in

რა გამოწვევებია საავტორო უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში და როგორ არეგულირებს მათ GCA

საავტორო უფლება – ეს არის უფლება,  რომელიც მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოების შექმნისას წარმოიშობა და მისი მოპოვება ავტორის მხრიდან გაცილებით მარტივია, ვიდრე, მაგალითად, უძრავ ქონებაზე საკუთრება, რადგან საავტორო უფლება არ საჭიროებს რეგისტრაციას. იგი წარმოშობილად ითვლება ნაწარმოების შექმნის მომენტიდან, რაც ნიშნავს, რომ უფლება არსებობს მაშინვე, როგორც კი ნაწარმოები ხილულ, მატერიალურ სახეს შეიძენს. მაგალითად: დაიწერა ლექსი, ჩაიწერა მუსიკა და ა.შ. ავტორი არაა ვალდებული, რომ ნაწარმოები გამოაქვეყნოს, თავის შემოქმედებაზე უფლებები მას ავტომატურად ენიჭება. 

საავტორო უფლებები ორგვარია: პირადი და ქონებრივი. პირადი, ანუ სახელის უფლება უვადოდაა დაცული. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაჟა-ფშაველა ყოველთვის იქნება „სტუმარ-მასპინძლის” ავტორი. რაც შეეხება მეორე მხარეს, ეს არის ქონებრივი უფლება, რას ნიშნავს, რომ ავტორმა სხვა პირის მიერ მისი ნამუშევრის გამოყენებისას უნდა მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. ქონებრივი უფლებით ავტორი მთელი სიცოცხლის განმავლობაში სარგებლობს და მეტიც, მის მემკვიდრეზეც გადადის 70 წლის ვადით.

საავტორო უფლებების საკითხი ყოველთვის აქტუალურია. მათ შესახებ ძირითადად მაშინ ვიგებთ ხოლმე, როდესაც რომელიმე ავტორის უფლებები ირღვევა და ამაზე ხმამაღლა საუბარს იწყებენ. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, რათა ყველამ კარგად გავიაზროთ, რომ – საავტორო უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. ის ეხმარება ავტორებს საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების შენარჩუნებაში. სხვისი საკუთრება კი გამოყენებული უნდა იყოს ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე, ყველა კანონის დაცვით

ამ საქმეს საქართველოში უკვე მრავალი წელია კონკრეტული ორგანიზაცია კურირებს, საავტორო უფლებების ასოციაცია. ის აერთიანებს ავტორებს, მათი სახელით გასცემს ნებართვებს, აგროვებს ჰონორარს და ანაწილებს ავტორებზე. ეს სისტემა 1999 წელს დაინერგა, თუმცა თავიდანვე წარმატებული არ იყო. ასოციაციას საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწია.

ამ სისტემას საავტორო  უფლებების  კოლექტიური  მართვა  ჰქვია,  რასაც  „ერთი ფანჯრის  პრინციპსაც“  უწოდებენ,  რადგან  კოლექტიური  მართვის  ორგანიზაცია ერთგვარი  შუამავლის  როლს  ასრულებს მოსარგებლესა  და უფლების  მფლობელს  შორის. ის მათ ურთიერთობას აადვილებს. მსოფლიო მასშტაბით ეს სისტემა საუკუნეებს ითვლის, საქართველოში კი მხოლოდ 1999 წელს მივიღეთმარეგულირებელი  კანონი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა GCA.  GCA  კოლექტიური  მართვის  ერთადერთი  ორგანიზაციაა  საქართველოში.  ასეთივე  ორგანიზაციები  არსებობს  მსოფლიოს  თითქმის  ყველა  ქვეყანაში”, – გიგა კობალაძე, საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარე.

საავტორო უფლებები ვინმეს კეთილი ნება არ არის, ის კანონით რეგულირდება

ინტელექტუალურ საკუთრებას, ოფიციალურად, კანონი იცავს. მისი დაცვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა შემოქმედი იყოს აღიარებული, როგორც ავტორი და მან საკუთარი ნამუშევრისთვის შემოსავალიც მიიღოს. როდესაც ეს სისტემა მოწესრიგებულია და ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება, ავტორებს უმაღლდებათ მოტივაცია, კიდევ შექმნან ახალი პროდუქტი, აკონტროლონ, თუ ვინ და როდის იყენებს მათ შემოქმედებას. ამასთან, ინტელექტუალურ საკუთრებას დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში და ზოგადად, საზოგადოების  მაღალ განვითარებაზეც მიგვანიშნებს.

ასოციაციის, GCA-ის საქმიანობა

ასოციაციამ აქტიური რეფორმირების პროცესი 2011 წლიდან დაიწყო. მისი პირველი ნაბიჯები ბევრ სირთულეს უკავშირდებოდა. ერთ-ერთი იყო კაფეებისთვის, რესტორებისთვის და სხვა მოსარგებლეებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ არის საჭირო ავტორებისთვის ჰონორარის გადახდა. ამ ყველაფერს ხელს უშლიდა ცნობიერების დაბალი დონე, თუმცა ხანგრძლივმა მუშაობამ იქონია შედეგი და დღეს უკვე ისეთი შემთხვევებიც კი გახშირდა, როცა ობიექტები საქმიანობის დაწყებამდე მიმართავენ GCA-ს. 

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი ორგანიზაციისა და გუნდის დამსახურებაა, საავტორო უფლებებს ყურადღება რომ ექცევა.  პროგრესზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 1999 წლიდან 2011 წლამდე, ჩვენი ორგანიზაცია ავტორებისთვის ყოველწლიურად საშუალოდ 250,000 ლარს აგროვებდა, 2019 წელს კი შეგროვებულმა ჰონორარმა 5.5 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 22-ჯერ აღემატება წინა წლების მაჩვენებელს და დამეთანხმებით, რომ ეს რიცხვი შთამბეჭდავია. ასევე, შევძელით პანდემიის შემდეგ რეაბილიტაცია და 2022 წელსაც 2019 წლის მაჩვენებელზე გავედით. მიღწეული წარმატება ასოციაციის არაერთი აღიარების საფუძველი გახდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. 2015 წლიდან მოყოლებული სტაბილურად ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას რეგიონში, საქმიანობის გამჭვირვალობისა და ჰონორარის შეგროვება-განაწილების მაჩვენებლით, 2017 წელს ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას, ბულგარეთსა და სლოვაკეთსაც კი გავასწარით, ხოლო 2022 წლის მონაცემებით, უკვე აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ორგანიზაციად დავსახელდით”, – გიგა კობალაძე, საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარე.

დღეს ასოციაცია  2000-ზე მეტ ადგილობრივი წევრს აერთიანებს. მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების თითქმის ყველა მიმართულებით. ავტორებისთვის გაწევრიანება მარტივად, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და მარტივი ფორმის შევსებით ხდება, სადაც ის ასოციაციას ინფორმაციას აწვდის თავისი ნაწარმოებების შესახებ, რაც საერთაშორისო ბაზებში განთავსების მერე მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი ხდება.

საერთაშორისო ორგანიზაციები

GCA ე.წ.  ქოლგა  ორგანიზაციების,  CISAC-ის, BIEM-ისა და IFRRO-ს წევრია. ისინი სხვადასხვა ქვეყნის კოლექტიური მართვის ორგანიზაციებს აერთიანებენ და ამ სფეროს ზოგად სტანდარტებს განსაზღვრავენ. მათი ფუნქციაა, გასცენ რეკომენდაციები, შეაფასონ სიტუაცია ქვეყნებში, შეადგინონ რეიტინგები და ა.შ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში არსებული ყველა კოლექტიური მართვის ორგანიზაცია საკუთარ ქვეყანაში წარმოადგენს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ავტორებს და მათთვის ჰონორარს აგროვებს.  ადგილობრივი ავტორების წარმოდგენა ხდება უშუალოდ მათთან გაფორმებული წევრობის ხელშეკრულებებით, ხოლო უცხოელების – სხვა ქვეყნების კოლექტიური მართვის ორგანიზაციებთან გაფორმებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების საფუძველზე. ჩვენ გაფორმებული გვაქვს 250-ზე მეტი ხელშეკრულება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კოლექტიური მართვის ორგანიზაციასთან, რითაც წარმოვადგენთ მრავალ მილიონ საავტორო უფლების მფლობელს საქართველოში”, – გიგა კობალაძე, საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარე.

რა ხდება მაშინ, როცა უფლებები ირღვევა

GCA-ის დაკვირვებით, დარღვევები ძირითადად ნაწარმოებების უნებართვოდ გამოყენებას ეხება. ამ დროს საქმეში სასამართლო ერთვება და იწყება დავა. როგორც ასოციაციაში გვიზიარებენ, სასამართლო დავები ყველაზე ხშირად მუსიკალური ნაწარმოებების გამოყენებას ეხება, რადგან ეს სფერო ყველაზე მოცულობითი და დიდია. დარღვევა როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მოიცავს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გამოყენება თითქმის არ ხდება. ასოციაცია იმასაც აღნიშნავს, რომ დღესდღეობით სასამართლო დავების რაოდენობა ბევრად შემცირებულია.

მიუხედავად ხელშესახები შედეგებისა, ეს სფერო ბოლომდე მოწესრიგებული არ არის და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევაა. ეს ეხება როგორც საქმიანობის სრულყოფას, ასევე საავტორო უფლებების მიმართ საზოგადოების ქცევის ჩამოყალიბებას, კულტურის დანერგვას, როდესაც დარღვევა ნორმა აღარაა და ამისთვის სათანადო პასუხისმგებლობა დგება. ძირითად გამოწვევად კვლავ რჩება საზოგადოებრივი ცნობიერება, რომლის ამაღლებასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, ამაზე მუშაობა ჩვენი საქმიანობის ერთ- ერთი მთავარი მიმართულებაა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ არის დარჩენილი დასალიცენზირებელი სფეროები და ამ კუთხითაც აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას”, – გიგა კობალაძე, საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარე.

ამ სფეროზე გავლენის მოპოვებას ბოლო 4 წელია რუსეთი ცდილობს როგორც საქართველოში, ისე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, როგორებიცაა: უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. მართალია, ამ ქვეყნების ასოციაციებმა და საქართველომ უარი თქვეს რუსეთის სივრცის ნაწილად გახდომაზე და საერთო პლატფორმაც შექმნეს, თუმცა მან მაინც მოახერხა და საქართველოში დააარსა უკანონო ორგანიზაციები: GERA და ROZUM.

ამ ორგანიზაციებით მან დაიწყო სფეროს დასუსტება და მისი ხელში ჩაგდება. მას ბევრი მცდელობა ჰქონდა, რომ გადაებირებინა ჩვენი წევრები. ეს ხან დიდი ჰონორარის გადახდაში გამოიხატებოდა, ხან მოსარგებლეების მხრიდან  ჰონორარის უკანონოდ მოთხოვნაში. სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან საეჭვო ალიანსით, მოახერხა კანონის შეცვლა და ახალი ცვლილებებით შესაძლებელი გახადა ამ ორგანიზაციების უკანონო საქმიანობის ლეგალიზება. საგულისხმოა, რომ პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო მიუხედავად ყველა საერთაშორისო ქოლგა ორგანიზაციის წინააღმდეგობისა. 

გარდა ამისა, CISAC-მა სპეციალური რეზოლუცია მიიღო რუსეთის წინააღმდეგ. ვიმედოვნებთ, რომ ახალი კანონმდებლობის პირობებშიც კი, რუსეთი ვერ შეძლებს საკუთარი მიზნის მიღწევას – ქართული სახელოვნებო სივრცის ხელში ჩაგდებას და პროპაგანდის იარაღად მის გამოყენებას“, – გიგა კობალაძე, საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარე.

[R]

MIT-ის 25 ონლაინ კურსი, რომლებიც უფასოდ შეგიძლიათ გაიაროთ

როგორ შეგვიძლია ChatGPT-ის გამოყენება SEO-ის გასაუმჯობესებლად