მასაჩუსეტსის ემერსტის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა შექმნა მოწყობილობა, რომელიც ელექტრო ენერგიას ჰაერში არსებული ტენიანობისგან აწარმოებს. გუნდის განცხადებით, მოწყობილობა სახელად Air-gen, შეიძლება რევოლუციური აღმოჩნდეს როგორც განახლებადი ენერგიების, ასევე მედიცინისა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის მიმართულებით. სხვა განახლებადი ენერგიების წყაროებისგან განსხვავებით კი, Air-gen-ს არ სჭირდება არც მზის შუქი, ან ქარი. მას შეუძლია იმუშაოს დახურულ სივრცეშიც. თუნდაც, ოთახში, ან ისეთი დაბალი ტექნიანობის პირობებშიც კი, როგორიც საჰარას უდაბნოშია.
„ჩვენ, ფაქტობრივად, ვაწარმოებთ ელექტრო ენერგიას ჰაერიდან“, – ამბობს მოწყობილობის თანაავტორი და ელექტროინჟინერი – ჯუნ იაო. კიდევ ერთი მეცნიერი – ლოვლეი, რომელიც პროექტზე მუშაობდა ბიოლოგიაზე დაფუძნებულ ელექტროგადაწყვეტებზე, დაახლოებით, 30 წელია მუშაობს, დასძენს, რომ ეს ცილოვანი ნანომავთულების ყველაზე შთამბეჭდავი გამოყენებაა.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, მოწყობილობა იყენებს ნატურალურ ცილას, იმისათვის, რომ ჰაერის ტენიანობისგან ელექტრო ენერგია აწარმოოს. კონკრეტულად, საუბარია მიკრობ Geobacter-ზე, რომელიც ბუნებაში გვხვდება და წარმოქმნის ელექტრო გამტარიანობის მქონე ცილას – ძალიან მცირე ზომის, ერთგვარ ნანომავთულებს. ელექტროდების დახმარებით, ამ ნანომავთულებთან კავშირის დამყარებით, მოწყობილობას დაბალი ტენიანობის მქონე ჰაერისგანაც კი შეუძლია ელექტრო ენერგიის წარმოება. ეს იგივე პრინციპით ხდება, როგორც ელექტრული პროცესები ატმოსფეროში, ორთქლის სახით არსებული წყლის დახმარებით.
იაოს ლაბორატორიაში შექმნილი ახალი მოწყობილობა განახლებადი, ეკოლოგიურად სუფთა და იაფია. მას შეუძლია ენერგიის წარმოება ისეთ ექსტრემალურად დაბალი ტენიანობის მქონე ადგილებშიც, როგორიც საჰარას უდაბნოა. ფუნქციონირებისთვის, მოწყობილობას 10 მიკრონის სისქის ცილის ნანომავთულები სჭირდება. მოწყობილობას აქვს ორგვარი ელექტროდი, ერთი მის ქვედა ფენაშია, ხოლო მეორე ზემოთ, ნანომავთულების გარსსაა მიერთებული. ცილის თხელი გარსი შთანთქავს მცირე რაოდენობით წყალს ჰაერიდან, რის შემდეგაც, ელექტრო გამტარიანობის, მოწყობილობის ზედაპირზე მიმდინარე ქიმიური რეაქციისა და ასევე, ნანომავთულების ფორების ხარჯზე, ზემოთ ხსენებულ ორ ელექტროდს შორის წარმოიქმნება ელექტრო ენერგია.

ამ ეტაპზე, Air-gen-ით წარმოებული ენერგია მხოლოდ ძალიან მცირე ზომის ელექტრომოწყობილობების მოსამარაგებლად გამოდგება, თუმცა, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მოწყობილობის უფრო დიდ მასშტაბებზე გამოცდას შეძლებენ. შემდეგი ნაბიჯი იმდენი ენერგიის გამომუშავებაა, რომ ეყოს ჯანმრთელობასთან და ფიტნესთან დაკავშირებულ მონიტორებს, ჭკვიან საათებს. ასევე, მომავალში ეცდებიან შექმნან ისეთი Air-gen-ები, რომლებიც სმარტფონის პერიოდული დამუხტვისთვის გამოსადეგი იქნება. უფრო შორეული გეგმა კი, აღნიშნული ტექნოლოგიით ისეთი მოწყობილობის შექმნაა, რომელსაც მთელი სახლის ელექტრომომარაგება შეეძლება.










