მართალია, ხელოვნური ინტელექტის შესახებ უფრო მეტად ტექნიკურ განახლებებს ვართ შეჩვეულნი, მაგრამ ამჯერად ვიზუალური განახლების მომსწრენი ვხდებით და ეს ამბავი Google Gemini-ის შეეხება. ტექნოლოგიურმა გიგანტმა აპლიკაციის განახლებული ნიშანი შემოგვთავაზა, რომელიც მანამდე არსებულ გრადიენტს უფრო ფერადი, გუგლის მსგავსი ტონებით ანაცვლებს.
ამგვარად, აქ უკვე წითელ, მწვანე, ყვითელ და ლურჯ ფერებს ვხედავთ და არა, მონოქრომულ იასამნისფერ-ლურჯ ტონს. ახალი ლოგო მეტად მომრგვალებულიცაა, თუმცა სიბრჭყვიალით შთაგონებულ ფორმას მაინც ინარჩუნებს. განახლების შედეგად კი Gemini მეტად შესაფერისი ხდება ისეთი სერვისებისთვის, როგორებიცაა Chrome, Gmail და Maps — ეს ცვლილება ამ წლის დასაწყისში არსებული განახლების ნაწილია, რა დროსაც G ლოგოს ვიზუალი შეცვალეს.

აღსანიშნავია, რომ რედიზაინს ფუნქციური განახლებებიც ახლავს. ანდროიდის მომხმარებლებს ახლა უკვე Gemini-ის განახლებული ვიჯეტით სარგებლობა შეეძლებათ, რაც მოიცავს პირდაპირ წვდომას ვიდეოსა და სქრინის გაზიარების ფუნქციებზე, რომლებიც Gemini Live-ს უკავშირდება. თუმცა უყურადღებოდ არც iPhone-ის მომხმარებლები დაუტოვებიათ, iOS ახლა აპლიკაციაში საუბრების მოძებნის ფუნქციას სთავაზობს მათ. აღნიშნული ფუნქცია კი აქამდე მხოლოდ ვებვერსიაში იყო ხელმისაწვდომი.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრენდინგის აღსანიშნავად Google Japan-მა თავად Gemini-ის ხელსაწყოს დაავალა მათივე დიზაინის მიხედვით პერსონაჟის შექმნა, შედეგად კი ფუმფულა ანიმეს სტილის მონსტრი მივიღეთ, რომლის თვალებიც ყველაფერს ამბობს… ვინ იცის, შესაძლოა, შთაგონება ლაბუბუც ყოფილიყო…
განახლებული ნიშანი ჯერ არ გამოჩენილა ვებპლატფორმებსა თუ Chromebooks-ებზე, ხოლო iOS-ისა და Android-ის მომხმარებლები ცვლილებებს თვის ბოლოსთვის უნდა ელოდნენ.












