in

Gemini VS ChatGPT — ავთანდილ მღებრიშვილის მოსაზრება

ხელოვნური ინტელექტი და მასზე დაფუძნებული სისტემები უკვე ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. როგორც უნდა ვეცადოთ, ვერანაირად ავუვლით გვერდს — ჩვენ თუ არ გამოვიყენებთ, სხვების მიერ დაგენერირებულ კონტენტს უხვად შევხვდებით ინტერნეტსივრცეში. ტექნოლოგიური კომპანიები კი მუდმივად მუშაობენ AI-ის გაუმჯობესებაზე, რათა ციფრულ სამყაროში მოწინავე პოზიცია დაიკავონ, მომხმარებლებს კი საუკეთესო გამოცდილება შესთავაზონ.

ვინაიდან ამჟამად ბევრი ერთნაირი სისტემაა გავრცელებული, მნიშვნელოვანია, მათ შორის განსხვავებები გვესმოდეს. ამიტომაც, ავთანდილ მღებრიშვილი, ილიაუნის- ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ყველაზე გავრცელებული AI პლატფორმების შესახებ ჩატარებულ ექსპერიმენტს გვიზიარებს:

როგორც იცით, Google-ს ახალი AI ჩეთბოტი დაემატა, სახელწოდებით Gemini. ამ უკანასკნელმა ტექნიკური გიგანტის BARD ჩაანაცვლა, როგორც სრულიად ახალი ერის საწყისი. წინასწარი „ბენჩმარკებით“ თუ ვიმსჯელებთ, „ჯემინაი/ჯემინი“ თითქმის ყველა კომპონენტში სჯობს ChatGPT-ს, თუმცა გაგიზიარებთ პირად გამოცდილებასაც.

ჩეთბოტებმა უკვე შეცვალა ტექნოლოგიებში, და არა მხოლოდ, სამუშაო ქცევა; ChatGPT-მ კი დაიპყრო ჩვენი გულები. Google გვპირდებოდა სისტემას, რომელიც OpenAI-ს აჯობებდა, ასევე მთლიანად ადაპტირებული იქნებოდა ჩვენს სამუშაო გარემოსა და ყოველდღიურად გამოყენებად პროგრამებთან: Drive, Gmail, Docs, Sheets, Slides, Drive, Calendar, Meet, Forms, Google Photos და ასე შემდეგ.

სანამ ტექნიკურ მხარეზე გადავიდოდი და უშუალოდ საქმეში შევადარებდი ChatGPT-სა და  Gemini-ს, მანამდე ფასზე გავამახვილოთ ყურადღება.

ChatGPT

ChatGPT-ს ამ დრომდე, უფასო GPT-3.5 ვერსიის გარდა, აქვს ორი ძირითადი შეთავაზება:

  1. ChatGPT Plus, რომლის ღირებულებაც თვეში $20-ია (53 ლარი) და გვთავაზობს სრულ წვდომას GPT-4 მოდელზე. უფასო შეთავაზებისგან განსხვავებით, GPT-4 ში, უფრო მეტი მონაცემის ქონისა და სწრაფი დამუშავების გარდა, DALL·E 3-ისა და სხვა პლაგინის ჩაშენება შეგიძლიათ, რაც საშუალებას გაძლევთ, იქვე შექმნათ პოსტის დიზაინი, ლოგო, კონცეპტი, სლაიდებისთვის ვიზუალები ან სხვა. ასევე, საშუალება გაქვთ, ატვირთოთ PDF, .xlsx (exel) ან სხვა ფორმატები და იქ მოცემული ინფორმაციები დაამუშავებინოთ სურვილისამებრ.  ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ შესაძლებლობა გაქვთ, შექმნათ საკუთარი ჩეთბოტი, სადაც თავად ასწავლით სასურველ ინფორმაციას და მხოლოდ ამ მიმართულებით დააბრუნებს პასუხებს. ასე პერსონალიზებულ სისტემას მივიღებთ, რაც მეტად კონცენტრირებულ და ზუსტ პასუხებსაც გულისხმობს;
  2.  ChatGPT Plus TEAM — ამ შემთხვევაში შეგვიძლია, ჩვენი „სამუშაო სივრცე“ თანამშრომლებს გავუზიაროთ და ერთიანი ციფრული გარემო შევქმნათ, სადაც ყველა ერთად შეძლებს მუშაობას.

GEMINI

ისევე, როგორც  ChatGPT-ს, GEMINI-საც აქვს უფასო ვერსია, სადაც, მონაცემების დამუშავების გარდა, ფოტოების, პოსტებისა და ლოგოების დაგენერირებაა შესაძლებელი. ასევე, განსხვავდება ინფორმაციის მოწოდების ფორმაც — მაგალითად, OpenAI-ის სისტემის მონაცემების ბოლო განახლება 2022 წლის იანვარში მოხდა; ხოლო გუგლი რეალურ დროში ამუშავებს ინფორმაციას. ამასთან, გვიზიარებს წყაროების ბმულებს, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ინფორმაციის სიღრმისეულად შესწავლასა და სანდოობის დადგენას.

Gemini Advanced — უფასო გამოყენებისგან განსხავვებით, Gemini Advanced-ის ღირებულება თვეში 59 ლარია ( დაახლოებით $22). აღსანიშნავია, რომ ღირებულებაში შედის  2TB დრაივი, რაც ცალკე შეძენის შემთხვევაში 25 ლარია ($10-მე) და კარგი გადაწყვეტაა მათთვის, ვინც აქტიურად მოიხმარს Drive-ს საკუთარი მასალების შესანახად.

გარდა ამისა, Gemini დაკავშირებულია გუგლის ყველა პროდუქტთან: Gmail, Docs, Sheets, Slides, Drive, Calendar, Meet, Forms, Google Photos და სხვა. ანუ, ვინც გუგლის სერვისებით სარგებლობთ, Gemini-ს დახმარებით შეგიძლიათ, სამუშაო პროცესი უფრო მარტივი და სასიამოვნო გახადოთ.

საშუალებას გაძლევთ, დრაივის სორტირება და ძიების პროცესი ბევრად მარტივი გახადოთ; Google Meet-ში შეხვედრების დროს გააკეთოს პატარა ჩანაწერები და შეხვედრის დასრულების შემდეგ შეაჯამოს, გააკეთოს მოკლე აღწერა, მოამზადოს შესასრულებელი დავალებების ჩამონათვალი ან უბრალოდ დაამუშაოს Gmail-ზე მიღებული ინფორმაცია. 

Google Slide-ში AI სხვადასხვა ტიპის რთული ფაილების დამუშავებაში დაგეხმარებათ. ხოლო Google Advanced გთავაზობთ თქვენს ყოველდღიურობაზე მორგებულ ასისტენტს, რომელიც შეისწავლის და დაამუშავებს დღის განმავლობაში დაგროვებულ ინფორმაციებს; დაჯავშნის ფრენებს, ჩანიშნავს შეხვედრებს და ა. შ. (ამ ეტაპზე გუგლის ეკოსისტემაზე წვდომა სრულად არაა შესაძლებელი და ყველაფერზე წვდომა არ გვაქვს).

შედარებები 

მარტივი შედარებებისთვის, ავთანდილმა ფოტოს დაგენერირებისა და ვებსაიტის სარეგისტრაციო გვერდის შექმნა სთხოვა ორივე სისტემას. თავის მხრივ, ორივეს ერთნაირი ბრძანება მისცა: „ create registration form with simple design, gradient button with hovers, use green colors. input field for registration: name, surname, email, birth (with calendar), phone number, username, password and repeat password“.

უბრალოდ, ბრძანების სასურველი ვერსიის მისაღებად, Gemini-ს კოდში 5 ცვლილება შეიტანა. რაც შეეხება GPT-4-ს, ამ შემთხვევაში 7 დამატებითი ბრძანების გაწერა და კონკრეტიკა დასჭირდა, რათა „ჯემინის“ მსგავსი შედეგი მიეღო.

 

დიზაინი

დიზაინის თვალსაზრისით, ორივე სისტემას პოსტერის შექმნა სთხოვა, რომელსაც ტექნოლოგიური Background (უკანა ფონი) ექნებოდა და მასზე თეთრი ფონით ეწერებოდა „მსხალი“.

 

როგორც ხედავთ, ფოტოს გაფართოებით, პიქსელების რაოდენობითა და დამუშავებით  GPT-ის DALL·E 3 უკეთ მუშაობს. ხოლო ტექსტის ნაწილი, იმის მიუხედავად, რომ თეთრი ფონით არ წერია, მაინც Gemini-მ უკეთ დაამუშავა.

ბევრი და სხვადასხვა მიმართულების ტესტირების შემდეგ, GPT ბევრად სტაბილურია თუმცა Gemini უფრო სანდოდ და ხარისხიანად ასრულებს ბრძანებებს. ვინაიდან რეალურ დროში ეძებს/ამუშავებს და გვაწვდის ინფორმაციას, შედარებით საინტერესო შედეგებსაც დებს. ამ გადმოსახედიდან, შორეულ პერსპექტივაში Gemini-ს გამოყენება უფრო პროდუქტიული იქნება — ნამდვილად ჩვენი ასისტენტი გახდება და სამუშაო გამოცდილებასაც გაამარტივებს.


ავტორი: ქეთია ბელქანია

საერთაშორისო განათლების გამოფენა — „სწავლა საზღვარგარეთ ტოპ უნივერსიტეტებში, კოლეჯებსა და საზაფხულო სკოლებში“

Spalding – საკულტო ბრენდი, რომელმაც ბეისბოლისა და კალათბურთის ისტორია დაწერა