in

„შემოთავაზებებზე უარის თქმა ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა“ – გეგა წურწუმია

„უარი თქვა კომფორტზე და შენი ცხოვრებისა და მომავლის ბატონ-პატრონი გახდე, ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებაა“.

ბოლო სამსახურის დატოვების შემდეგ მხოლოდ ჩემს სტარტაპებზე ვმუშაობდი. პროექტის განვითარების ძალიან ადრეულ ფაზაში ვიყავით და მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ წამოწყებაზე ზრუნვა, ჩემი მხრიდან, დიდ დროს არ მოითხოვდა, პარალელურად კი, სხვადასხვა კომპანიიდან შემოთავაზებებსაც აქტიურად ვიღებდი (ზოგი საკმაოდ მომხიბვლელი იყო და ეს კომფორტის ზონა მაცდურად გამოიყურებოდა) – შემეძლო, რომელიმე მათგანს დავთანხმებოდი, კარგი ანაზღაურება, გარანტირებული შემოსავალი მიმეღო და ჩემი სტარტაპისთვის მხოლოდ თავისუფალი დრო დამეთმო – გულს მივენდე და პრინციპულად, ყველა შემოთავაზებაზე უარი ვთქვი.

მოკლედ, თავით გადავეშვი იმ გაურკვევლობაში, რასაც კომპანიის, ტექნოლოგიური სტარტაპის აწყობა და გზაზე დაყენება ჰქვია… ბუნდოვანი იყო, როდის გაჩნდებოდა შემოსავალი, ვის რა უნდა გვეკეთებინა და ა.შ. მაგრამ დღევანდელი, უკვე განვლილი მოკლე, მაგრამ წარმატებული გზითა და 15 კაციანი გუნდით შემიძლია, ვთქვა, რომ შემოთავაზებებზე უარის თქმა ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

უარი თქვა კომფორტზე და შენი ცხოვრებისა და მომავლის ბატონ-პატრონი გახდე, ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებაა.

ვგრძნობდი, რომ გარისკვის დრო იყო. გარკვეული პროფესიული გამოცდილება უკვე  მქონდა, გარდა ამისა, დიდი ვალდებულელებიც არ მეკისრა – ფინანსური თუ პირადი. პროექტი კი, რაზეც ვმუშაობდით, ცხადი ხდებოდა, რომ ჩვენგან უფრო მეტი რესურსის ჩადებას მოითხოვდა, ვინაიდან გვინდოდა, ჩვენი იდეისგან წარმატებული ტექნოლოგიური კომპანია შეგვექმნა.

შედეგზე წარმოდგენა არ მქონდა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორ დროს, სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი. ჩემი შესაძლებლობების მჯეროდა და მინდოდა, რომ მთელი რესურსი ამ იდეაში ჩამედო. დანარჩენს დრო მაჩვენებდა.

ასე და ამგვარად, სრულად მომიწია ჩემი ცხოვრების სტილის შეცვლა. გაწერილი კორპორატიული გრაფიკიდან საკუთარი თავი რადიკალურად ახალ, იმ დროისთვის გაურკვეველ რეალობაში გადავისროლე. გადალაგება გამიჭირდა. 10 წლიანი, გაწერილი სამუშაო კულტურიდან უცბად სრულ ქაოსში ჩავარდნა მარტივი არ აღმოჩნდა, მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი, ჩემით როგორ შემეძლო იმ სისტემის აწყობა, რომელსაც მომავალში ნებისმიერ საქმიანობაში გამოვიყენებდი. 

ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაშიც ეს არის ყველაზე დიდი შენაძენი. ახლა უკვე მნიშვნელობა არ აქვს, რა საქმეს მოვკიდებ ხელს – ჩემს ცხოვრებაში მყარი ფუნდამენტი უკვე მზად მაქვს!

გეგა წურწუმია, „ფეიზის“ დამფუძნებელი

უფრო ცხელი, უფრო წვნიანი, უფრო გემრიელი – მაკდონალდსის განახლებული კლასიკა

„საქართველოს ბანკის“ პროგრამა „ლიდერატორში“ უკვე 200-მდე სტუდენტი ჩაერთო