„ლაპარაკობს და გადმოსცემს გიორგი (მირზა) ავალიანი, ციფრულ სარეკლამო სააგენტო „ლივინგსტონთან“ შემოქმედებით დეპარტამენტთან არსებული პირი“:
„თავნება მარტის უკანასკნელი დღეები ილეოდა, როდესაც „ზუმერის“ კეთილშობილი მომხმარებლების არმიას Facebook-ის მორიგი პოსტით შევახსენეთ GoPro HERO კამერების განუზომელი შესაძლებლობების შესახებ. ჩვენდა სასიხარულოდ, რამდენიმე თავზეხელაღებულმა თავად გამოთქვა GoPro HERO-ს საგმირო პოტენციალთან წათამაშების მწველი სურვილი. ბუნებრივია, უკან არ დავიხიეთ და გადავწყვიტეთ, ჩვენი კამერისთვის ღირსეული გამოცდა მოგვეწყო ხიფათითა და თავგადასავლის ძიებით გულანთებულ ადამიანებთან ერთად. „ზუმერის“ მხურვალე მხარდაჭერითა და ჩვენი მეგობრების თავდადებით თავზეხელაღებული მომხმარებლების უშიშარ კომენტარს ფრთები იოლად შევასხით.
სად და როგორ მიმდინარეობდა გადაღებები?
დედამიწის ზედაპირიდან მოწყვეტის აუცილებლობამ თბილისის ზღვის სიახლოვეს თვალუწვდენელი ზეგანი აღმოგვაჩენინა. პარაგლაიდინგის ეროვნული ფედერაციის გამობრძმედილი ინსტრუქტორებისა და ზურგის შეუდარებელი ნიავის დამსახურებაა, რომ გემოზე გავაფრინეთ. გადაღებებმა მსხვერპლის გარეშე ჩაიარა, რაც ერთ-ერთი პატარა დეტალია, გულს რომ გვიხარებს.
ამ რგოლის მიზანი რა არის?
ჩვენთვის ტექნიკა ტიტანის გამძლე შენადნობებისა და ყოვლისმომცველი მეგაპიქსელების გარდა, დროსტარების დაუშრეტელ წყაროს წარმოადგენს. სულისშემძვრელი თავგადასავლებისა და საინტერესო სანახაობის გარეშე GoPro HERO კამერების არსებობის აზრს ვერ ვხედავთ. ამიტომ, გვესიამოვნა ისეთი ადამიანების აღმოჩენა, რომლებიც თავადაც არ ერიდებიან გამოწვევებს. ამ წამოწყების უმთავრესი ღირსება ბუნებრივი სპონტანურობაა. ხანდახან ძალიან ჭირს Facebook–ის კომფორტულ ფარდებს მიღმა მომხმარებელთან უშუალო საუბრის გაბმა. არადა, ასეთი ურთიერთობა ხშირად საერთოდ არ მოითხოვს დიდი ხნის განსჯასა და ყოყმანს – ნებისმიერი უწყინარი კომენტარი შეგვიძლია თვალის დახამხამებაში მარტივად ვაქციოთ რეალურ, გულწრფელ ემოციად, დავუკავშირდეთ ნამდვილ ადამიანებს და, თუნდაც, ერთი მზიანი ხუთშაბათი ვირტუალური ჩარჩოებიდან შორს თბილისის ზღვის ნოტიო ატმოსფეროში გავატაროთ.
ამართლებს ასეთი ტიპის ვიდეობი?
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მომხმარებლის ყურადღებისა და ჩართულობის ოფლისმღვრელი ომის ორივე მხარეს სათუთი ადამიანები ვიბრძვით. რაც უფრო ხშირად გავერთიანდებით საინტერესო მიზნის მისაღწევად, მით უფრო გაგვიადვილდება ერთმანეთის სულის გასაღების გამონახვა. მსგავსი ვიდეოები გვეხმარება ვაჩვენოთ, რომ სოციალურ მედიაში ნებისმიერი ბრენდის გვერდი (ერთი მსახიობის თეატრის გვერდების გამოკლებით) ერთი მსახიობის თეატრი არ არის და ზოგადად, ზედმეტი ფერუმარილი და სამსახიობო ოსტატობა საერთოდ არ გვჭირდება ერთმანეთისთვის თავის მოსაწონებლად.