in

როგორ შეუძლიათ კომპანიებს გემიფიკაციის გამოყენება მომხმარებლის ლოიალობის ასამაღლებლად

თამაშების ინდუსტრია უკვე ნელ-ნელა კარგავს იმ იმიჯს, რომ ის ბავშვებისთვის ან გასართობი დანიშნულებით შეიძლება გამოიყენონ. წინა კვირაში ჩვენ მოვამზადეთ სტატია თამაშების განათლებაში ინტეგრაციაზე და დავინტერესდით, რა პერსპექტივები აქვს იმავე ინდუსტრიას ბიზნესში. 

მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებით სხვა მეთოდებისა, გემიფიკაცია შედარებით ნაკლებად არის დამკვიდრებული ქართულ ბიზნესში, როგორც სერვისების გაუმჯობესებისა და მომხმარებელთა ლოიალობის ასამაღლებელი საშუალება, პატარ-პატარა მაგალითები მაინც გვაქვს და ისინი საკმაოდ კარგად მუშაობს. არსებობს კომპიუტერული თამაშები, რომლებიც კომპანიების მობილურ აპლიკაციებშია ინტეგრირებული, ზოგიერთს კი ვებგვერდზე შეხვდებით. 

მსოფლიო მასშტაბით კი, ამ თემაზე საკმაოდ ბევრი გამოხმაურებაა და არაერთი კომპანია იყენებს თამაშების მეთოდს როგორც შიდა სამზარეულოში, თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებისთვის, ისე უფრო ფართო და დიდ პროექტებს, რომლებსაც მომხმარებელზე უშვებს. როგორც სხვადასხვა კომპანიის მენეჯერები ამბობენ, თამაშის მეთოდის გამოყენება თანამშრომლებში ქმნის მეგობრულ გარემოს, გუნდის წევრებს აძლევს მოტივაციას და ზრდის კონკურენტუნარიანობას. 

თამაშების ის კატეგორია, რომელიც მომხმარებელზე გადის ძირითად რამდენიმე მიზანს ემსახურება: მომხმარებელთა ლოიალობის ამაღლება, მომხმარებელთა ჩართულობა კომპანიის აქტივობებში, გაყიდვების გაზრდა და დიგიტალიზაცია. არსებობს გარკვეული სტატისტიკები, რომ ის მომხმარებლები, რომლებიც სოციალურ ქსელებში აქტიურები არიან, მეტი სიხალისით ერთვებიან კომპანიის მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა ციფრულ თამაშში. ეს ეხმარება კომპანიას, რომ მისი ბრენდი ვირუსულად გავრცელდეს საზოგადოებაში. თამაშებს, როგორც წესი, დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე, ის ზიარდება სოციალურ ქსელებში, მომხმარებლები იწყებენ მასზე საუბარს, შედეგების გაზიარებას და სხვა, ამიტომ მისი გამოყენება ბრენდის მიმართ მომხმარებლის ლოიალობის ასამაღლებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

ამ თემაზე რამდენიმე კითხვით თამაშების დეველოპერსა და ამ მიმართულების ლექტორს, პავლე ტაბატაძეს ვესაუბრეთ:

M: თქვენი დაკვირვებით, რამდენად აქტუალურია თამაშების ინტეგრირება კომპანიებში?

საქართველოში ნაკლებად აქტუალურია, მაგრამ უცხოურ კომპანიებში არის სხვადასხვა სახის თამაშების გამოყენებით თანამშრომლების პროდუქტიულობის გაზრდა, გონების სავარჯიშოები, გუნდურობის გასაუმჯობესებლად გუნდურად თამაშები და ასევე ახალი პროდუქციის შექმნისას მისი ცნობადობის სწრაფად გავრცელებისათვის ა.შ.

M: საქართველოში რა მაგალითები გვაქვს, რომ კომპანიები იყენებენ თამაშებს სერვისების გასაუმჯობესებლად, აუდიტორიის გასაზრდელად?

საქართველოში, სიმართლე გითხრათ, დიდად არ მახსენდება გარდა რამდენიმე კომპანიისა. მაგალითად, ბილაინს აქვს სხვადასხვა ტიპის გასართობი თამაშები, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია უფასო მეგაბაიტების მოპოვება და ამ გზით ცდილობს, წაახალისოს მისი მომხმარებელი; ან დელივერ კომპანია ვოლტი, სადაც შეგიძლია, სანამ კურიერი მოგიტანს შეკვეთას, ტაიმერზე დააკლიკო რამდენჯერმე და თამაში იწყება. თამაშის მიზანია, ყველაზე სწრაფად დააკლიკო ეკრანზე გარკვეულ დროში და ამით შანსი გაქვს ვაუჩერი მოიგო 3 უფასო მიტანის (სხვათა შორის, მე მოვიგე შემთხვევით, დრო გამყავდა და არც ვიცოდი რამე სარგებელი თუ იყო და ძალიან გამიხარდა).

M: რა უპირატესობა აქვს ბიზნესისთვის თამაშით კომუნიკაციას მომხმარებელთან?

ვფიქრობ თამაში ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, ერთი მხრივ მომხმარებლის სურვილები გაიგო, მაგალითად სხვადასხვა სტილის თამაშები შესთავაზო და მომხმარებლის აქტივობის  მიხედვით სხვადასხვა თამაშების მიმართ, რაღაც სტატისტიკა ჩამოგიყალიბდება თუ რასტილის თამაშები უფრო მოსწონს შენ აუდიტორიას და რა მარკეტინგული საშუალებები შეგიძლია გამოიყენო ისე რომ თამაშში შეუმჩნევლად ჩასვა რეკლამა. მაგალითად თუ თამაშის სტილია რაიმე ტიპის რანერ თამაში და მოქმედება ქალაქში ხდება შეგიძლია უკანა ფონზე ბანერები აჩვენო თითქოს ქუჩაში გამოკრული ე.წ პლაკატებია, მაგალითად კოკა-კოლის რეკლამა ან სხვა. ასევე თამაშებიდან მიღებული სარგებელის მიმღები მომხმარებლის მხრიდან კეთილგანწყობას იმსახურებს სხვადასხვა კომპანიები. თან თამაშში მარტივად შეისწავლო შენი აუდიტორიის ფსიქოლოგია და ინდივიდუალურად შესთავაზო სხვადასხვა სერვისები, თუნდაც თამაშიდან.

M: როგორი და როგორი ტიპის თამაშებია ბიზნესებისთვის, ანუ რამდენად განსხვავდება ან ჰგავს ჩვეულებრივ, გასართობ ვიდეოთამაშებს?

ძირითადად ვფიქრობ რომ ბიზნესისთვის თამაშები არ უნდა იყოს ისეთი სტილის რაც დიდ დროს მოითხოვს მომხმარებლის მხრიდან, ეს უნდა იყოს რაღაც სარგებლის მომტანი და გასართობი ტიპის როგორც ვოლტის თამაშის მაგალითზე, სადაც თან ერთობი და დრო გაგყავს ლოდინის ნაცვლად და თან სარგებელსაც იღებ თუ წარმატებით შეასრულებ თამაშს. ვფიქრობ ბიზნესებისათვის შექმნილი თამაშები უფრო გათვლილი უნდა იყოს ამ ბიზნესის რაიმე პროდუქტის ან სერვისის პოპულარიზებისათვის და არა იმისთვის რომ კომპანიას მოლოდინი ჰქონდეს ამ თამაშიდან დამატებითი შემოსავლის მიღების. ბიზნესისთვის შექმნილი თამაშები ძირითად შემთხვევაში მარტივი სტილისაა და პლიუს ასე თუ ისე მორგებულია კონკრეტული ბიზნესის მიმართულებასა და პროდუქციაზე.

 

შესაძლოა, მთვარეზე არსებული წყლის ნაწილი დედამიწიდან მოხვდა

ნახეთ: როგორია Circuit-ის ელექტრონული ბაღი