in

9 ყველაზე გაყიდვადი მანქანის ისტორია მსოფლიოში

მსოფლიოში უამრავი მანქანაა, მაგრამ მათ შორის არის ისეთი მოდელები, რომლებიც, გარკვეულ მიზეზთა გამო, ყველაზე გაყიდვად მანქანებად იქცა ავტოისტორიაში. ასეთი მანქანები „სტარბაკსის” ჯიხურებს ჰგავს – ისინი ყველა ქუჩის კუთხეში დგას. ყველაზე შესამჩნევი ფაქტი ამ ამბავში ისაა, რომ ეს მანქანები, როგორც წესი, არ არის ხოლმე ყველაზე ელეგანტური და ლამაზი დიზაინით, თუმცა მაინც იკავებენ გაყიდვებში მოწინავე პოზიციებს, თანაც წლების განმავლობაში. მოდი, გადავხედოთ, რომელი მანქანებია ასეთი.

1. Toyota Camry

იაპონური საავტომობილო ინდუსტრიის „გვირგვინმა”, Toyota Camry-მ გაითქვა სახელი, როგორც მრავალფუნქციურმა მანქანამ. ის გამოიყენება პირადი მოხმარების ავტომობილად და ტაქსებად მთელ მსოფლიოში. 1980 წელს Toyota და Ford ცდილობდნენ, შეთანხმებულიყვნენ Camry-ის წარმოებაზე Ford-ის ქარხანაში და გაეყიდათ იგი ორივე ბრენდის არხებით, მაგრამ Ford-მა იგრძნო, რომ Camry პირდაპირ კონკურენციას უწევდა მათ მიერ შემუშავებულ მოდელს, ამიტომ უარი თქვა საბოლოო შეთანხმებაზე. 

საბოლოოდ, Camry-ის დებიუტი 1983 წელს შედგა. დღეისათვის კი დაახლოებით 10,000,000+ მოდელია გაყიდული.

2. Mercedes C-Class

როდესაც ის 1993 წელს გამოვიდა, Mercedes C-კლასს რეგულარულად მოიხსენიებდნენ, როგორც Baby Benz. მას ასე სიყვარულით ეძახდნენ, როგორც როგორც ოდესღაც საწყისი დონის Merc მოდელს. 

მისი კომპაქტური სალონი დაინერგა 1982 წლის დიაპაზონის შემცვლელად, რომელიც იყო გერმანული მწარმოებლის პირველი საშუალო ზომის სალონი. ამჟამად მეოთხე თაობის C-Class გამოდის ოთხ სტილში: სედანი, უნივერსალი, კუპე და კაბრიოლეტი.

3. BMW 3 სერიები

BMW 3 სერიები გამოსვლის დღიდან დიდი მოთხოვნით სარგებლობს და დღემდე ინარჩუნებს თაყვანისმცემელთა არმიას. მისი პირველი, ორიგინალური ვერსია პოლ ბაკმა შექმნა და თავიდან მხოლოდ 2-კარიანი სალონის სახით იყო წარმოდგენილი. 1987 წელს სერიას Touring მოდელი დაემატა და გახდა BMW პირველი ფურგონი. ახლა უკვე მე-7 თაობაში BMW 3 სერია ხელმისაწვდომია სედანის, კუპეს, უნივერსალის და კაბრიოლეტის სახით. აღსანიშნავია, რომ თავად მწარმოებლის მანქანების გაყიდვებში ამ სერიას 30% უკავია.

4. Ford Focus

Focus Ford Escort-ის ერთგვარი გაგრძელება იყო. Ford Motor Company მას 1998 წლიდან აწარმოებს. ის შეიქმნა ალექსანდრე ტროტმანის Ford 2000 გეგმის მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავდა მოდელის განვითარების გლობალიზაციას და ერთი კომპაქტური მანქანის გაყიდვას მთელ მსოფლიოში. დღეისათვის მოდელის 16,000,000+ მანქანაა გაყიდული.

5. Honda Accord

1976 წელს პირველი თაობის ჰეტჩბეკის გამოშვების შემდეგ, Honda Accord ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მანქანადაა მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ იაპონური მანქანაა, Accord-ის წარმატების უმეტესი ნაწილი აშშ-შია დაფიქსირებული. ახლა, თავის მეათე თაობაში, Honda Accord იწარმოება ხუთ სხვადასხვა ქარხანაში, მთელ მსოფლიოში.

6. Ford Fiesta

Fiesta-ს წარმოება 1976 წელს ესპანეთში დაიწყო. სახელი პირადად ჰენრი ფორდ II-მ შეურჩია, ესპანეთთან Ford-ის ახალი კავშირის აღსანიშნავად. Fiesta თავდაპირველად შეიქმნა პროექტ Bobcat-ის გუნდის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტრევორ ერსკინი. ჰენრი ფორდ II-მ კი დაადასტურა მისი გამოშვება 1972 წლის სექტემბერში. 

7. Volkswagen Beetle

როგორ უნდა გავაკეთოთ ყველაზე გაყიდვადი მანქანების სია Volkswagen Beetle-ის, „ხოჭოს” გარეშე. ავსტრიელმა ავტომობილების ინჟინერმა ფერდინანდ პორშემ თვით ადოლფ ჰიტლერთან გააფორმა კონტრაქტი, რათა „სახალხო მანქანა” შეექმნა. თავდაპირველად, პროტოტიპს ეწოდა KdF-Wagen, თუმცა შემდეგ სახელი შეიცვალა. 

Beetle იყო პირველი მანქანა, რომელმაც გაყიდა 20 მილიონზე მეტი ერთეული. გასაკვირია, რომ შვიდი ათწლეულის მანძილზე მხოლოდ 3 თაობა გამოვიდა. პირველი თაობის ავტომობილი 1938 წლიდან 2003 წლამდე იყო აქტუალური.

8. Volkswagen Golf

რადგან Volkswagen-ზე ვლაპარაკობთ, ბარემ Golf-იც ვახსენოთ. ეს არის მანქანა, რომელმაც შვიდი თაობის განმავლობაში უდიდესი საავტომობილო პროგრესი გამოავლინა. ავტოექსპერტები წარმატების საიდუმლოდ მისი მახასიათებლების ჯამს აცხადებენ – იდეალური კომპანიონი ყოველდღიური ცხოვრებისათვის, რომელიც განასახიერებს მრავალფეროვნებას, ფუნქციონალურობას, საიმედოობასა და ხარისხს. 

9. Toyota Prius

Prius პირველად 1997 წელს გაიყიდა იაპონიაში და ხელმისაწვდომი იყო ტოიოტას ოთხივე სადილერო ქსელში, რითაც იგი გახდა პირველი მასობრივი წარმოების ჰიბრიდული მანქანა. შემდგომში იგი მთელ მსოფლიოში დაინერგა 2000 წელს. მისი უდიდესი ბაზრებია იაპონია და აშშ, თუმცა ევროპის ქვეყნებშიც საკმაოდ მოთხოვნადია. მათ შორის, საქართველოცაა. პირველი მიზეზი, რის გამოც თავის დროზე Prius-ზე მუშაობა დაიწყეს, იყო საწვავის ეფექტურობის მიღწევა. ახალი ჰიბრიდული სისტემის კვლევები 1995 წელს დაიწყო, ხოლო 2 წელიწადში უკვე მანქანაც გამოვიდა.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ამიერიდან Instagram-ის ბიოში 5 ბმულის დამატება შეგვეძლება

როგორ უნდა შეუქმნათ თანამშრომლებს საუბრისთვის უსაფრთხო გარემო?