გენერაციული AI უკვე დიზაინისა და არქიტექტურის მიმართულებითაც მუშაობს. შეიძლება ამან გაფიქრებინოთ, რომ მისი დახმარებით არქიტექტორები უახლოეს მომავალში ცათამბჯენებს ისევე მარტივად დააგეგმარებენ, როგორც ჩატბოტი გვიწერს ხოლმე პატარა დავალებებს. თუმცა ნიუ-ჯერსიში არსებული არქიტექტურული კომპანია Transcend-ის წარმომადგენელი ადამ ტენკი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. ის არ ფიქრობს, რომ ტექნოლოგია აუცილებლად ფანტასტიკური სტრუქტურებისა და საინჟინრო საქმის საოცარი მიღწევებისთვის უნდა იქნას გამოყენებული. ხელოვნური ინტელექტის უახლოესი მომავალი უკეთ ერგება დიზაინის ისეთ პროექტებს, რომლებიც მასშტაბით გაცილებით „მოსაწყენია“.
ტენკი და მისი გუნდი ხელოვნურ ინტელექტთან სანტექნიკისა და წყლის გამწმენდი სისტემების შესაქმნელად უფრო მოქნილად მუშაობენ. აქ გენერაციული ხელოვნური ინტელექტი დიზაინის უმეტეს სამუშაოს ასრულებს. მაგალითად, ბრაზილიაში, Transcend თანამშრომლობდა BRK Ambiental-თან – კომპანიასთან, რომელიც ჩამდინარე წყლების გამწმენდ 160-ზე მეტ ნაგებობას მართავს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც დაახლოებით ქვეყნის ნახევარს ჯერ კიდევ არ აქვს საკანალიზაციო სისტემა სახლში. BRK ფართოვდება, ყიდულობს ახალ სისტემებს და შესაბამისად, მუდმივად დაგეგმვის მდგომარეობაშია. ეს კი მნიშვნელოვან თანხებსა და ენერგიას საჭიროებს, რაც კომპანიას არ გააჩნია.
სწორედ აქ არის სასარგებლო გენერაციული დიზაინი. ესაა გადაწყვეტილება, რომელიც BRK-მ მიიღო არქიტექტურული კომპანიისგან. Transcend Design Generator სწრაფად აგენერირებს შენობებისა და ინფრასტრუქტურის პროტოტიპებს. Transcend-ის პროგრამულმა უზრუნველყოფამ BRK-ს ინჟინრებს საშუალება მისცა შეუზღუდავი ვარიანტები ჰქონოდათ სწრაფად მოეფიქრებინათ გადაწყვეტილებები. Transcend-ის გამოყენებით წინასწარი დიზაინის შექმნისას მიღებული დანაზოგი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ BRK-მ შეწყვიტა საინჟინრო კონსულტანტების დაქირავება ტერიტორიის დაგეგმვისა და დიზაინის სამუშაოებისთვის და ამის ნაცვლად, ეს სამუშაო შიდა რესურსებით განახორციელა.
სისტემის გამოყენებით წყლის გამწმენდი ინფრასტრუქტურის დასამონტაჟებლად ყველაზე ეფექტური გეგმების გამოსავლენად, BRK-ს შეუძლია დიზაინის შექმნის დრო ოთხი თვიდან ერთ კვირამდე შეამციროს და მოამზადოს საჭირო დოკუმენტაცია საბანკო სესხებისა და გარემოსდაცვითი ნებართვებისთვის.
მსგავს ტექნოლოგიას მრავალი სხვა კომპანია იყენებს სხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასაჩქარებლად. მაგალითად, ALICE Technologies მშენებლობის ეფექტურობის გაუმჯობესებას დაეხმარა ინგლისში სარკინიგზო განვითარების მასშტაბურ პროექტზე. მერილენდის მონტგომერის ოლქმა პროგრამა Remix ქუჩის დიზაინის ალტერნატივების უფრო სწრაფად შესაქმნელად გამოიყენა. ხოლო ესპანურმა კომპანიამ პროგრამით PVcase მზის ელექტროსადგურის უფრო სწრაფად პროტოტიპირებისთვის ისარგებლა.
გენერაციული დიზაინი არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის დიზაინის რუტინული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილების სულ უფრო დიდი ნაწილი ხდება. აშშ-ში მშენებლობაზე გაწეულმა დანახარჯებმა, გასულ წელს თითქმის 2 ტრილიონი დოლარი შეადგინა. წელს კი ამ მაჩვენებელმა 7.4%-ით იმატა, დიდწილად ინფრასტრუქტურაზე დანახარჯების 17.6%-იანი ზრდის გამო. აშშ-ში საინჟინრო რესურსის კლების გამო, გენერაციული AI-ის განმეორებადი დავალებების ავტომატიზაცია მნიშვნელოვან შეღავათს იძლევა.
Transcend-ის განცხადებით, მისი გენერატორი წყლის გამწმენდი ნაგებობების დასაპროექტებლად 70-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება. კომპანიამ ასევე შექმნა მოდული, რომელიც აპროექტებს ელექტრო ქვესადგურებს. ტენკი იმედოვნებს, რომ მას მნიშვნელოვანი როლი შეუძლია შეასრულოს ელექტრო ინფრასტრუქტურის გაფართოების დაჩქარებაში იმ დროს, როდესაც განახლებადი ენერგიისა და წარმოების განვითარება ასეთი სისწრაფით იზრდება. ასევე ჩართო პროგრამული განახლება, რომელსაც შეუძლია წყლის გამწმენდი ნაგებობების გადაპროექტება PFAS-თან შესაბამისობაში მოსაყვანად და საშიში ქიმიკატების გასანეიტრალებლად.
წყარო: fastcompany