სოციალური მეწარმეობა ნებისმიერი ქვეყნის ეკოსისტემის აუცილებელი ნაწილია. ეს არის ბიზნეს საქმიანობა, რომელიც სხვადასხვა საზოგადოებრივ პრობლემას აგვარებს, როგორებიცაა: გარემოს დაცვა, ნარჩენების გადამუშავება, შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა, განათლება და სხვა მრავალი. ტიპური ბიზნესისგან განსხვავებით, სოციალურ საწარმოს არა მარტო ეკონომიკური ინტერესი აქვს. მისთვის საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა და სოციალური მისიის მიღწევა უფრო მნიშვნელოვანია და ეკონომიკური სარგებელიც იმისთვის სჭირდება, რომ ის სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობას მოახმაროს.
სოციალური საწარმოები საქართველოში ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან და ხშირ შემთხვევაში, უჭირთ თავის დამკვიდრება, ამიტომ მათ სჭირდებათ როგორც ფინანსური, ისე განვითარების ხელშემწყობი, სხვადასხვა სახის დახმარება. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), გავლენის ფონდი „აქციო” და ვენჩურული ფილანთროპიის ევროპული ასოციაცია (EVPA) სწორედ იმისთვის გაერთიანდნენ ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომ ამ საკითხზე ცნობიერება აამაღლონ და კიდევ უფრო მეტად შეუწყონ ხელი ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის აღმავლობას.
იმის გარდა, რომ ეს ორგანიზაციები, ერთად თუ ცალ-ცალკე, უკვე დიდი ხანია მსგავს პროექტებს ახორციელებენ, ახლო მომავალში საერთო კონფერენციასაც გეგმავენ, სახელად, Impact in the Neighborhood – Catalyzing change through investments and policy. კონფერენცია 28-29 ივნისს გაიმართება შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში და მასში მონაწილეობას საერთაშორისო სპიკერები 25+ ქვეყნიდან მიიღებენ.
რას ნიშნავს გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიცია, რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური საწარმოების მხარდაჭერა და რას უნდა ველოდოთ კონფერენციისგან? ამ კითხვებზე Marketer-ს ქრისტინე კანდელაკმა, გავლენის ფონდ „აქციოს” მენეჯერმა უპასუხა.
M: სანამ მთავარ თემაზე გადავალთ, მოგვიყევით CSRDG-ისა და გავლენის ფონდ „აქციოს” შესახებ: რა არის თქვენი ძირითადი საქმიანობა და რა ტიპის პროექტებს ახორციელებთ?
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 1995 წლიდან რამდენიმე მიმართულებით მუშაობს საქართველოში. ესენია: სოციალური მეწარმეობა, კორპორაციული პასუხისმგებლობა…კონკრეტულად სოციალური მეწარმეობის კუთხით 2009 წლიდან ვმუშაობთ და ამ დროის განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვეთ, ბევრი შესაძლებლობა შევქმენით.
ამ პერიოდის მანძილზე სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერაში გვეხმარებოდნენ საერთაშორისო დონორები. სულ ვფიქრობდით, როგორ იქნებოდა შესაძლებელი, რომ ადგილობრივადაც შეგვექმნა ისეთი ეკოსისტემა, რომელიც ამ ამ მიმართულების განვითარებაში დაგვეხმარებოდა.
რამდენიმე წლის წინ გავიცანით ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია, ვენჩურული ფილანთროპიის ევროპული ასოციაცია, რომელიც ევროპელი გავლენის ინვესტორების წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას წარმოადგენს. 2021 წლიდან მათთან ერთად დავიწყეთ მუშაობა გავლენაზე ორიენტირებულ ინვესტიციებზე, რაც დღემდე დიდ სიახლეს წარმოადგენს საქართველოსთვის. ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, დავიწყეთ ახალი პროექტი, რომლის მთავარი მიზანი აღმ. ევროპის ქვეყნებში გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირებისა და სოციალური მეწარმეობის განვითარებაა.
პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა გავლენის ფონდ „აქციოს” დაფუძნება, რომელიც ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება აკეთო გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციები. „აქციო“ გასულ წელს დაფუძნდა და მისი მიზანია, მოქმედი სოციალური საწარმოების მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ, გაზარდონ როგორც ეკონომიკური საქმიანობა და შედეგები, ისე თავიანთი სოციალური გავლენა. „აქციო” უკვე აქტიურად ფუნქციონირებს და პორტფელში 2 სოციალურ საწარმო გვყავს. ესენია: „ისტორიალი” და „ბაბალე”. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ინვესტორებს დიდი წვლილი მიუძღვით იმ შედეგების მიღწევაში, რომლებსაც ეს საწარმოები გეგმავენ. „აქციოს“ უკვე ჰყავს 3 ინვესტორი. მათ შორის პირველი გავლენის ინვესტორები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“ და ბატონი ნიკოლოზ ალავიძე. ჩვენი ინვესტორები ჩვენთან ერთად ავითარებენ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების ეკოსისტემას საქართველოში და ქმნიან ხელშესახებ სოციალურ და გარემოსდაცვით გავლენას.
M: რას გულისხმობს გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიცია და რით განსხვავდება ის ინვესტიციების სხვა ფორმებისგან?
გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება სოციალური მიზნის მქონე ორგანიზაციებში ინვესტირებას გულისხმობს და აქ წამყვანი ადგილი სწორედ სოციალური გავლენის შექმნას უჭირავს. ის გულისხმობს ისეთი ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მდგრადი ბიზნეს მიდგომების გამოყენებით ქმნიან დადებითი სოციალურ და გარემოსდაცვით გავლენას.
საზღვარგარეთ ძალიან ბევრი კომპანია არსებობს, რომლებიც გავლენის ფონდებს ქმნიან. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ Erste Bank, BMW, BOSCH, რომლებიც თავიანთი ფონდის გავლით თვითონ აკეთებენ ინვესტირებას. არსებობენ ინვესტორები, რომლებსაც თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობის მიზნების განხორციელებისთვის შუამავალი ფონდების გამოყენება ურჩევნიათ, როგორებიც ვართ ჩვენ. ასეთი მიდგომა ხშირად მათთვის უფრო ხარჯთეფექტური და დროის დამზოგველია. გავლენის ფონდების ინვესტორები თავიანთი ინვესტიციიდან შეიძლება ელოდნენ ფინანსურ უკუგებას, შეიძლება არა. ამის მიუხედავად, ის, რასაც ისინი ყოველთვის აუცილებლად მოელიან, არის დადებითი სოციალური შედეგის მიღება. ასეთი ფონდების საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი კლასიკური ინვესტიციებისგან არის ის, რომ ისინი პორტფელში არსებულ კომპანიებთან სამ აუცილებელ მიდგომას კომბინირებულად იყენებენ, ესენია: მრავალფეროვანი და საჭიროებებზე მორგებული დაფინანსების მექანიზმები, ტექნიკური დახმარება და სოციალური გავლენის დაგეგმვა, მართვა და შეფასება.
M: მოგვიყევით დაგეგმილი კონფერენციის შესახებ – რა არის მისი მთავარი იდეა და ვისთვის იქნება ის საინტერესო?
ძალიან ამაყები ვართ, რომ კონფერენცია Impact in the Neighbourhood იმართება საქართველოში და ჩვენ, EVPA-სთან ერთად, მისი მასპინძლები ვართ. კონფერენციის მთავარი მიზანია, წარმოვაჩინოთ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების კონცეფცია. ასევე, წარმოვაჩინოთ ორგანიზაციები, ვინც სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ევროპაში მუშაობენ სწორედ ამ მიმართულებით. ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლება ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონიდან.
კონფერენციაზე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ქმნიან გავლენის ფონდები სოციალურ გავლენას, რა მექანიზმებს იყენებენ ისინი. საინტერესო სესიები გვექნება სამთავრობო ინსტიტუტების როლის შესახებ ამ სფეროში, ეკოსისტემის შექმნაში. ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი სპიკერი გვეყოლება პორტუგალიიდან. ასევე, ვისაუბრებთ საკანონმდებლო გარემოზე სხვადასხვა ქვეყანაში, ინვესტირების მექანიზმებზე, ინვესტორების მიერ განვლილ გზაზე ვენჩურული კაპიტალიდან გავლენის მქონე ინვესტიციებამდე, სოციალური გავლენის შეფასების მნიშვნელობაზე და გავაზიარებთ ზოგად გამოცდილებას ამ მიმართულებით.
M: ვის შეეძლება კონფერენციაზე დასწრება და მისთვის საინტერესო ინფორმაციის მიღება?
კონფერენციაზე დასწრება შეეძლებათ სხვადასხვა კომპანიის ტოპმენეჯმენტის წარმომადგენლებს, ანგელოზ ინვესტორებს, ვენჩურული კაპიტალით დაინტერესებულ ადამიანებს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ 28 ივნისს მხოლოდ ქართული აუდიტორიისთვის ვმართავთ Impact for breakfast-ს, რაც შეხვედრების საერთაშორისო ფორმატია, სადაც 4 გავლენის ფონდის ლიდერი თავის გამოცდილებას გააზიარებს. დამსწრე აუდიტორიას შეეძლება, რომ არაფორმალურ გარემოში გაიცნოს როგორც მათი, ისე „აქციოს“ საქმიანობა.
M: რატომ არის ქვეყნის ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი მსგავს საკითხებზე ცნობიერების ამაღლება?
საქართველოში პირველად იმართება გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების შესახებ ასეთი მასშტაბური კონფერენცია და ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კონფერენციაზე წარმოჩენილი იქნება, თუ რამდენად აუცილებელია მსგავსი ინიციატივების განხორციელება ჩვენი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის; როგორ უწყობს ეს ხელს კომპანიების ცნობადობის ამაღლებას და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიების განხორციელებას. ამასთან, მსგავსი ღონისძიებებით საერთაშორისო ტენდენციების გაცნობისა და მათი ჩვენს პრაქტიკაში დანერგვის საშუალება გვეძლევა.
[R]