მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიურმა კომპანიებმა გენერაციული AI-ის მონეტიზაცია დაიწყეს, კრეატორების მოთხოვნებიც გაიზარდა — მათ თავიანთი წილის მიღება სურთ. ეს სამართლიანიცაა, თუმცა ჯერ ვერ შეთანხმდნენ, რამდენი უნდა გადაუხადონ მათ…
Authors Guild-ის ღია წერილი, რომელსაც 8500 ავტორი აწერს ხელს, მოუწოდებს კომპანიებს, შეწყვიტონ მათი ნამუშევრების გამოყენება შესაბამისი ავტორიზაციისა და კომპენსაციის გარეშე. უკვე სასამართლოშიც მრავალი სარჩელი დაგროვდა საავტორო უფლებებისა და კონტენტის ბოროტად გამოყენების საკითხებზე Stability AI-ის, Midjourney-ისა თუ Microsoft-ის წინააღმდეგ. თითქოს ხელოვანების ანაზღაურებისთვის რამდენიმე დადებითი ნაბიჯიც გადაიდგა, მაგრამ თუ ამ კომპენსაციის პოლიტიკაში უფრო ღრმად ჩავიხედავთ, მივხვდებით, რომ საქმე არც ისე მარტივადაა.
Adobe, Getty Images, Stability AI და YouTube უკვე საუბრობენ ამ თემაზე, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ზუსტად რამდენს შეიძლება მოელოდნენ მათგან კრეატორები, ეს არ უთქვამთ. აქ ის კრეატორებიც უნდა გავითვალისწინოთ, რომლებიც კომპანიებს AI მოდელების თავიანთი ნამუშევრებით დატრენინგებას სთავაზობენ, რაც კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო ართულებს.
Adobe ამბობს, რომ ყოველწლიურ ბონუსს გადაიხდის, რაც თითოეული კონტრიბუტორისთვის განსხვავებული იქნება. ბონუსი დამტკიცებული ფოტოებისა თუ ილუსტრაციების საერთო რაოდენობას ეფუძნება, რომელიც Adobe Stock-შია და Firefly-ისთვის გამოიყენება. რაც შეეხება სამომავლო ბონუსებს, იგი ახალი დამტკიცებული ფოტოებისა და ჩამოტვირთვების გათვალისწინებით დაითვლება. შესაბამისად, კრეატორებს არ შეუძლიათ, წინასწარ განსაზღვრონ, რამდენი იქნება მათი შემდგომი ანაზღაურება.
და რა ხდება ინდივიდების შემთხვევაში? ამაზე კიდევ უფრო ცოტა ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ინდივიდმა მინიმუმ $25-ს უნდა მიაღწიოს, რათა თანხის გატანა შეძლოს. ამას კი 8-10 დღემდე დასჭირდებაო… ასევე, კიდევ ერთი პრობლემაა — Adobe გარანტიას არ იძლევა, რომ იგი ბონუსებს ყოველთვის გადაიხდის…
Getty Images კი ინდივიდებს თითოეული აქტივისთვის პროპორციულ წილს სთავაზობს, თუმცა უფრო მეტ დეტალს არ ასაჯაროებენ… ხოლო Shutterstock წელიწადში ორჯერ ანაზღაურებაზე საუბრობს, რომელიც ე. წ. კონტენტის ბიბლიოთეკაში კრეატორის წვლილით განისაზღვრება და ამასთან, ისინი დამატებით კომპენსაციასაც მიიღებენ, თუ AI გენერატორის წარმოებული კონტენტი მათ ნამუშევრებს მოიცავს. თუმცა როგორ განისაზღვრება ეს ანაზღაურება ან რამდენი იქნება დამატებითი კომპენსაცია, ეს არც აქ ვიცით… ერთადერთი დასაყრდენი ფოტოგრაფ რობერს კნეშკის კვლევაა — 2000 ფოტოთი მხოლოდ $15-ის გამომუშავებაა შესაძლებელი, როცა თითოეულის ღირებულება 0.0078/ 0.0069 დოლარია.
მთლიანობაში, კომპანიები დაბალი ანაზღაურების არგუმენტად მრავალ მიზეზს ასახელებენ, იქნება ეს მონაცემების არარსებობა, ტექნოლოგიებისა თუ ბიზნეს მოდელების სიახლე.