in

რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა გენდერულ თანასწორობაზე? – კვლევის შედეგები

როგორია გენდერული ურთიერთობები საქართველოში? როგორია საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება მის მიმართ? ამის შესახებ, კვლევა UNDP-სა და UNFPA-ს ინიციატივით ჩატარდა. კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისობრივ კომპონენტებს. მასში მონაწილეობა 2408 რესპონდენტმა მიიღო. გამოკითხულთა 46% მამაკაცია, 54% – ქალი. მაინც, რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა გენდერულ თანასწორობაზე? ეს საკითხი, კვლევის ფარგლებში, ვრცლადაა შესწავლილი, თუმცა, ჩვენ ძირითადად, იმ ნაწილზე გიამბობთ, რაც კარიერულ საქმიანობასთანაა კავშირში.

საინტერესოა მაჩვენებლების შედარება, რამდენიმეწლიანი ინტერვალით. მაგალითად, თუკი 2013 წელს, 80% არ ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ ქალი რაიმე უფლების მიღებით, მამაკაცს არაფერს ართმევს, 2019 წელს, ეს მაჩვენებელი 86% იყო.

იცვლება წარმოდგენა ბიზნესში ქალის როლის შესახებ

რესპონდენტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქალებს კაცების თანაბრად შესწევთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უნარი, თუმცა ასე უფრო მეტი ქალი ფიქრობს, ვიდრე კაცი. კითხვაზე, ვინ უკეთესი პოლიტიკური ლიდერია – კაცი თუ ქალი, რესპონდენტების 55 პროცენტმა თქვა, რომ მათ თანაბარი შესაძლებლობები აქვთ. მკვლევრების აზრით, ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება 2013 წლის შემდეგ, რადგან მაშინ მხოლოდ 33 პროცენტს მიაჩნდა, რომ კაცებს და ქალებს, როგორც ბიზნესლიდერებს, თანაბარი შესაძლებლობები აქვთ.

თუმცა, 2013 წელს, ამ აზრს გამოკითხულთა 58% იზიარებდა.

რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დასაქმებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები ქალებსა და კაცებს თანაბრად ეხება. დასაქმებისა და დაწინაურების შესაძლებლობების შესახებ კითხვაზე, რესპონდენტების 40-50% პასუხობს, რომ ეს შესაძლებლობები და წინააღმდეგობები ქალებს და კაცებს, დაახლოებით, თანაბრად ექმნებათ. თუმცა, მიიჩნევა, რომ ქალებს მეტი წინააღმდეგობა კარიერული წინსვლის გზაზე ხვდებათ. მთლიანობაში, რესპონდენტების 37 პროცენტი ფიქრობს, რომ კარიერული წინსვლა კაცებისთვის უფრო მარტივია და რომ მათ ამისთვის მეტი შესაძლებლობები აქვთ.

ასევე, ათიდან შვიდმა რესპონდენტმა მიიჩნია, რომ ქალებს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მეტი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ, რასაც ქალების 85 და კაცების 58 პროცენტი დაეთანხმა. 2013 წელს, ეს აზრი დაახლოებით, ათიდან 6-მა რესპონდენტმა გაიზიარა. ასევე, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, გაორმაგებულია იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქალებს და მამაკაცებს კარიერული წინსვლის თანაბარი შესაძლებლობები აქვთ.

ზოგადად, ქალ და კაც ხელმძღვანელებს ერთნაირად აღიქვამენ, მაგრამ რესპონდენტების 85% აცხადებს, რომ თავს კომფორტულად იგრძნობდა, თუკი მისი უშუალო უფროსი ქალი იქნებოდა. ამ აზრს კაცების 74% ეთანხმება, ხოლო 23% ამბობს, რომ ქალის ხელმძღვანელობის პირობებში, თავს კომფორტულად ვერ იგრძნობდა. 2013 წლის შემდეგ, ეს მონაცემი 14%-ითაა გაზრდილი.

როგორც ირკვევა, რომ გენდერისა და მუშაობის შესახებ ტრადიციული აზროვნება მამაკაცებში უფრო ღრმადაა ფესვგადგმული. საინტერესოა, რომ ქალებისა და კაცების თანაბარი პროპორცია, დაახლოებით, ოთხიდან სამი რესპონდენტი, თანხმდება, რომ დედისთვის სჯობს, სახლში, პატარა შვილებთან დარჩეს და ამ აზრის გასამყარებლად, სამსახურში თანასწორობის მიღწევისკენ სავალ გრძელ გზას უსვამენ ხაზს.

ახალგაზრდა ქალები, უმეტესად, არ იზიარებენ, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე და არა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაა. 18-24 წლის ქალების 83 პროცენტზე მეტი არ ეთანხმება აზრს, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა. ასევე ფიქრობს 18-24 წლის კაცების 52 პროცენტი.

წყვილების უმრავლესობა განათლების თანაბარი დონის შესახებ აცხადებს, თუმცა ყოველი მეხუთე ქალი ამბობს, რომ პარტნიორზე უკეთესი განათლება აქვს.

ვნახოთ, როგორია პროცენტული მაჩვენებელი რესპონდენტებისა, რომლებიც აცხადებენ, რომ თავად ან მათ პარტნიორებს უკეთესი განათლება აქვთ:

სამჯერ მეტ შემთხვევაში, კაცი წყვილის ერთადერთი მარჩენალია. მთლიანობაში, მხოლოდ ყოველი მეხუთე ქალი და ყოველი მეოთხე კაცი ამბობს, რომ მას და პარტნიორს თანაბარი შემოსავალი აქვთ. ვნახოთ, როგორია პროცენტული მაჩვენებელი რესპონდენტებისა, რომლებიც აცხადებენ, რომ თავად ან პარტნიორს უფრო მაღალი შემოსავალი აქვთ:

ვის ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვა ოჯახში?

თუ 2019 წლის კვლევას 2013 წლის საბაზისო მონაცემებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ახლა მეტი წყვილი იღებს საოჯახო ხარჯის გადაწყვეტილებას ერთობლივად. წყვილების უმრავლესობა აცხადებს, რომ პარტნიორები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებებს ხარჯისა და ინვესტიციების შესახებ, თუმცა, როგორც ჩანს, ცალკეულ შემთხვევებში, ტრადიციული გენდერული როლების გავლენით, ასე არ ხდება. კაცებთან შედარებით, მეტ ქალს ეკუთვნის ბოლო სიტყვა საოჯახო ხარჯთან დაკავშირებით, თუმცა, დიდი ინვესტიციების შემთხვევაში, პირიქით ხდება.

როგორია აუნაზღაურებელი შრომის განაწილება?

საოჯახო საქმეებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები, გენდერული ნიშნით, საკმაოდ მკაცრად არის სეგრეგირებული, რაც გულისხმობს, რომ, მაგალითად, დალაგება და საჭმლის მომზადება, თითქმის მთლიანად ქალის მოვალეობაა.

როგორია პროცენტული მაჩვენებელი რესპონდენტებისა, რომლებიც აცხადებენ, რომ, ტრადიციულად, ქალის საქმეებს, ძირითადად, ასრულებენ ქალები, კაცები ან თანაბრად ინაწილებენ?

კვლევაში გენდერული თანასწორობა სხვადასხვა მიმართულებით არის განხილული. შედეგების მიხედვით, ირკვევა, რომ ქალების 63%-ისა და მამაკაცთა 54%-ის აზრით, საქართველომ ჯერ ვერ მიაღწია გენდერულ თანასწორობას. კვლევის სრული ვერსიის სანახავად, ეწვიეთ ბმულს.

„განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება“ – მცდარი გაგება VS რეალური მნიშვნელობა

ქართული სააგენტოების ნამუშევრები White Square 2020-ის რჩეულებში