in

„იყავი ღირებული და არა წარმატებული” – General Motors-ის წარმატების საიდუმლო

General Motors Corporation მრავალეროვნული კომპანიაა შეერთებულ შტატებში. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს დეტროიტში, მიჩიგანში. დღესდღეობით ის დაახლოებით 37 ქვეყანას მოიცავს, სადაც კომპანია აწარმოებს მანქანებს ტოპ ბრენდებით, როგორებიცაა: Buick, GMC, Cadillac, Chevrolet, Holden, JieFang და ა.შ.

istoriebi
istoriebi

კომპანიაში მუშაობს დაახლოებით 212,000 თანამშრომელი. ამჟამად ის მსოფლიოში უმსხვილესი საავტომობილო კომპანიაა. კომპანიის ძირითადი პროდუქტები მოიცავს ავტომობილებსა და სატვირთო მანქანებს, საავტომობილო კომპონენტებს და ძრავებს. ის ასევე ეწევა ფინანსურ მომსახურებას.

როგორი იყო ბრენდის განვლილი გზა და რა არის მისი წარმატების საიდუმლო? რუბრიკაში „ისტორიები”, ტრადიციულად, ვეცდებით ამ კითხვაზე პასუხი მოვძებნოთ General Motors-თან მიმართებით.

დასაწყისი

General Motors Company დაარსდა 1908 წელს, რათა გაეერთიანებინა რამდენიმე საავტომობილო კომპანია Buick, Oldsmobile, Cadillac, Oakland და სხვა მანქანები. მას უილიამ დურანტი ხელმძღვანელობდა. 1912 წელს Cadillac-ში გამოუშვა ელექტროგამშვები და ამით ხელის ამწეს ახალი ვერსია წარმოადგინა. თუმცა კორპორაცია უკმაყოფილო იყო დურანტის მართვით და 1920 წელს იგი იძულებით გააძევეს მმართველობიდან. მისი ადგილი ალფრედ პ. სლოანმა დაიკავა, რომელმაც GM-ის რეორგანიზაცია მოახდინა. კერძოდ, ბიზნეს ერთეულების ფართო, არაკოორდინირებული კოლექციიდან ერთ საწარმოში გადატანა, რომელიც შედგებოდა ხუთი ძირითადი საავტომობილო განყოფილებისაგან – Cadillac, Buick, Pontiac, Oldsmobile და Chevrolet. მათ საქმიანობას კოორდინაციას უწევდა ცენტრალური კორპორაციული ოფისი, რომელიც აღჭურვილი იყო დიდი საკონსულტაციო განყოფილებებით.

მენეჯმენტის ეს დეცენტრალიზებული კონცეფცია გახდა მოდელი დიდი სამრეწველო საწარმოების დაარსებისთვის შეერთებულ შტატებში. სლოანმა ასევე მნიშვნელოვნად გააძლიერა GM-ის გაყიდვების ორგანიზაცია, ფინანსური განყოფილება, წამოიწყო წლიური ცვლილებები მანქანის მოდელებში და შემოიტანა ინოვაციები სამომხმარებლო დაფინანსებაში.

გლობალური გაფართოება

1929 წლისთვის General Motors-მა აჯობა Ford Motor Company-ს და გახდა წამყვანი ამერიკული სამგზავრო მანქანების მწარმოებელი. ამ დროისთვის იგი უკვე გასცდა აშშ-ს და დაამატა ინგლისური Vauxhall, გერმანული Opel და ავსტრალიური Holden. მას ასევე შეუერთდა Yellow Truck & Coach Manufacturing Co., რომელიც ახლა GMC Truck & Coach Division-ის სახელითაა ცნობილი. 1931 წელს GM გახდა საავტომობილო მანქანების უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. 1941 წლისთვის ის შეერთებულ შტატებში მანქანების 44 პროცენტს აწარმოებდა და გახდა ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული კორპორაცია მსოფლიოში.

ბიზნესის გაფართოება და კრახი

გარდა ავტომობილების წარმოებისა, General Motors-მა იყიდა Electronic Data Systems Corporation, მონაცემთა დამუშავების დიდი კომპანია, ასევე Hughes Aircraft Company, იარაღის სისტემებისა და საკომუნიკაციო თანამგზავრების მწარმოებელი. 

სხვა ამერიკული ავტომობილების მწარმოებლებთან ერთად, კომპანია 1970-იან და 80-იან წლებში იაპონური ავტომწარმოებლების მზარდი კონკურენციის წინაშე აღმოჩნდა და 1984 წელს GM-მა დააფუძნა ახალი საავტომობილო განყოფილება, Saturn, რომელიც იყენებდა მაღალ ავტომატიზებულ ქარხნებს სუბკომპაქტური მანქანების წარმოებისთვის იაპონურ იმპორტთან კონკურენციის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ GM-ის მოდერნიზაციის მცდელობებმა გარკვეული წარმატება აჩვენა, მძიმე დანაკარგებმა 1990-იანი წლების დასაწყისში აიძულა კომპანია, დაეხურა მრავალი ქარხანა და ათობით ათასით შეემცირებინა სამუშაო ძალა.

აღორძინება

მიუხედავად წარუმატებლობისა, GM-მა რამდენიმე წელში მოახერხა ძალების აღდგენა და მიხვდა, რომ მთელი თავისი ყურადღება საავტომობილო ბიზნესისთვის უნდა დაეთმო. მან 1996 წელს გაყიდა Electronic Data Systems, ხოლო 1997 წელს Raytheon Company-ს მიჰყიდა თავისი შვილობილი კომპანიის, Hughes Electronics-ის თავდაცვითი ნაწილები, რითაც დაიტოვა კომპიუტერული სერვისები და თავდაცვითი კოსმოსური სფეროები, რათა კონცენტრირებულიყო თავის საავტომობილო ბიზნესზე.

2000 წელს General Motors გახდა Saab Automobile AB-ის ერთადერთი მფლობელი. 21-ე საუკუნის დასაწყისში მას ჰქონდა წილი რამდენიმე ავტომობილის კომპანიაში, მათ შორის Fiat, Isuzu, Fuji Heavy Industries (Subaru) და Suzuki.

2008 წელს აშშ-ის მთავრობამ რამდენიმე მსხვილ კომპანიას სესხი გადასცა, რათა მათ თავი დაეცვათ გაკოტრებისგან. მათ სიაში მოხვდა GM-იც. 2010 წელს კომპანიამ ოფიციალურად შეწყვიტა როგორც Pontiac, ასევე Saturn ბრენდების გამოშვება და Saab-ის გაყიდვა გააძლიერა. შემცირების შედეგად GM-მა დატოვა მანქანების ოთხი განყოფილება: Buick, Cadillac, Chevrolet და GMC. 2010 წლის ნოემბერში ის საფონდო ბირჟაზე დაბრუნდა და დაიბრუნა ტიტული, როგორც უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა მსოფლიოში.

General Motors ის კომპანიაა, რომელიც 100 წელზე მეტია არსებობს და როგორც მხცოვან ბრენდს შეეფერება, მრავალი წარმატებაც უნახავს და დაცემაც. კომპანიის წარმატების გასაღები ისაა, რომ ის არასოდეს ნებდებოდა და ყოველთვის ხედავდა გზას, თუ როგორ უნდა დაეღწია თავი გაკოტრებისგან. საჭირო შემთხვევებში, ის დანაკარგსაც არ უშინდებოდა, რადგან იცოდა, რომ ის დროებითი იყო და მის ანაზღაურებას აუცილებლად შეძლებდა. ასეთი გადამწყვეტი მომენტები ბრენდის ისტორიაში მრავლად ყოფილა და დღეს ის კვლავ რჩება ერთ-ერთ უდიდეს კორპორაციად მსოფლიოში.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

მენეჯმენტის ამ 9 სტილიდან, თქვენ რომელს იყენებთ?

რა იქნება მომავლის რევოლუციური ტექნოლოგია? — ბილ გეითსის პროგნოზი