ეს უნდობლობის განცდას აჩენს და პროცესებს აფერხებს.

მიდგომის შეცვლა გულისხმობს თანხმობას მანამ, სანამ რეალური რისკი არ გამოიკვეთება. ეს ჩანს შვებულების პოლიტიკაში, როდესაც მკაცრი შეზღუდვების ნაცვლად თანამშრომელს ეძლევა დასვენების თავისუფლება, თუ ეს მიმდინარე საქმეებს არ აფერხებს. ეს ვლნდება სამუშაო დროის 20%-ის ახალი იდეების კვლევისთვის დათმობაში, თუ ძირითადი ამოცანები არ ზარალდება. მომხმარებელთა მომსახურებაში კი ეს ნიშნავს თანამშრომლისთვის თავისუფლების მიცემას, გააკეთოს ყველაფერი კლიენტის დასახმარებლად, სანამ ეთიკური ნორმები არ ირღვევა.

პროცესების დინამიკური აღქმა

ნებისმიერი სირთულის მუდმივ მოცემულობად აღქმა შეცდომაა. ოლიმპიურ თამაშებზე წარუმატებლობის შემდეგ სპორტსმენის გულისტკივილს, რომ გამარჯვება არ ეწერა, მწვრთნელმა მხოლოდ ერთი სიტყვა დაუმატა – დღეს არ ეწერა. ამ ერთი სიტყვით მოვლენა საბოლოო განაჩენიდან დროებით გამოცდილებად გადაიქცა.

მენეჯერებმა უნდა დაანახონ გუნდს, რომ მიმდინარე შედეგები, უნარების ნაკლებობა ან სამუშაო უთანხმოებები უცვლელი რეალობა არ გახლავთ. გუნდში არსებული დაძაბულობა, ჩავარდნილი კვარტალური გეგმა ან თანამშრომლის სირთულე ახალ პროგრამასთან მუშაობისას განვითარებადი პროცესია. როდესაც პრობლემა განიხილება როგორც დროებითი ვითარება, რომლის შცვლაც სწავლითა და ძალისხმევით არის შესაძლებელი, სამუშაო ენერგია სრულიად იცვლება. თუ ადამიანი საკუთარ გამოცდილებას დასრულებულ მოცემულობად ხედავს, ყოველი სიახლე მისთვის საფრთხეა, ხოლო როდესაც კომპეტენცია უწყვეტ პროცესად აღიქმება, ტექნოლოგიური პროგრესი განვითარების შესაძლებლობად იქცევა.

წყარო: Fastcompany

JYSK საქართველოში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

მონაცემებიდან ახალ შესაძლებლობებამდე – პროფესია, რომელიც მუდმივ განვითარებას მოითხოვს