in

როგორ გავარჩიოთ AI ვიდეოები ნამდვილისგან?

Lenovo
Lenovo

ყველაფერი ერთი უწყინარი ვიდეოთი დაიწყო. ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ეზოში დამონტაჟებულმა უსაფრთხოების კამერამ დააფიქსირა კოიოტი, რომელიც ბატუტზე ხტუნაობდა. კადრები ნამდვილი, გადამოწმებული და ძალიან სახალისო იყო. თუმცა, ვიდეოს ვირუსულად გავრცელებიდან რამდენიმე დღეში ინტერნეტი იდენტურმა კადრებმა მოიცვა, ოღონდ ამჯერად ბატუტზე კენგურუები, დათვები და კურდღლები ხტუნაობდნენ. მილიონობით ადამიანმა ეს ვიდეოები გააზიარა, სინამდვილეში კი, ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის ნახელავი იყო.

ეს სახალისო გაუგებრობა რეალურად სერიოზული გამაფრთხილებელი ნიშანი აღმოჩნდა. AI-ვიდეო გენერატორები გასცდნენ სიურრეალისტური ან აშკარად დამუშავებული კადრების შექმნის ეტაპს. ისინი ახლა დამაჯერებლად აყალბებენ იმ ფორმატებს, რომლებსაც ინსტინქტურად ყველაზე მეტად ვენდობით: სათვალთვალო კამერების, პოლიციის სამხრე კამერების, ვიდეორეგისტრატორებისა და თვითმხილველთა მობილურით გადაღებულ კადრებს. ეს ის მასალაა, რომელიც საზოგადოებრივ აზრს აყალიბებს პროტესტების, კატასტროფების, ძალადობისა და საგანგებო სიტუაციების დროს. და ყალბი კადრები ნამდვილისგან უკვე თითქმის განურჩეველი ხდება.

როგორ შეაღწია ხელოვნურმა ინტელექტმა ახალ ამბებში

სააგენტო Storyful, მსოფლიოს წამყვანი ნიუსრუმებისთვის ყოველდღიურად ათასობით ვიდეოს ამოწმებს. მათ საკუთარი პლატფორმიდან აღებული რეალური ახალი ამბების სათაურები უახლეს AI-ვიდეო მოდელებს მიაწოდეს. წამებში მიღებული შედეგი საოცრად ჰგავდა თვითმხილველების გადაღებულ მასალას – ტექსტურა, პერსპექტივა და ხარისხი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც „ბრეიქინგ ნიუსების“ დროს ნიუსრუმის ელფოსტაზე ხვდება ხოლმე. რეალური და გენერირებული კადრების გვერდიგვერდ დალაგებისას, გამოცდილ ჟურნალისტებსაც კი დასჭირდათ კადრების შენელება და დეტალებზე დაკვირვება, რათა სიყალბე ეპოვნათ.

რამდენად შორს გავრცელდება ეს სიყალბე, სანამ ვინმე მის გადამოწმებას მოიფიქრებს?

ნამდვილი:

ხელოვნური:

რატომ გვჯერა AI ვიდეოების?

მთავარი ცვლილება არა ვიზუალში, არამედ „ქცევაშია“. რეალური თვითმხილველის კადრები სავსეა ხარვეზებით: აკანკალებული ხელი, კამერა, რომელიც მოქმედების დაწყებამდე მიწას უყურებს, კადრები, სადაც არაფერი ხდება, ცუდი განათება და დაკარგული დეტალები.

AI პირდაპირ გადადის მოქმედებაზე – იდეალური კომპოზიციით, სუფთა განათებითა და დრამატული ტემპით. ის გვთავაზობს იმ მომენტს, რისი ნახვაც გვსურს, იმ ქაოსური შესავლის გარეშე, რაც რეალურ ცხოვრებას ახლავს თან. მიზეზი მარტივია: მოდელების უმეტესობა კინემატოგრაფიულ მასალაზეა ნასწავლი და არა ქაოსურ, სამოყვარულო კადრებზე. მათ „დრამა“ უფრო კარგად ესმით, ვიდრე „რეალობა“. სწორედ ეს განსხვავება აძლევს ჯერჯერობით გადამოწმების გუნდებს სიყალბის აღმოჩენის შანსს.

Reuters-ის ციფრული ნიუსების ანგარიშის მიხედვით, გლობალური აუდიტორიის 58%-ს ეშინია, რომ სიმართლესა და სიყალბეს ვეღარ არჩევს. ეს შიში ადრე მხოლოდ პოლიტიკასა და პროპაგანდას ეხებოდა, ახლა კი უწყინარ ვიდეოებსაც მისწვდა. ეს ფსიქოლოგიური ცვლილებაა, რადგან თუ მაყურებელი ეჭვქვეშ აყენებს ძაღლის გადარჩენის ვიდეოს, ის ეჭვქვეშ დააყენებს საომარ მოქმედებებსაც. ნდობა ერთბაშად არ ინგრევა, ის წვეთ-წვეთად იშლება ათასობით მცირე გაურკვევლობის გამო.

როგორ ამოვიცნოთ AI?

მიუხედავად იმისა, რომ დეტექტორი ხელსაწყოები არსებობს, ადამიანური თვალი და კრიტიკული აზროვნება შეუცვლელია. Storyful-ის ანალიზით, არსებობს რამდენიმე ნიშანი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ:

მოქმედება იწყება მყისიერად. რეალურ კადრებს თითქმის ყოველთვის აქვს შესავალი ან უმოქმედო წამები. AI პირდაპირ კულმინაციაზე გადადის.

იდეალური ცენტრირება. ობიექტები კადრის შუაში არიან მოქცეულნი, რაც თვითმხილველის მიერ გადაღებულ ქაოსურ კადრებს იშვიათად ახასიათებს.

ზედმეტად „გლუვი“ მოძრაობა. რეალური კადრები წყდება, ფოკუსი ირეავა, ხელი კანკალებს. AI-ს მოძრაობა კი ხელოვნურად თანაბარია.

დეტალების ბუნდოვანება. საათი, წარწერები, მანქანის ნომრები – ეს ის დეტალებია, რომლებსაც AI ზუსტად ვერ გამოსახავს და ხშირად „აახლოებს“ ვიზუალს.

ზედმეტი კომპოზიცია. კატასტროფის ან ველური ბუნების კადრები ზედმეტად დადგმულს ჰგავს. რეალური ცხოვრება გაურკვეველია, AI კი – რეჟისორული.

წყარო: Fastcompany

„სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი” თბილისში პირველად, „ალიანს ჯგუფის” მთავარი პარტნიორობით გაიმართება

Sony-ს განახლება:PlayStation-ის მენიუში საყვარელი პერსონაჟები დაგელაპარაკებიან