ახალი გენური თერაპიის ტექნიკის გამოყენებით, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა თაგვებში ნეიროპათიული ტკივილი შეამცირეს, რომელსაც ზურგის ტვინის ან სხვა ნერვული დაზიანებები იწვევდა. მეტიც, ამან გვერდითი ეფექტების გარეშე ჩაიარა…
კონკრეტული შედეგი კვლევას განსაკუთრებულს ხდის, რადგან მისი დახმარებით, იმ პაციენტების მკურნალობას შევძლებთ, რომლებიც ქრონიკული ტკივილებით იტანჯებიან ან რომელთათვისაც ზურგის ტვინის დაზიანების გამო დაბუჟება და სუსტი კუნთები პრობლემა გახდა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნერვული დაზიანებების ან დისფუნქციის, სხვაგვარად ცნობილი როგორც ნეიროპათიის, წამლებით მკურნალობა გვერდით ეფექტებს იწვევს. თანაც, სასურველი შედეგისთვის ისინი მუდმივად უნდა მივიღოთ. რაც შეეხება ოპიოიდებს, რაც ყველაზე ეფექტურ ტკივილგამაყუჩებლად ითვლება, იგი ხშირად დამოკიდებულებას იწვევს. აქ კი კარგი ამბავი ის არის, რომ მეცნიერებმა უკვე ახალი თაობის პოსტოპიოიდური მკურნალობაც დანერგეს.
„კლინიკურად მისაღები ანტინოციცეპტიური (ტკივილგამაყუჩებელი) თერაპიისთვის ერთ-ერთი წინაპირობა მინიმალური ან გვერდითი ეფექტების არქონაა, ისეთის, როგორიცაა, კუნთების სისუსტე, ზოგადი სედაცია ან მკურნალობისადმი ტოლერანტობა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ისეთი მკურნალობის თერაპიის შემუშავება, რომელსაც ხანგრძლივი ეფექტი ექნება. ეს აღმოჩენები კი ამის საშუალებას მოგვცემს“, — ამბობს მარტინ მარსალა, კვლევის წამყვანი ავტორი.
კვლევისას თაგვებს, რომლებსაც ზურგის ტკივილი ნერვული დაზიანების გამო აღენიშნებოდათ, გენმოდიფიცირებული ვირუსი გაუკეთეს. იგი ორი ბუნებრივი გენისგან GAD65 და VGAT შედგებოდა, რომლებსაც, თავის მხრივ, გამა-ამინობუტირის მჟავის წარმოება შეეძლო.
შედეგები თავიდანვე იმედის მომცემი იყო, რადგან თაგვებში ტკივილი 2.5 თვეში მნიშვნელოვნად შემცირდა. მეტიც, იგივე მკურნალობამ გვერდითი ეფექტები არც ღორებსა და სხვა პრიმატებში გამოიწვია. სწორედ ამიტომ, ფიქრობენ, რომ გენმოდიფიცირებული ვირუსით მკურნალობას დადებითი ეფექტი ადამიანზეც ექნება.
დიახ, ეს ყველაფერი საკმაოდ დამაინტრიგებლად ჟღერს… მეცნიერები კი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ეს მკურნალობა ადამიანებშიც დანერგონ.