გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ახალი პროექტი წამოიწყო. იდეა რეგიონებში გასტრონომიული ფესტივალების „გემო ფესტის“ ჩატარებას გულისხმობს. პირველი „გემო ფესტის“ ჩატარება რაჭაში, ამბროლაურში გადაწყდა, სადაც გაერთიანებული იქნება რაჭა-ლეჩხუმის სამზარეულოები.
პროექტის ორგანიზატორები, ფესტივალის მეგობარ შეფებთან გაერთიანდნენ და რაჭა-ლეჩხუმში გემრიელი კერძების შემქმნელების საძებნელად გაემართნენ. სურვილი საკმაოდ ბევრმა გამოთქვა. ახალ-ახალი იდეებით, საინტერესო კერძებითა და გემოებით. სოფელ-სოფელ ჩამოვლის, გაცნობის, დაგემოვნების შემდეგ, შედგა ფესტივალის მონაწილეების ძალიან საინტერესო გუნდი, კერძების მრავალფეროვანი მენიუ და ფესტივალზე მოსული სტუმრების სათანადოდ დახვედრისთვის დაიწყო მზადება. ამისთვის, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები გარე სივრცეში მუშაობის უნარებში და მზად არიან 26-27 აგვისტოს უმასპინძლონ „გემო ფესტის“ სტუმრებს.
ფესტივალზე დაგხვდებათ 15-მდე კვების ობიექტი, ბარები, მეღვინეები, ადგილობრივი პროდუქტების ბაზარი, ბავშვების გასართობი აქტივობები და სასიამოვნო მუსიკა მთელი დღის განმავლობაში, საღამოს კი მაყურებლების წინაშე Bedford Falls და Killages წარდგებიან.
„გასტრონომიული ტურიზმი მთელს მსოფლიოში განსაკუთრებით საინტერესო და პოპულარული მიმართულებაა და თანდათან საქართველოშიც ვითარდება, ამას კი ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის უნიკალური და განსხვავებული სამზარეულო, მრავალფეროვანი ადგილობრივი ვაზის ჯიშები თუ კერძები. ახალი პროექტის მიზანიც არის, ხელი შევუწყოთ ამ პოტენციალის განვითარებას, რაც გულისხმობს, რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაციას, ახალი გემოებისა და კერძების აღმოჩენას, გასტრონომიული მიმართულებით ახალი სერვისების და პროდუქტების გაჩენას. ვფიქრობთ, გასტრონომიული მიმართულების განვითარება და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობა მოგზაურებისთვის დამატებითი მამოტივირებელი ფაქტორი გახდება და რეგიონებში შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადები გაიზრდება,“ – ამბობენ პროექტის ორგანიზატორები.