30
Jun
2017

GB – ქართველი იურისტის ტყავის ხელნაკეთი აქსესუარების სტარტაპი

30 Jun 2017

Startauperi
Startauperi


GB – ტყავის ხელნაკეთი აქსესუარების სტარტაპია, რომელსაც 37 წლის, პროფესიით იურისტი, გიორგი ბალამწარაშვილი უძღვება, დაახლოებით, წელიწად-ნახევარია. სტარტაპის სახელის შერჩევისას, უნდოდა, მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი რამ მოეფიქრებინა, ამიტომ გადაწყვიტა, საკუთარი სახელის ინიციალები გამოეყენებინა და GB დაერქმია. GB-ს პროდუქციას მეუღლესთან ერთად ქმნის, ერთად ფიქრობენ თითოეულ დეტალზე – როგორი იქნება ფორმა, ფერი, დიზაინი და ა.შ. მარკეტერი ესაუბრა გიორგის სტარტაპის შექმნის იდეაზე, უპირატესობებზე, პროდუქციის რეალიზების ადგილსა და ღირებულებაზე:

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=qCQF3aPtc98[/embedyt]

M: გიორგი, მოგვიყევით, რამ განაპირობა GB-ს ტყავის ხელნაკეთი აქსესუარების სტარტაპის შექმნა?
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ახლობელმა ხელნაკეთი სანადირო დანა მაჩუქა, რომელსაც  ქარქაში არ ჰქონდა. ზოგადად, მიყვარს და მეხერხება საკუთარი ხელით რაღაცების შექმნა, მათ შორის, ცნობილი შენობების ქაღალდის მაკეტების, ხის ნაკეთობების…ინტერნეტის საშუალებით, მოვიძიე ინფორმაცია, შევიძინე შესაბამისი ტყავი და გავაკეთე დანის ქარქაში. პირველი ნამუშევარი ცუდი არ გამოსულა, რის შემდეგაც, ჩემმა მეუღლემ მთხოვა, მისთვის ჩანთა შემეკერა. დიზაინი თავად მოიფიქრა, დავხაზეთ თარგი, შევარჩიეთ შესაფერისი ტყავი და საკმაოდ ნორმალური ჩანთა გამოვიდა. სწორედ ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ უფრო საფუძვლიანად მომეკიდა ხელი ამ საქმისთვის. შევისწავლე ტყავზე მუშაობის თავისებურებები. შემდეგ უკვე გაჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა ხელნაკეთი ტყავის აქსესუარების ფეისბუკგვერდი. დავიწყეთ ყველა ნაკეთობისთვის ფოტოს გადაღება და ვაკვირდებოდით გამოხმაურებებს. ჩემდა გასაოცრად,  ნამუშევრები ბევრს მოეწონა და გვთხოვდნენ, შეკვეთითაც დაგვემზადებინა.M: რით არის გამორჩეული თქვენ მიერ შექმნილი ნაკეთობები?
ჩვენ მიერ დამზადებული პროდუქცია 100% -ით ხელნაკეთია. არ ვიყენებთ არანაირ საკერავ მანქანას, ან სპეციალურ დანადგარს. ვმუშაობთ მხოლოდ ხელით. თითოეული თარგი, თითოეული ნაკერი,  უმცირესი დეტალიც კი ხელით არის შესრულებული. სწორედ ეს ანიჭებს ჩვენს ნაკეთობებს ინდივიდუალურობას. შესაბამისად, ჩვენი პროდუქცია ფაბრიკული ნაწარმისგან მკვეთრად განსხვავებულია, ასევე, არასოდეს ვაკოპირებთ სხვა ბრენდების ნაწარმს. ჩვენი ნაკეთობებისთვის მხოლოდ ნატურალურ ტყავს ვიყენებთ. არ ვიყენებთ ტყავის შემცვლელს. მასალას ვყიდულობთ როგორც თბილისში, ასევე, ვიწერთ ინტერნეტის საშუალებითაც.

M: რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს და სად ხდება თქვენი პროდუქტის რეალიზება?
ჩვენ შეგვიძლია ნატურალური ტყავისგან ნებისმიერი სახის აქსესუარი დავამზადოთ: ჩანთა, საფულე, ქამარი, საათის სამაჯური, დანის ქარქაში, პორტსიგარი და ა.შ . ასევე,  ვამზადებთ ტყავის სამკაულებსაც: საყურეებს, სამაჯურებს, ყელსაბამებს. თუმცა წინსაწარ, გასაყიდად დამზადებული პროდუქცია არ გვაქვს. როგორც აღვნიშნე, თითოეული დეტალი ხელნაკეთია, ამას საკმაოდ დიდ დრო და ენერგია სჭირდება. თან, ეს არ გახლავთ ჩემი ძირითადი საქმიანობა. ამიტომ მხოლოდ ინდივიდუალურ შეკვეთებზე ვმუშაობთ. GB-ს პროდუქციის რეალიზება, ძირითადად, საქართველოში ხდება, თუმცა გვქონდა შეკვეთა იტალიიდანაც, სადაც ხელნაკეთ აქსესუარებს გაცილებით მეტად აფასებენ, ვიდრე ჩვენთან.

M: როგორია შეკვეთის პროცესი და რამდენ ხანში მზადდება?
ჩვენთვის პროდუქტის შეკვეთა შესაძლებელია ფეისბუკის საშუალებით. მომხმარებელი ნახულობს ჩვენს ნაწარმს და გვიკვეთავს მისთვის სასურველ აქსესუარს. მას შეუძლია, თავად შეარჩიოს სასურველი ნივთის დიზაინი, ფერი, ფორმა, ფაქტურა. ვითვალისწინებთ დამკვეთის გემოვნებასა და მისი მოთხოვნების ძირითად პრინციპებს, რის შემდეგაც ნამუშევრის დიზაინს ინდივიდუალურად ვქმნით. ჩვენი მოდელები არასდროს მეორდება. შესაძლოა, იყოს მსგავსი დიზაინის, მაგრამ ყოველთვის აქვს განსხვავებული შტრიხი. ასე რომ, ვინც ჩვენთვის აქსესუარის შეკვეთას გადაწყვეტს, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ისეთივე ჩანთა, საფულე და ა.შ. არავის ექნება. რაც შეეხება დროს, ეს დამოკიდებულია თავად ნაკეთობის სირთულეზე. მაგალითად, საფულის შეკერვისათვის, დაახლოებით, 3-4 დღეა საკმარისი, თუმცა, ჩანთას გაცილებით მეტი დრო სჭირდება. M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ?
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ფასები საკმაოდ  დაბალია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელნაკეთი ნივთები საკმაოდ ძვირად ფასობს (რაც სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული). თუმცა, ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს, რომელსაც უყვარს და მოსწონს ნატურალური ტყავის  ხელნაკეთი აქსესუარები, მაღალი ფასის გადახდის საშუალება არ აქვს. ჩვენ ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად ვუდგებით  და ვცდილობთ, არავის დავწყვიტოთ გული.

განხილვა