Gen Z მომხმარებლები სხვა თაობებთან შედარებით 25%-ით ნაკლებს ხარჯავენ, თუმცა შესყიდვებს, საშუალოდ, 6%-ით მეტ სავაჭრო ობიექტში ანაწილებენ. ამასთან, ისინი უფრო ხშირად ცვლიან ბრენდებს, მეტ თანხას ხარჯავენ გართობასა და გამოცდილებებზე და ყოველდღიური დანახარჯების შემცირებას ვაუჩერების, კუპონებისა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით ცდილობენ. ეს ტენდენციები Attain-ისა და Dentsu-ს უახლეს კვლევებში გამოიკვეთა და აჩვენებს, რატომ შეიძლება აღარ იყოს მომხმარებელთა ლოიალობის ტრადიციული მოდელები საკმარისი.
რაში ხარჯავს Gen Z ფულს
ახალგაზრდა მომხმარებლების ყოველდღიური დანახარჯების 66% ისეთ საქონელსა და მომსახურებაზე მოდის, როგორიცაა რესტორნები, გართობა, მოგზაურობა, ტანსაცმელი, ელექტრონიკა, სილამაზის პროდუქტები და მგზავრობის სერვისები.
ეს მონაცემები მიუთითებს, რომ ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის ხარჯვის პრიორიტეტები მხოლოდ აუცილებელი საჭიროებებით არ განისაზღვრება. მათ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თავისუფალ დროს, გართობასა და ყოველდღიური გამოცდილებების გაუმჯობესებას.
ფასი მნიშვნელოვანია, მაგრამ დროც ძვირფასია
მიუხედავად იმისა, რომ Gen Z შედარებით ნაკლებს ხარჯავს, ეს თაობა ყოველთვის ყველაზე იაფ შეთავაზებაზე არაა ფოკუსირებული. კვლევის მიხედვით, ახალგაზრდა მომხმარებლები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, უპირატესობა მიანიჭონ დროსა და კომფორტს, მაგალითად, ერთ სივრცეში რამდენიმე საჭირო პროდუქტის შეძენას, ვიდრე ფასდაკლების ძიებას, თუმცა, ამასთან, Gen Z აქტიურად იყენებს ვაუჩერებსა და კუპონებს.
რას ნიშნავს ეს ბრენდებისთვის
თუ Gen Z ნაკლებს ხარჯავს, მაგრამ შესყიდვებს მეტ სავაჭრო ობიექტში ანაწილებს, ბრენდებისთვის მთავარი გამოწვევა მხოლოდ ახალი მომხმარებლის მოზიდვა აღარ არის, საჭიროა მიზეზის შექმნა, რის გამოც ის კვლავ დაბრუნდება. ამისთვის ფასდაკლებები და ლოიალობის პროგრამები შეიძლება ეფექტიანი იყოს, თუმცა მათი ფორმა და მომხმარებლისთვის ისეთი რამის შეთავაზება, რაც მას სარგებელსაც მოუტანს, გადამწყვეტია.
აქ პირველი მიმართულება შეიძლება იყოს ონლაინ და ფიზიკური გამოცდილების დაკავშირება. Gen Z-ის მომხმარებელი ხშირად სოციალურ ქსელში პოულობს პროდუქტს, ადარებს შეთავაზებებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მაღაზიაში ვიზიტის შემდეგ იღებს. ამიტომ ბრენდებმა ციფრული და ფიზიკური არხები ერთიან გამოცდილებად უნდა აქციონ, რათა მომხმარებელს არხის შეცვლისას პროცესი თავიდან არ უწევდეს და ბრენდთან ურთიერთობა მისთვის მაქსიმალურად მარტივი იყოს.
მეორე მიმართულებაა ლოიალობის პროგრამა, რომელსაც მომხმარებელი რეალურ სარგებელს უკავშირებს. ამის პრაქტიკული მაგალითია Sephora-ს Beauty Insider პროგრამა: მომხმარებელი ქულებს აგროვებს, ხოლო 500 ქულას 10-დოლარიან ფასდაკლებაში ცვლის. პროგრამა ასევე სთავაზობს წევრებს დაბადების დღის საჩუქრებსა და სხვადასხვა უპირატესობას.
ასეთი მოდელი მომხმარებელს კონკრეტულად აჩვენებს, რას იღებს ბრენდისგან და რა გზით შეუძლია სარგებლის გამოყენება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთი და იგივე პროგრამა ყველა სექტორში იმუშავებს, მნიშვნელოვანია, შეთავაზება მომხმარებლის რეალურ საჭიროებებს შეესაბამებოდეს. მაგალითი, უბრალოდ, მაგალითია, ბრენდზე მორგება კი მარკეტინგის ნაწილია.
მესამე მიმართულება – კონკურენტებისგან განსხვავებული მიზეზის შექმნა, რომ მომხმარებელმა სწორედ ეს ბრენდი აირჩიოს. ბრენდს სჭირდება გამორჩეული პროდუქტი, მომსახურება ან გამოცდილება, რომლის მიღებაც კონკურენტთან იმავე ფასად შეუძლებელია. მაგალითად, სპორტული ბრენდის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მომხმარებლებისთვის სპორტსმენებთან შეხვედრების, სპეციალური ღონისძიებებისა და ექსკლუზიური შეთავაზებების შექმნა. ეს მიდგომა პროდუქტს დამატებით ღირებულებას სძენს.
ამ მაგალითებიდან მთავარი დასკვნა ის არის, რომ Gen Z-ის ლოიალობის გაზრდა ერთი უნივერსალური მარკეტინგული ხრიკით ვერ მიიღწევა. ბრენდმა უნდა გაამარტივოს შეძენის პროცესი, მომხმარებელს გასაგები სარგებელი შესთავაზოს და ისეთი განსხვავება შექმნას, რომელიც მხოლოდ ფასდაკლებაზე არ იქნება დამოკიდებული. ამასთან, შედეგი უნდა გაიზომოს არა მხოლოდ კამპანიის ნახვებით ან ახალი მომხმარებლების რაოდენობით, არამედ განმეორებითი შესყიდვებითაც – რამდენი მომხმარებელი დაბრუნდა და რა მიზეზით აირჩია ბრენდი კონკურენტების ნაცვლად.











