in

“გელა უნდა შეიცვალოს” – გიორგი პოპიაშვილის პოსტი ბათუმის ლოგოს დიზაინზე

აქტუალური თემა სოც-ქსელში ამჯერად ვასაძე, ივანიშვილი, ლგბტ და კაზანტიპის ნაცვლად ბათუმის ლოგოს დიზაინია, ამიტომ მივცემ თავს უფლებას ჩემი აზრი გამოვთქვა. თუმცა ჩემი პოზიციის დაფიქსირება ამ ლოგოს ავკარგიანობას არ ეხება. აქვე ვიტყვი, რომ გარკვეულ კრიტიკას ვეთანხმები კიდეც ლოგოსთან მიმართებაში.

ჩემი პოზიცია, უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, მოდით პერსონიფიცირება გავაკეთოთ იმ ჯგუფის ვინც ასეთი პოპიაშვილი გიორგი“პროფესიული ჟინით” აკრიტიკებს ბათუმის ლოგოს ვერსიებს. ერთ ადამიანში მოვუყაროთ თავი ყველა იმ პერსონალურ პოსტებსა თუ სტატიებს, კრიტიკას, საუბრის ტონს, და ასევე მის შესაძლებლობებსაც და შევეცადოთ დავინახოთ როგორი ადამიანი/პროფესიონალია ის. პირობითად მას გელა დავარქვათ! აქვე გეტყვით, გარდა იმისა რომ გელა არანაირად არ მესიმპათიურება, არც მისი პროფესიონალიზმისა და კეთილი ზრახვების მჯერა. შევეცდები ავხსნა რატომ.

გელა არ არის თავად პროფესიონალი, წარმატებული თავის საქმეში, ან თუნდაც კარგი თეორიტიკოსი (რაც აუცილებელი მახასიათებელი უნდა იყოს ნებისმიერი კრიტიკოსისათვის). ამას ძალიან მარტივად მივხვდებით თუ საქართველოს გრაფიკული დიზაინის საშუალო დონეს დავაკვირდებით. ის მსუბუქად რომ ვთქვათ ჩამორჩენილი დილეტანტია, რომლის შესაძლებლობები და ამბიციები არ მოდის შესაბამისობაში.

გელა აროგანტი, უზრდელი და ცინიკოსია. (იხ. პერსონალური პოსტები, სტატიები ამ თემასთან დაკავშირებით) ეს თვისებები გარკვეულ წილად მისაღები და რიგ შემთხვევებში სასარგებლოც არის, როდესაც გენიასთან გვაქვს საქმე. კიდევ ერთხელ, გთხოვთ გადაავლოთ თვალი რა ხდება საქართველოს გრაფიკულ დიზაინში და აქაც ძნელია არ დამეთანხმოთ რომ გენიასთან ნამდვილად არ გვაქვს საქმე.

გელა აგრესიული, გაბრაზებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს რომელიც ჩუმად არის და ხმას არ იღებს, თითს არ ანძრევს რომ რაიმე სასარგებლო გააკეთოს, მაგრამ ცეცხლივით ენთება როდესაც მის დაუკითხავად “რაღაც ხდება”.

გელა ზარმაცია! ბევრად ურჩევნია “აზრის” გამოთქმით და “კრიტიკით” მოახდინოს თვითრეალიზება ვიდრე საქმე გააკეთოს. ერთი ადამიანი თუ გამოჩენილა ამ ვნებათა ღელვაში ვინც ამხელა ტალღის აგორების ნაცვლად, ძალისხმევას უკეთესი ვერსიების შექმნაში დახარჯავდა? თუ იყო ასეთი, ის აშკარად ვერ ცვლის ამინდს გლობალურ სურათზე…

გელას ზიანი მოაქვს! – თქვენი თავი წარმოიდგინეთ იმ ადამიანის ადგილას ვინც ამ პროექტზე იმუშავა. სად არის თქვენი ქართული სოლიდარობა? ნუთუ ფიქრობთ ამ ადამიანს რაიმე მოტივაცია გაუჩინეთ განვითარების, ან სურვილი წვლილის შეტანის “საერთო საქმეში”? ბათუმის ლოგოს პრობლემა ერთ წამში მოგვარდება – მოვა ახალი მთავრობა და გაკეთდება ბათუმის “რებრენდინგი”, დემოტივირებული, თავხედი გელასგან შეურაცყოფილი ადამიანის განწყობა ასე ადვილად არ შეიცვლება.

როდესაც გელას ვხატავ გონებაში, ვხვდები რომ მისგან არაფერ კარგს არ უნდა ველოდო. ეს უფრო მაღელვებს ვიდრე როგორი ლოგო ექნება ბათუმს. ერთადერთი პოზიტიური შედეგი რაც ინტრიგანმა გელამ შეიძლება მოიტანოს არის ის რომ ბათუმს, უმრავლესობის მიერ დაწუნებული ლოგო არ ექნება. რაც სამწუხაროდ, სრულიად არ არის იმის გარანტი რომ გელა ახალ და უკეთეს ვერსიას შემოგვთავაზებს. ამით, არც გლობალურ სურათი შეიცვლება ამ ინდუსტრიაში.

იმედია მეტაფორას სწორად მიმიხვდით, და გელას (რომლის ერთერთი ნაწილი მეც ვარ სამწუხაროდ) მიმართ გამოთქმული შეურაცმყოფელი კრიტიკა არ ვრცელდება კონკრეტულ ინდივიდებზე.

იმ სფეროს რომელზეც ასე გული შეგვტკივა ბათუმის ლოგო ვერც დაანგრევს და ვერც ააშენებს. გელა უნდა შეიცვალოს.

„დღეს რეკლამის გარეშე არტი არაფერია“- თეო კოხოძე

ბათუმის ახალი ლოგო შერჩეულია! ACT-ი განცხადებას ავრცელებს