30 აპრილს დედაენის ბაღში, გაზეთის „სამასსამოცდახუთი” მეორე გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება. გაზეთი პირველად გასულ წელს გამოიცა. ის ერთგვარ არქივს ქმნის, სადაც თავმოყრილია ხელოვანების გამოცდილებები, მათი შთაგონების წყაროები, ძიებები და ტექნიკური პროცესები.
პუბლიკაცია მცირე სახელოვნებო ჯგუფის ინიციატივაა, რომელმაც გაზეთის პირველ გამოცემაში სხვადასხვა სახელოვნებო სფეროდან 40-მდე ხელოვანის ტექსტს მოუყარა თავი. წელს გაზეთი უფრო მოცულობითია – სპეციალურად 2022 წლის გამოცემისთვის 62 ტექსტი დაიწერა.
მეტი დეტალის გასაგებად, თავად გამომცემელს, ელენე გაბრიჩიძეს გავესაუბრეთ:
M: როგორ გაჩნდა გაზეთი „სამასსამოცდახუთის” შექმნის იდეა და რატომ გამოდის წელიწადში ერთხელ?
გაზეთ „სამასსამოცდახუთის” შექმნის იდეა გაჩნდა 2021 წლის იანვარში, მეგობრების წრეში, უშუალო საუბრის დროს. ჩვენთვის საინტერესო იყო ის პროცესები, რომლებსაც ჩვენ თვითონ, ნამუშევრის შექმნის მიღმა გავდივართ. მივხვდით, რამდენად განსხვავებულია სხვადასხვა ხელოვანების პროცესები და ეს გახდა ჩვენი განხილვის თემა. ვიფიქრეთ, საინტერესო იქნებოდა ერთმანეთის პროცესებში ჩახედვა, ფიქრის, აზროვნებისა და სამუშაო დინებების ახლოს გაცნობა.
საუბრის დაწყების პირველივე დღიდან სარედაქციო ჯგუფის ყველა წევრს გვჯეროდა, რომ შევძლებდით. პროცესი კი ნელ-ნელა მეტად გვაჩვენებდა, თუ როგორი საინტერესო და საჭიროც კია იმ დაფარული სივრცის გამჟღავნება, რომელიც ძირითადად ხელოვნების უხილავ მხარეს რჩება. საინტერესოა, როგორ იცვლება შემოქმედებითი სფერო წლიდან წლამდე; რა მიდგომები შემოდის; რა ფასეულობები გადადის; როგორაა გადაჯაჭვული ხელოვნება და სამყაროში მიმდინარე მოვლენები.
M: თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი გაზეთის გამოცემა?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელოვანის მიერ დასრულებული ნამუშევრის მიღმა, გავლილი გზის ჩვენება და ამ პროცესის აღწერის შენახვა. ეს ერთგვარი კოლექტიური ჟამთააღწერაა, სადაც საკუთარი გრძნობები, ფიქრები, გლობალური თუ სამყაროსმიერი მოვლენები თანაბრად მნიშვნელოვანია, რადგან თანაბრად ერთმანეთისგან მომდინარეობს. ვფიქრობთ, საკუთარი, ჯგუფური თუ საზოგადო მიგნებები საინტერესოა კონკრეტულად ტექსტის ავტორებისთვის, სახელოვნებო სცენისთვის, მკვლევრებისა და თეორეტიკოსებისათვის, დამწყები ხელოვანებისა და მაყურებლისთვის.
M: ვის ტექსტებს შევხვდებით გაზეთში?
გაზეთის პირველ გამოცემაში სხვადასხვა სახელოვნებო სფეროებიდან 40-მდე ხელოვანმა დაწერა ტექსტი საკუთარი განვლილი წლის შესახებ. წელს გაზეთი უფრო მოცულობითია – 62 ტექსტი დაიწერა სპეციალურად 2022 წლის გამოცემისთვის.
ვცდილობთ, მოვიცვათ ხელოვნების ყველა სფერო, რადგან ვფიქრობთ, პირადი გამოცდილების გაზიარება და აღწერა გააძლიერებს სახელოვნებო პროცესებს და ახალ კავშირებს გააჩენს ხელოვნების სხვადასხვა დარგებში მომუშავე ადამიანებს შორის.
M: როგორი იყო პირველი წლის გამოხმაურება მკითხველისგან და რა მოლოდინი გაქვთ წლევანდელი გამოცემისგან?
გაზეთის პირველი გამოცემის (ისევე როგორც მეორის) ბეჭდვის თანხა crowdfunding-ის პრინციპით შევაგროვეთ. უამრავმა ადამიანმა აგვიბა მხარი გაზეთის განსახორციელებლად. შესაბამისად, გაზეთის მიმართ ინტერესი მის გამოცემამდეც დიდი იყო. გაზეთის გამოცემა იყო დიდი ზეიმი. წელსაც დიდი მოლოდინია ხელოვანებისგან და სხვა მკითხველებისგან.
M: რა ღონისძიებებია დაგეგმილი გაზეთის მეორე გამოცემის პრეზენტაციაზე?
გაზეთის პრეზენტაცია 30 აპრილს, 15:00 საათზე დედაენის ბაღში გაიმართება.
გაზეთის გამოცემასთან ერთად დაგეგმილია ლალი პერტენავასა და თამარ ჭაბაშვილის საუბარი თემაზე: ხელოვანი საზოგადოებრივ სივრცეში და არქივის მნიშვნელობა ამ პროცესში.
წელს ვიფიქრეთ, პრეზენტაცია ყოფილიყო მეტად საუბარზე, ცოდნის გაცვლაზე დაფუძნებული, რაც კიდევ უფრო შემეცნებითს და საინტერესოს გახდის ამ დღეს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი