in

რატომ არის Depop ზეტ თაობის ერთ-ერთი რჩეული პლატფორმა

eBay მზადაა, 1.2 მილიარდ დოლარად Etsy-სგან მოდის პლატფორმა Depop შეიძინოს. ერთი შეხედვით, გარიგების მთავარი მიზანი ნათელია: eBay-ს სურს ზეტ და Gen Alpha თაობების აუდიტორიის მიზიდვა. თუმცა, თუ პლატფორმის სპეციფიკას სიღრმისეულად შევხედავთ, დავინახავთ კიდევ ერთ, გაცილებით საინტერესო მიზეზს – დღესდღეობით Depop-ს მეორადი ნივთების ბაზარზე საუკეთესო და ყველაზე დახვეწილი ინტერფეისი აქვს.

შერწყმის მიუხედავად, Depop eBay-ს შიგნით დამოუკიდებელ ბრენდად დარჩება და შეინარჩუნებს როგორც სახელს, ისე პლატფორმის იდენტობას. eBay-სთვის ეს ნაბიჯი ლოგიკურია, რადგან მეორადი ტანსაცმლის ბაზარი უპრეცედენტო სისწრაფით იზრდება. უახლესი კვლევების თანახმად, 2029 წლისთვის ეს ინდუსტრია 367 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც გლობალური ტანსაცმლის ბაზრის ზრდის ტემპს თითქმის სამჯერ აღემატება. ამ ტენდენციის მთავარი მამოძრავებელი ძალა კი სწორედ მილენიალები, ზეტ და Gen Alpha თაობები არიან.

ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ტანსაცმელს ყიდიან ან ყიდულობენ, Depop ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილია. პლატფორმამ 2025 წელს გაყიდვებში დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს მიაღწია, აშშ-ის ბაზარზე კი წლიური 60%-იანი ზრდა აჩვენა. გასული წლის ბოლოს მონაცემებით, მას 7 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, რომელთა თითქმის 90% 34 წლამდე ასაკისაა. ეს ბაზა eBay-სთვის ნამდვილი საჩუქარია, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში სწორედ ახალგაზრდა თაობები განაპირობებენ მყიდველთა ზრდას.

ვინტაჟური ტანსაცმლის მოყვარულებისთვის, რომლებსაც თითქმის ყველა მსგავსი პლატფორმა (Poshmark, ThredUp, eBay, Facebook Marketplace, Mercari თუ Etsy) გამოუცდიათ, Depop უდავო ლიდერია ვიზუალითა და სიმარტივით. რა თქმა უნდა, მასაც აქვს თავისი ხარვეზები – მაგალითად, მომხმარებელთა ხშირი უკმაყოფილება, როცა გამყიდველები ჩვეულებრივ მაისურებს ასტრონომიულ ფასებს ადებენ. მაგრამ წმინდა UX და დიზაინის კუთხით, ის კონკურენტებს ბევრად უსწრებს, რადგან მისი დიზაინი პოპულარული სოციალური ქსელებისგან არის ინსპირირებული.

სოციალური მედიის გამოცდილება აპლიკაციაში

Depop-მა ზუსტად იცის, რომ მისი მომხმარებლები ახალგაზრდები არიან და დროის უმეტეს ნაწილს TikTok-სა და Instagram-ზე ატარებენ. ეს აპლიკაციის დიზაინშიც აისახება. შესვლისთანავე გხვდებათ ე.წ. შემოთავაზებული გვერდი, რომელიც ზუსტად TikTok-ის პრინციპით მუშაობს. ალგორითმი გაწვდით უსასრულოდ სქროლვად, თქვენს ძიებებსა და მოწონებებზე მორგებულ პროდუქციას.

გაყიდვის გამარტივებული პროცესი

მათთვის, ვინც პლატფორმას გამყიდველის პოზიციიდან იყენებს (მაგალითად, ჰობის დონეზე ვინტაჟური ნივთების გასაყიდად), Depop-ის UX გაცილებით ინტუიციურია. შედარებისთვის, Etsy-ს ორი დამოუკიდებელი აპლიკაცია აქვს – ერთი მყიდველებისთვის და მეორე გამყიდველებისთვის. ვებგვერდზეც კი მაღაზიის მართვის პანელი ცალკეა გამოყოფილი. Depop კი ამ ყველაფერს ერთ სივრცეში აერთიანებს.

თავშესაფარი AI ფოტოებისგან

Depop-ზე ძიება რეალურ, ნამდვილ ფოტოებს აჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ AI ფოტოები ინდუსტრიას იპყრობს, Depop-ზე შოპინგი კვლავ ინარჩუნებს იმ პირვანდელ ხიბლს, თითქოს უცნობი ადამიანის გარდერობში იქექებით. მიზეზი, სავარაუდოდ, პლატფორმის მკაცრი წესებია, რომელიც მომხმარებლებს პირდაპირ მიუთითებს, გამოიყენონ მხოლოდ საკუთარი ხელით გადაღებული ფოტოები.

წყარო: Fastcompany

Exhibition at TBC Concept Gallery – Tbilisi – Risingland

iOS 26.4-ის მთავარი სიახლეები: ვიდეოპოდკასტები, Apple Music-ის AI-ფლეილისტები და უსაფრთხოება