უფრო ზუსტად რომ გითხრათ, Google თავისსავე ხელოვნური ინტელექტის მოდელში ორ სიახლეს გვთავაზობს, მათ შორისაა Gems და Imagen 3. თუ ერთი პერსონალური AI ექსპერტის როლს მოირგებს და ნებისმიერი თემის შესწავლას გაგიმარტივებთ, მეორე სურათების გენერირებას შემოგთავაზებთ.
როგორც ვიგებთ, შემოქმედებითი სურათების გენერირების შესაძლებლობები გაუმჯობესდა, სულ მალე კი Gemini Apps-ს Imagen 3 დაემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ყველა ენაზე ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
უნდა ითქვას, რომ Imagen 3 ახალ სტანდარტს აწესებს სურათის ხარისხისთვის და, ზოგადად, სურათების გენერირებისთვის რამდენიმე სიტყვით. შეგიძლიათ, განსხვავებული სტილის ფოტოების შექმნაც სთხოვოთ, იქნება ეს ფოტორეალისტური პეიზაჟები, ზეთოვანი ნახატები თუ თიხის პერსონაჟები. თუ Google-ს დავეყრდნობით, Imagen 3, სხვა ხელმისაწვდომ სურათების გენერირების მოდელებთან შედარებით, საგრძნობლად კარგად მუშაობს.
მთავარი აქ ის არის, რომ ნამუშევრის დაწყებიდან დასრულებამდე, შემოქმედებით პროცესს სრულად თავად მართავთ. შესაბამისად, თუ თავდაპირველი სურათი არ აკმაყოფილებს თქვენს მოლოდინებს, უბრალოდ შეგიძლიათ, Gemini-ის უთხრათ, რისი შეცვლა გსურთ და ახალ სურათსაც მიიღებთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანების სურათების გენერირების კუთხით Imagen 3-მა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ეს პირდაპირ მომხმარებელთა უკეთეს გამოცდილებად შეგვიძლია, ვთარგმნოთ, რასაც იმით უზრუნველყოფენ, რომ მოდელი არ დააგენერირებს ფოტორეალისტურ, იდენტიფიცირებადი პიროვნებების, არასრულწლოვნებისა თუ ძალადობრივ კადრებს. თუმცა მაინც გვაფრთხილებენ, რომ Gemini ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, რის გამოც, შესაძლოა, კადრები იდეალური არ იყოს.
რაც შეეხება Gems-ს, Gemini Advanced-ის, Business-ისა და Enterprise-ის გამომწერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. უბრალოდ საკუთარი Gems უნდა შექმნათ, შემდგომ ინსტრუქციები გაწეროთ, სახელიც დაარქვათ და მისწეროთ, როცა მოგინდებათ. Gems-ის დახმარებით ექსპერტთა გუნდის შექმნას მოახერხებთ, რომელიც რთული პროექტებისთვის ან ღონისძიებებისთვის იდეების მოფიქრებაში დაგეხმარებათ. ისიც შეუძლია, სრულყოფილი სათაური მოიუფიქროს თქვენს პოსტებს სოციალურ მედიაში. ინსტრუქციებსაც დეტალურად იმახსოვრებს და გეხმარებათ, დროც დაზოგოთ განმეორებითი, რთული ამოცანებისას.
Google-მა Gems-თან ურთიერთობა რომ გაუმარტივოს მომხმარებლებს, მას სხვადასხვა სიტუაციებისთვის გვაცნობს:
- მასწავლებელი ქოუჩი — კომპლექსური თემების დაყოფაში დაგეხმარებათ ისე, რომ მარტივად გასაგები იყოს.
- ბრეინშტორმინგი — ეს კი უკვე ინსპირაციის მარტივ წყაროს გაპოვნინებთ, იქნება ეს იდეები თემატური წვეულებებისთვის თუ საჩუქრები მეგობრის დაბადების დღისთვის.
- კარიერული მრჩეველი — თქვენს კარიერულ პოტენციალს დაგანახვებთ დეტალური გეგმით, რათა თქვენივე უნარები დახვეწოთ და კარიერულ მიზნებსაც მიაღწიოთ.
- რედაქტორი — წერის უნარს გააუმჯობესებს კონსტრუქციული უკუკავშირით, რაც მოიცავს ყველაფერს, დაწყებული გრამატიკითა და დამთავრებული სტრუქტურით.
- კოდირების პარტნიორი — აი, ეს ვერსია კი უკვე თქვენი კოდირების უნარებს გააუმჯობესებს.
დაბოლოს, Gems როგორც დესკტოპ, ისე მობილურ მოწყობილობებში 150-ზე მეტ ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი.