in

თაობა ზეტის წარმომადგენლები სამსახურში ბედნიერები არ არიან — კვლევა

თავდაპირველად საუბარი მოკლე სამუშაო კვირაზე დაიწყო, შემდგომ ამას მოჰყვა ე. წ. quiet quitting, ახლა კი სოციალური მედიის ცენტრში Bare Minimum Mondays მოექცა — ორშაბათი საკუთარ თავზე ზრუნვას ეძღვნება, რათა სამუშაო კვირა შემსუბუქდეს…

სამსახურის უახლესი ტრენდები ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობებისთვის თავის მოვლა, პირადი და პროფესიული ცხოვრების დაბალანსება. მენეჯერებმა კი გუნდების ეფექტურად მართვა რომ შეძლონ, უკეთ უნდა გაიაზრონ, რა აბედნიერებთ მათ თანამშრომლებს, დაწყებული Baby Boomer-ებით, დასრულებული თაობა ზეტით. 

Cangrade-ს კვლევის მიზანიც სწორედ ეს იყო, გამოევლინათ, რამდენად ბედნიერები არიან კონკრეტული თაობის წარმომადგენლები სამსახურში და რატომ. ონლაინ კვლევაში 4 თაობიდან 608 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აქ საუბარია ბუმერების თაობაზე, თაობა X-ზე, მილენიალებსა და თაობა ზეტზე. დადგინდა, რომ სამ თაობაში ბედნიერების მაჩვენებელი თითქმის თანაბარი იყო, თუმცა მათ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდნენ თაობა ზეტის წარმომადგენლები. 

კონკრეტულად კი, ამ თაობის 26 პროცენტი სამსახურში თავს ბედნიერად არ გრძნობდა, 17% კი სულაც სამსახურიდან წამოსვლაზე ფიქრობდა. ალბათ, ეს იმის ბრალიცაა, რომ ისინი სულ ახლახან შევიდნენ სამუშაო ბაზარზე და, შესაბამისად, თავდაპირველად დაბალი ან საწყისი პოზიციების დაკავება უწევთ… აქ გამოწვევას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც შეიძლება წარმოადგენდეს. ამაზე კი უკვე სტატისტიკაც მოწმობს — თაობა ზეტს საერთო მენტალური კეთილდღეობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. 

ღირებულებები კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თითოეული თაობის ბედნიერების დონეს და ისინი, ბუნებრივია, განსხვავებულია. მაგალითად, სიამაყე თაობა X-სა და მილენიალებს ახასიათებთ მაშინ, როცა ბუმერების თაობისთვის მნიშვნელოვანია, უსმენდნენ. რაც შეეხება თაობა ზეტს, მათი ბედნიერების მაჩვენებელი პირდაპირ უკავშირდება იმ ფაქტს, თუ რამდენად არიან გატაცებულნი სამსახურით. ისინი სამუშაო გარემოსაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ… 

რამდენადაც განსხვავებულია ეს ღირებულებები, მით უფრო რთული ხდება მენეჯერებისთვის ყველასთვის შესაბამისი მიდგომის შემუშავება, განსაკუთრებით კი თაობა ზეტისთვის. ახალი კვლევის თანახმად, უახლეს თაობას სურს, რაც შეიძლება მეტი მიიღოს სამსახურისგან, იქნება ეს პროფესიული განვითარება, სწავლისა თუ ზრდის შესაძლებლობები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათ ეს ყველაფერი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის გამოსავლენად სჭირდებათ მაშინ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამაზე ზრუნვა ნამდვილად ღირს…



„არ მოდუნდე, არ გაჩერდე“ — გაიცანით წიგნების თაროს მონაწილე ცოტნე ქევხიშვილი

Twitter Inc. აღარ არსებობს — ილონ მასკმა იგი X Corp-ად გადააქცია!