in

Geo Stalk – სტალკერი საქართველოდან, რომელიც მიტოვებულ ადგილებს გვაცნობს

შეუცნობლის შეცნობა, მიუღწევლის მიღწევა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება ჩვენთვის, ადამიანებისთვის მძაფრად დამახასიათებელი თვისებაა. გვსურს თუ არა, გონებაში გამუდმებით ვეძებთ იმ კითხვებზე პასუხს, რომლებიც, ერთი შეხედვით, თითქოს არ არსებობს. მათ კი, ვისაც სჯერა, რომ ამ პასუხებს იპოვის და ამას დიდ ძალასა და ენერგიას შეალევს, ცხოვრების სულ სხვაგვარი, ექსტრემალური სტილი აქვთ. ადამიანი, რომელზეც ამ სტატიაში უნდა მოგიყვეთ, სწორედ ასეთია. ალექს ტატევოსიანი წლებია, მიტოვებული ადგილების აღმოჩენითა და ათვისებითაა დაკავებული. 4 წლის წინ მან საკუთარი პროექტი Geo Stalk შექმნა და ამ დროის განმავლობაში იუთუბსა და FB გვერდებზე აუდიტორიას უამრავ, მათთვის უცნობ ადგილს ინფორმაციულად და ვიზუალურად აცნობს. უფრო დეტალურად საკუთარი საქმიანობის შესახებ მარკეტერი ალექსს გაესაუბრა:

M: საიდან გაჩნდა Geo Stalk-ის შექმნის იდეა? შთაგონება საიდან მოვიდა?

ბავშვობიდანვე მქონდა ინტერესი მსგავსი ადგილების მიმართ. ყოველთვის მიზიდავდა მიტოვებულ ან უცხო ნაგებობებში სიარული. თავს წარმოვიდგენდი თამაშის ან ფილმის პერსონაჟად. არასდროს მომწონდა ხალხმრავალი და ხმაურიანი გარემო. 90-იან წლებში დიდად სხვა გასართობი არც იყო, ხოლო ფეხბურთი კი არ მიზიდავდა. დროთა განმავლობაში გავიცანი სხვა ბავშვები, ვისაც მსგავსი გატაცება ჰქონდა და ერთად უფრო შორ და საინტერესო ობიექტებზე სიარული დავიწყეთ.

M: როდის და როგორ დაიწყეთ ეს პროექტი? თავდაპირველად რომელი ადგილები აირჩიეთ და რა კრიტერიუმით?

სკოლის დამთავრების შემდეგ მომიწია ამ ჰობზე უარის თქმა, ვინაიდან, სხვა უამრავი საქმე გამომიჩნდა – სამსახური, უნივერსიტეტი, ტრეინინგები და ასე შემდეგ… დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ჩემი ყოველდღიურობა საკმაოდ მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდა. ვეძებდი ახალ გასართობს, ვინაიდან კლუბები, ბარები და სხვა მსგავსი ტიპის გართობა უკვე კარგა ხნის მობეზრებული მქონდა.

2015 წელს სოციალურ ქსელში შემთხვევით წავაწყდი ურბანულ მკვლევართა ჯგუფს, რომლებიც საქართველოში არსებულ მიტოვებულ ადგილებსა და მიწისქვეშა თავშესაფრებზე საინტერესო პოსტებს დებდნენ. ამ პერიოდში მე აქტიურად ვუყურებდი YouTube-ზე მსგავს ადგილებში მოგზაურობის ვიდეოებს და გამიხარდა, რომ ვიღაცას ეს თემატიკა საქართველოშიც აინტერესებს. შემდეგ მივწერე ამ გვერდის წარმომადგენლებს და გამოვხატე სურვილი, მევლო მათთან ერთად, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე.

ამის შემდეგ 2016 წლის მარტში ამ ჯგუფმა გამართა რამდენიმე ღია ლექცია და ღია ღონისძიება, სადაც იყო შესაძლებელი მათთან ერთად ბუნკერში ჩასვლა. ეს იყო მიტოვებული რადიოგადამცემი, მიწისქვეშა ბუნკერი სოფელ ლამისყანაში. მე ვთხოვე ჩვენს საერთო მეგობარს, რომ მეც წავსულიყავი მასთან ერთად და მენახა ის ბუნკერი, თან სხვა ურბანული მკვლევარებიც გამეცნო. ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, იმ დროისთვის ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა, ჩავსულიყავი ახალ მიწისქვეშა ბუნკერში, ამ სფეროში იმ დროისთვის ყველაზე პოპულარულ ჯგუფთან ერთად. განვიცადე უამრავი დადებითი ემოცია. თუმცა, მათთან ერთად ამ შეხვედრის მერე პირველი ერთობლივი გასვლა მხოლოდ 2 წლის შემდეგ მქონდა. არავის უნდოდა გამოუცდელ ადამიანთან სიცოცხლისთვის სახიფათო ადგილების დათვალიერება.

იმ დროისათვის კიდევ იყვნენ სხვა მსგავსი ჰობით გატაცებული ჯგუფები, რომლებმაც შემომთავაზეს მათთან ერთად სიარული და სურათების გადაღებაში დახმარება. მაშინ მე მქონდა ჩემი დის ფოტოაპარატი და ფოტოგრაფიას ვსწავლობდი.

ნამდვილად საინტერესო პერიოდი იყო, შევძელი რეალურ ცხოვრებაში მენახა ყველა ის ადგილი, რომელიც ადრე მხოლოდ სურათებზე მქონდა ნანახი. ეს იყო მიწისქვეშა ბომბ-საწინააღმდეგო თავშესაფარი, საავადმყოფოები, მიტოვებული კინოთეატრები, მიტოვებული გოგირდის აბანოები, საბავშვო რკინიგზა და კარსანის გეოფიზიკის ობსერვატორია. შემდეგ ისე მოხდა, რომ ის ჯგუფი, ვისთანაც ერთადაც მე დავდიოდი, დაიშალა და მომიწია ჩემი ჯგუფის ჩამოყალიბება, რათა მქონოდა ონლაინ სივრცე, სადაც მე შევძლებდი მიტოვებულ და მილიონობით თვალისგან დამალულ ადგილებზე ისტორიისა და სურათების განთავსებას. ასევე მჭირდებოდა 1-2 ადამიანი, ვისთანაც ერთად შევძლებდი ამ ადგილების დათვალიერებას. სახელზეც ბევრი არ მიფიქრია, GEO STALK რომ გავშიფროთ, გამოდის ესე: GEO – საქართველო STALK – სტალკერი (ადამიანი, ვინც მიტოვებულ ადგილებს ათვალიერებს). შემდეგ, როდესაც ჩემთვის ცნობილი ობიექტების დათვალიერებას მოვრჩი, დავიწყე ჩემთვის და სხვა ურბანული მკვლევარებისთვის უცნობი ადგილების ძებნა. მთავარი კრიტერიუმი იყო ობიექტის შენახულობა, ანუ ცარიელი კედლების გარდა იქ კიდევ რამე უნდა ყოფილიყო. ხანდახან თითქმის ხელუხლებელ ობიექტებს ვაწყდებოდით.

M: ზოგადად, რას წარმოადგენს Geo Stalk? რას სთავაზობს აუდიტორიას?

დღესდღეობით GEO STALK-ი წარმოადგენს ინტერნეტ მედია პროექტს, რომელიც შედგება Facebook გვერდისაგან, სადაც იდება ინფორმაცია და სურათები რაიმე მიტოვებული, ან უბრალოდ საინტერესო ურბანული ობიექტის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე. ასევე, გვაქვს YouTube არხი, სადაც უფრო დეტალურად არის ნაჩვენები ესა თუ ის ობიექტები და ჩვენი იქ მოგზაურობის ისტორია. მინდა, ეს პროექტი კიდევ უფრო მასშტაბური და დახვეწილი გავხადო, რათა ქართულ ინტერნეტ სივრცეში იყოს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა საინტერესო ობიექტებია ჩვენს გარშემო, რომლებსაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში გვერდს ვუვლით და გვეშინია მათთან მიახლოებაც კი.

M: როგორ ფიქრობთ, რა სარგებლის მომტანია აუდიტორიისთვის ეს პროექტი?

GEO STALK-ის პროექტმა უკვე მოიტანა დიდი სარგებელი. ჩვენი არხის და გვერდის საშუალებით ქართულმა აუდიტორიამ ძალიან ბევრი რამ შეიტყო. ასევე, ამ გვერდით დაინტერესდნენ უცხოელები, ისინი მსგავსი ადგილების დათვალიერების მიზნით ხშირად სტუმრობენ საქართველოს, რაც ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო ზრდის. ობიექტებით დაინტერესდნენ რეჟისორები, Clip მეიქერები და ხელოვანები. ჩვენი გვერდის საშუალებით ქართულენოვან აუდიტორიას ვაჩვენეთ ჩერნობილის ზონა, ისეთი, რომელიც აქამდე არც ერთ დოკუმენტურ ფილმში არ იყო ნაჩვენები.

M: რა რისკებსა და სირთულეებს აწყდებით ძირითადად?

ნებისმიერი მსგავსი გატაცება ძალიან ბევრ რისკთან არის დაკავშირებული, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული თვალსაზრისით. ობიექტების დათვალიერებისას უამრავი უსაფრთხოების ზომაა გასათვალისწინებელი. არის დაუწერელი კანონები, რომელთა დაცვა გიწევს, რადგან ყოველი წესი ვინმეს სიცოცხლის ფასად არის დაწერილი.

ურბანული მკვლევრები, უმეტესწილად, ზრდასრული ადამიანები არიან, მათ გააჩნიათ სერიოზული სამსახური და ჰყავთ ოჯახები. ჩვენ ყოველთვის დავდივართ ჯგუფით – ორი ან მეტი კაცი. ვინაიდან უბედური შემთხვევისაგან არავინ არის დაცული, ყოველთვის გჭირდება დამხმარე, ვინც სულ მცირე სასწრაფო-სამაშველო ჯგუფს გამოიძახებს. ობიექტებზე უმეტესწილად ფიჭური კავშირი მიუწვდომელია და ამის გამო მიზანშეწონილია რაციის გამოყენება.

არსებობს ურბანული მკვლევრების უსაფრთხოების წესების ზოგადი ჩამონათვალი:

  • გარეშე პირმა უნდა იცოდეს სად მიდიხართ, როდის მიდიხართ და როდის დაბრუნდებით, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად მოხდეს მაშველებთან დაკავშირება;
  • ჯგუფი უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი ადამიანისგან;
  • ჯგუფის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს ფანარი სათადარიგო ელემენტებით, ან/და დამატებითი ფანარი;
  • ჯგუფის ყველა წევრი უნდა იყოს ფხიზელ მდგომარეობაში;
  • იკრძალება ობიექტზე ცეცხლის დანთება, სიგარეტის მოწევა და ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება;
  • იკრძალება ობიექტზე ვანდალური მოქმედებების ჩადენა;
  • იკრძალება ობიექტის ან/და ობიექტზე შესასვლელი გზის ზუსტი კოორდინატების გამჟღავნება უცხო პირთათვის;
  • სასურველია, ჯგუფის ერთმა წევრმა მაინც იცოდეს ალპინისტური აღჭურვილობის გამოყენება;
  • სასურველია, ჯგუფის წევრებს ჰქონდეთ კარგი ფიზიკური მომზადება;
  • სასურველია, ჯგუფის წევრებს ჰქონდეთ რაციები, არანაკლებ 1 ცალი ჯგუფზე;
  • კლაუსტროფობიის, სიბნელის და სიმაღლის შიშის მქონე ადამიანებს ვურჩევდით თავი შეეკავებინათ ამ საქმიანობისგან.

ამიტომაც მოინახულეთ ადგილები უსაფრთხოდ, ნუ აჰყვებით ლაიქების რაოდენობას სოციალურ ქსელებში. ვირუსული ვიდეო და ეფექტური სელფი, შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ.

მთავარი სირთულე ალბათ არის რაიმე მოქმედ და საინტერესო ობიექტზე გადაღების ნებართვის მოპოვება. სამწუხაროდ, საქართველოში ბლოგერებს არასერიოზულად აღიქვამენ, რის გამოც ნებართვის აღება მხოლოდ ნაცნობობის ჩართვით ხდება. ყველას რატომღაც „შემოგზავნილები“ ვგონივართ. ხანდახან, პირველი შეხედულებით მიტოვებული ადგილი სულაც არ არის მიტოვებული და იქაური „მეპატრონე“ არც თუ ისე გახარებულია ჩვენი დანახვით. ძირითადად, საქართველოს მასშტაბით დავდივართ ისეთ ადგილებში, სადაც ნებისმიერ ადამიანს რაიმე ხელსაწყოს გარეშე შეუძლია შესვლა, ხოლო საზღვარგარეთ უკვე თავს ვაძლევთ უფლებას, ოდნავ გავწიოთ კანონმდებლობა გვერდით, ვინაიდან იქ ბევრად ნაკლები პრობლემა შეიძლება შეგვექმნას დაცვასთან ან ადგილობრივებთან. მაქსიმუმ რამდენიმე ათეული ლარის ექვივალენტის ჯარიმის გადახდა გიწევს და ეს ბევრად ნაკლებია მათი ექსკურსიით მონახულების საფასურთან შედარებით.

M: როგორ ხდება ვიდეოს დამზადება – რომ მოგვიყვეთ პროცესი დეტალურად..

ვიდეოს გადაღება არის საკმაოდ შრომატევადი პროცესი. მე ვიწყებ ობიექტის მოძიებიდან, რომელსაც აქვს საინტერესო ისტორია და კარგი შენახულობა, შემდეგ ამ ობიექტზე ვცდილობ, მოვიძიო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. ეს შეიძლება იყოს, როგორც ადგილობრივებთან გასაუბრება, ასევე არქივში ინფორმაციის ძებნა.

ამის შემდეგ გუნდთან ერთად მივდივართ ობიექტზე და ვიკვლევთ მას. თუ იქ მოხვედრა უპრობლემოდ მოვახერხეთ, ჯერ მივდივართ მის დასათვალიერებლად და უფრო მეტი დეტალის მოსაპოვებლად. ვკითხულობთ იქ დატოვებულ საბუთებს ან ვათვალიერებთ რაიმე ნივთებს. ამ დროს, როგორც წესი, ვიღებთ უამრავ სურათს. შემდეგ უკვე თუ იმავე დღეს ვასწრებ ვიდეოს გადაღებას, ვიწყებ ობიექტზე ინფორმაციის მოყოლას და მისი ყოველი დეტალის ჩვენებას.

ჩამოსვლის შემდეგ გადის არაერთი კვირა, სანამ მოვიცლი სურათების და ვიდეოების დახარისხებისათვის, დამუშავებასა და ვიდეოს მონტაჟისათვის. როგორც წესი, ჯერ ვუყურებ მთელ გადაღებულ მასალას და შემდეგ უკვე ვინიშნავ, თუ რა რის მერე უნდა იყოს, რა არის ამოსაღები და რა დამატებითი ინფორმაციაა დასამატებელი. ვცდილობ, კვირაში ერთი ვიდეო მაინც დავდო იუთუბ არხზე. ამასთან ერთად, არის უამრავი მასალა, რომელიც ელოდება თავის რიგს, რომ დავჯდე და დავამუშავო, ვინაიდან დიდი გასვლების შემდეგ რამდენიმე ადგილის გადაღებას ვასწრებ. ხოლო სამუშაო დღეებში არც თუ იმდენი თავისუფალი დრო მაქვს, რომ ყველაფერი დავამუშავო და დავდო სოციალურ ქსელში. არის შემთხვევები, როდესაც შემთხვევით წააწყდები რაიმე ობიექტს, გადაიღებ, მაგრამ ვერ მოიპოვებ ობიექტზე რაიმე ინფორმაციას. ასეთი ობიექტები წლები ელოდებიან დამონტაჟებას, სანამ მათზე ინფორმაციას არ მოვიძიებ. არ მიყვარს, როდესაც ვიდეო ან ფოტომასალა არ არის სრულყოფილი.

M: დაწყებიდან დღემდე, როგორ ფიქრობთ, რა დონეზე განვითარდა Geo Stalk და ახლა რა ეტაპზეა?

დაახლოებით 4 წელი გავიდა, რაც მე GEO STALK-ის პროექტი წამოვიწყე. ამ პერიოდში მოვახერხე საქართველოში გამეკეთებინა ყველაზე პოპულარული Facebook გვერდი და YouTube არხი ამ თემატიკაში. მოვიარე 6 ქვეყანა და დავაგროვე 300-ზე მეტი ადგილი. ევროპაში და დსთ-ს ქვეყნებში მყავს უამრავი მეგობარი, ვინც ამ პერიოდში გავიცანი და ვინც მეხმარებოდა ამ პროექტის განვითარებაში. გავხდი პირველი ადამიანი საქართველოდან, ვინც არაოფიციალურად, ექსკურსიის გარეშე, ორჯერ წავედა ჩერნობილში და იცხოვრა იქ 7 – 10 დღე. ძალიან ბევრი კინორეჟისორი, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი, მეხმიანება და მთხოვს დახმარებას საკუთარი ფილმის გადასაღებად ლოკაციის შერჩევაში. გვერდისა და არხის მაყურებლები პოულობენ საინტერესო ადგილებს და მეხმიანებიან, რომ მათთან ერთად ეს ადგილები დავათვალიერო.

M: სამომავლო გეგმების შესახებაც გვიამბეთ..

ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი მქონდა წამოწყებული, ძირითადად, ტურიზმის მხრივ. თუმცა, პანდემიამ ბევრი გეგმა ჩამიშალა. მინდოდა, გამეკეთებინა ტურისტული სააგენტო, რომელიც სწორედ მიტოვებული ადგილების დათვალიერებაზე იქნებოდა ორიენტირებული. ასევე, მინდოდა თბილისში ერთ-ერთ მიწისქვეშა თავშესაფარში გამეხსნა ცივი ომის მუზეუმი, რომლებიც ევროპაში და დსთ-ს ქვეყნებში მრავლადაა. ვფიქრობ, საქართველოში მსგავსი ტიპის ტურიზმი ძალიან კარგი იქნება, ვინაიდან გვაქვს უნიკალური ნაგებობები, რომელთა ანალოგი მსოფლიოში არსად არ არის. სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ურბანული მკვლევარები სხვადასხვა საჯარო უწყების შეუცვლელი დამხმარეები არიან. იმედია სამომავლოდ Facebook გვერდი და YouTube არხი კიდევ უფრო პოპულარული გახდება და უფრო მეტი მაყურებელიც მეყოლება.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

ნინია მაჭარაშვილი

ნინია მაჭარაშვილი – #პირველისამსახური

ახალი აპი ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებელს – თიბისი დაზღვევა