in

მეცნიერებმა ღორის თირკმელი ადამიანს გადაუნერგეს!

“შედეგი იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდით და ველოდით”

ისტორიაში პირველად ექიმებმა ადამიანს წარმატებით გადაუნერგეს ღორის თირკმელი. NYU ლანგონის სამედიცინო ცენტრის ქირურგებმა ღორის ორგანო მკვდარი რეციპიენტის სხეულს გარეთ უზარმაზარ სისხლძარღვთა წყვილს მიუერთეს – შემდეგ კი მას ორი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

“შედეგი იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდით და ველოდით. ეს ცოცხალი დონორისგან განხორციელებულ ტრანსპლანტაციას ჰგავდა, რომელიც აქამდე არაერთხელ გამიკეთებია. რაც შეეხება გარდაცვლილთა თირკმელს, მის ამუშავებას დღეები ან კვირები სჭირდება. ხოლო ახლად ჩატარებულ ექსპერიმენტში თირკმელი მაშინვე ამუშავდა” – განაცხადა დოქტორმა რობერტ მონტგომერიმ, რომელიც სექტემბერში NYU ლანგონის სამედიცინო ცენტრში ქირურგიულ გუნდს წარუძღვა.

ღორის თირკმელთან დაკავშირებულ საკითხს მეცნიერები უკვე გარკვეული პერიოდია, იკვლევენ. თავის მხრივ, ეს ორგანოთა დეფიციტის პრობლემის მოგვარებას უკავშირდება. თუმცა პრობლემას ის ქმნიდა, რომ ცხოველში არსებული შაქარი, რომელიც ადამიანის სხეულისათვის უცხოა, ორგანოს უკუგდებას დაუყოვნებლივ იწვევს. ამიტომაც, ექსპერიმენტში მონაწილე თირკმელი გენეტიკურად მოდიფიცირებულ ცხოველს ეკუთვნოდა – იგი ამ შაქრისა და იმუნური რეაქციის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა.

დოქტორი დორი სეგევის თქმით, ეს უზარმაზარი და მნიშვნელოვანი მიღწევაა, მაგრამ პროცედურის ეფექტურობის დასადასტურებლად, დამატებითი კვლევებია საჭირო. “ჩვენ მეტად უნდა შევისწავლოთ ორგანოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები”. 

ამასთანავე, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ პაციენტის სხეულმა საბოლოოდ შეიძლება, ახალი თირკმელი უარყოს. ეს ბუნებრივია, რადგან ორგანოს უარყოფა მაშინაც კი დასაშვებია, როდესაც დონორის ორგანო ზუსტად შეესაბამება პაციენტის ორგანიზმს. ახლა კი საქმე სახეობათაშორისი ბარიერების გადალახვას ეხება…

სახეობებს შორის ორგანოებისა და კიდურების გადანერგვის პროცესი ცნობილია როგორც ქსენოტრანსპლანტაცია. ცხოველების ორგანოები, როგორიცაა შიმპანზეები და ღორები, წარსულში დიდწილად არაეფექტური იყო, ადამიანის სხეულის გრძელვადიან პერსპექტივაში შესანარჩუნებლად… თუმცა გენის რედაქტირების ტექნოლოგია, შესაძლოა, წარმატებული ტრანსპლანტაციის გასაღები აღმოჩნდეს.

რა თქმა უნდა, პროცესს თან ახლავს მრავალი კითხვა, რომელიც ეთიკას უკავშირდება – რამდენად მართებულია ცხოველების გაზრდა მათი ორგანოების მიღების მიზნით? თუმცა, NYT-ის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 100 მილიონი ღორი იკვლება საკვების მისაღებად. ამრიგად, არც ისე რთული უნდა იყოს ამ არსებების ორგანოების სანაცვლოდ გამოყენება. “გენმოდიფიცირებულ ღორებს აქვთ პოტენციალი, იყვნენ ორგანოების მდგრადი, განახლებადი წყარო” – აღნიშნავს მონტგომერი.

რაც არ უნდა მოხდეს, BMW თქვენს დასახმარებლად მზადაა!

ვიკინგები ჩრდილოეთ ამერიკაში მინიმუმ 1021 წლიდან ცხოვრობდნენ