Wired-ის თანახმად, გენეტიკური მოდიფიკაციის ტექნიკის გამოყენებით, მეცნიერებმა სიმელოტის სამკურნალოდ ახალ მეთოდს მიაგნეს.
როგორც ბიოტექნოლოგიური კომპანია Amplifica და მკვლევართა გუნდი გვარწმუნებენ, მათ სასიგნალო გზა აღმოაჩინეს, რომელიც უშუალოდ თმის ზრდაზეა პასუხისმგებელი. ამის აღმოჩენის შემდეგ კი მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ახალი გზები ეპოვათ, რათა უჯრედს თმის ფოლიკულების წარმოქმნა არ შეეწყვიტა.
საგულისხმოა, თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მართლაც დამაიმედებელი აღმოჩნდა, რასაც Developmental Cell-ში გამოქვეყნებული კვლევა მოწმობს. ექსპერიმენტის ფარგლებში, თაგვებს სწრაფად გაუზარდეს ბეწვი, რაც პირველი პერსპექტიული ნაბიჯია წარმოუდგენლად გავრცელებული დაავადების პოტენციურად ინოვაციური მკურნალობისკენ — განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე მკურნალობა, როგორიცაა თმის გადანერგვა და თმის ზრდის წამლები, ინვაზიური და ძვირია.
რნმ-ის თანმიმდევრობის გამოყენებით, ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ გენმოდიფიცირებულ თაგვებში გვხვდებოდა მოლეკულა, სახელად SCUBE3, რომელიც, როგორც ჩანს, ფოლიკულებს თმის ხელახლა წარმოქმნისაკენ უბიძგებს. თანაც, ეს მეთოდი იმ თაგვებზეც კი მუშაობდა, რომელთაც კანზე ადამიანის თმის ფოლიკულები ჰქონდათ გადანერგილი.
რა თქმა უნდა, ვიდრე უშუალოდ ადამიანებზე დაიწყება კვლევებისა და პროცედურის ჩატარება, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოს განხორციელებაა საჭირო. თუმცა მეცნიერების თქმით, ეს არც ისე შორეული მომავალია, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ძალიან მარტივი პროცესია — სკალპში მოლეკულა მილიმეტრზე ნაკლებ სიღრმეზე შეჰყავთ, რასაც 20 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს თმის ფოლიკულები საერთოდ არ აქვს, მას ახალი ფოლიკულების გადანერგვა დასჭირდება.











