in

გაზაფხულის ხილ-ბოსტნეულის სასარგებლო თვისებები

გაზაფხული ყველას გვიყვარს. ის ზამთრის „ძილის” შემდეგ ერთგვარი გამოღვიძების პერიოდია, როდესაც მზე ანათებს, ბუნება ყვავილობს, ხოლო ჩვენი ორგანიზმი თავიდან იწყებს გამოცოცხლებას. ცივი და ღრუბლიანი ამინდების შემდეგ ის გამოფიტულია და ვიტამინები, მინერალები ესაჭიროება. ამ პერიოდში ახალი ხილი, ბოსტნეული შემოდის, რომელიც სწორედ მსგავსი ნივთიერებებითაა გაჯერებული და ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. 

ის, რომ სეზონური კვება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის, ჩვენთვის კარგადაა ცნობილი. ჩვენი ჯანმრთელობის რუბრიკაში ამ თემაზე ერთხელ უკვე გქვონდა ზოგადი საუბარი, თუმცა დღეს შევეცდებით, მოგითხროთ, კონკრეტულად რომელი პროდუქტები შემოდის გაზაფხულზე და თავიანთი სიჯანსაღით რომელი მათგანი ახდენს ჩვენზე დადებით ზეგავლენას.

მარწყვი

მარწყვმა, რომელიც გაზაფხულის შემობრძანების ერთ-ერთი მთავარი მაცნეა ხოლმე, უკვე დაიკავა მაღაზიისა თუ ბაზრების თაროები. გარდა იმისა, რომ საოცრად ლამაზი, გემრიელი და არომატულია, მას ბევრი სასარგებლო თვისებაც აქვს. A და C ვიტამინების შემადგენლობის გამო ის კარგი ანტიოქსიდანტია. ის ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების გამრავლებას, რომლებიც გზას უხსნის კიბოს სხვადასხვა ტიპს. მის შემადგენლობაში ასევე დიდი რაოდენობით კალციუმი, რკინა, ფოსფორი, კალიუმი, სელენი, ნატრიუმი და მაგნიუმია, ამიტომ მისი მიღება ორგანიზმისთვის ნამდვილად სასარგებლოა. მარწყვის შემთხვევაში ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რომ ეს ხილი ალერგენია. თუ ალერგიული ბრძანდებით, მაშინ ეცადეთ, ბევრი არ ჭამოთ ან თქვენს ალერგოლოგთან ერთად გაიარეთ, რა რაოდენობით შეგიძლიათ მარწყვის მიღება.

ალუჩა/ტყემალი

ალუჩას საქართველოში ტკბილ ტყემალსაც უწოდებენ. ის ქლიავისებრთა ტიპის ხეხილოვანი მცენარე და ბევრი ჩვენგანისთვის უსაყვარლესი ხილია. ალუჩის მოყვარულები, როგორც წესი, განსაკუთრებით ელიან ხოლმე გაზაფხულის დადგომას, რათა საყვარელი ხილი დააგემოვნონ. თავისი მოტკბო-მომჟავო და არომატული გემოთი, ის ნამდვილად დგას ბევრი ადამიანის ტოპ ხილის რიგებში, თუმცა მას ბევრი სასარგებლო თვისებაც გააჩნია, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.

რა ვიტამინებს ვიღებთ, როდესაც ალუჩას მივირთმევთ? პირველ რიგში, ის არ შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს და ამითაა სასარგებლო. ხილი გაჯერებულია  A, B ჯგუფის, PP და E ვიტამინებით, დიდი რაოდენობით ასკორბინმჟავით, პექტინით, ასევე მინერალებით: კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, ნატრიუმით, რკინითა და ფოსფორით. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუ გაზაფხულზე ამინდებმა მოგატყუათ და გაცივდით, ცოცხალი ალუჩის წვენის დალევა შეგიძლიათ, რომელიც დაგეხმარებათ მომჯობინებაში. 

ანანასი

ახალი ანანასი სწორედ გაზაფხულის შუა პერიოდიდან იკრიფება, ამიტომ მისი ამ სეზონზე ჭამა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. იგი სასარგებლო ხილია. ანანასის ბოჭკო ძალიან მდიდარია ისეთი სასარგებლო ნივთიერებებით, როგორიცაა C და B ვიტამინები, თუთია. ასეთი შემადგენლობის წყალობით, ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, მხარს უჭერს საჭმლის მომნელებელ ჯანმრთელობას და არის ენერგიის ნამდვილი წყარო. ის ასევე შეიცავს ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვან მჟავებს, კალიუმს, რკინას, მანგანუმს, კალციუმს, სპილენძს, ფოლიუმის მჟავას და ფოსფორს. ეს ყველაფერი კი ანანასს ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძვირფას ხილად აქცევს. 

ავოკადო

გაზაფხულის კიდევ ერთი საჩუქარი, რომელიც დიდი რაოდენობით A ვიტამინს შეიცავს. იგი სასარგებლოა თვალებისთვის, იმუნური სისტემისთვის, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებისთვის. ასევე მდიდარია საჭირო მინერალებით, როგორიცაა კალიუმი, ფოსფორი და სხვა. ავოკადოს გაზაფხულზე მიღება ძალიან ბევრ დადებით შედეგს მოგიტანთ.

მწვანე ლობიო

ბევრმა ალბათ არ იცის, როგორი სასარგებლო ბოსტნეულია მწვანე ლობიო, რომელიც სწორედ გაზაფხულზე შემოდის ხოლმე ჩვენთან და ზაფხულის შუა პერიოდამდე გვანებივრებს. ცნობილია, რომ იგი შეიცავს ხსნად ბოჭკოვან ნივთიერებებს, რომლებიც ეხმარება სისხლში შაქრის დონის გაკონტროლებას. იგი შეიცავს ფოლიუმის მჟავასა და მაგნიუმს, რომელთა დეფიციტიც ნამდვილად არ არის სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მწვანე ლობიო დადებითად მოქმედებს გულზე, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, თირკმელების, ტვინსა და ზოგადად, ნერვულ სისტემაზე.

ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ მწვანე ლობიო რეკომენდებულია დიაბეტის დროს. დაბალკალორიულობის გამო კი, ხშირად ჭამენ დიეტაზე მყოფები, რადგან არ ასუქებს და შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო მინერალებს.

პომიდორი

ახალი, ნამდვილი პომიდორი მაისიდან უკვე შემოდის ხოლმე და შემდეგ მთელი ზაფხული გრძელდება მისი აქტიურობის პერიოდი. მას ბევრი სარგებელი მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. პომიდორი არის C ვიტამინის, კალიუმის, ფოლიუმის და K ვიტამინის წყარო. ის იცავს გულს, ამცირებს კიბოს რისკს, ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას, აუმჯობესებს ძვლებს; ასევე სასარგებლოა თვალებისთვის და ხელს უშლის ნევროლოგიური მდგომარეობის პროგრესირებას, ხელს უწყობს წონის დაკლებას და აუმჯობესებს იმუნურ ჯანმრთელობას.

ბალი

საქართველოში მაის-ივნისის თვეში ბლის სხვადასხვა სახეობა მწიფდება. ბალი თავისებურად სასაგებლო ხილია. კერძოდ, ბ ჯგუფის ვიტამინებითაა გაჯერებული, რომლებიც გვეხმარება ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. იგი ასევე სასარგებლოა დერმატოლოგიური პრობლემების მოსაწესრიგებლად, კანისა და თმის ჯანმრთელობისთვის. 

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

გენური ინჟინერიით გულის შეტევების რისკის შემცირებას გეგმავენ

კუბიკების სტილში გარდაქმნილი „შერეკილები“ — 3D დიზაინერების ნამუშევარი