in

საქართველოს ტურისტული ბაზრის ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარების პერსპექტივები (ხედვა)

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO) გამოაქვეყნა ნარკვევი ,, ტურიზმი: პერსპექტივა 2030“, მისი  გრძელვადიანი პროგნოზის   თანახმად საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 2030 წლისთვის 1.8 მილიარდს მიაღწევს. გასულ ათწლეულებთან შედარებით, 2010-2030 წლებში  საერთაშორისო ტურიზმი ზომიერი ტემპით გაიზრდება, წელიწადში საშუალოდ   3.3% -ით. ამის შედეგად ტურისტული ბაზარი ყოველწლიურად საშუალოდ 43 მილიონი საერთაშორისო ტურისტით შეივსება, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი ათწლეულის შემდეგ ყოველდღე 5 მილიონი ადამიანი  გადაკვეთს საერთაშორისო საზღვრებს დასვენების, ბიზნესსაქმიანობის თუ სხვა რაიმე, მაგალითად, მეგობრების ან ნათესავების მონახულების მიზნით.  2017 წლისთვის მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები (მათ შორის, საქართველოც) მიიღებენ უფრო მეტ საერთაშორისო ტურისტს,  ვიდრე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები (მაგ.ევროპა და აშშ), ხოლო 2030 წლისთვის მათი წილი, სავარაუდოდ, 58%-ს მიაღწევს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

საქართველოში ტურიზმი რომ სწრაფი ტემპით ვითარდება, ამას მსოფლიოს წამყვანი  ჟურნალ-გაზეთებიც აღნიშნავენ, მაგალითად, ცნობილი და ავტორიტეტული  ამერიკული გამოცემა ფორბსი(Forbes) საქართველოში ტურიზმის განვითარების სტრატეგიას  წარმატებულად მიიჩნევს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ  საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც 2011 წელს  2. 8 მილიონს აღწევდა, 2016 წლისთვის 6 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო 2017 წლისთვის 7 მილიონია მოსალოდნელი. როგორც ფორბსის ჟურნალისტი გვაუწყებს, საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ყველა სფეროში (სასტუმრო, რესტორანი, ღონისძიებები, MICE)  მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება, რაც გლობალურ ეკონომიკაში ქვეყნის პოზიციის გამყარებას უწყობს ხელს. 2015 წელს საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან ერთად შეიმუშავა ახალი ტურისტული სტრატეგია, რომლის მიზანია მაღალ გადახდისუნარიანი ტურისტების მოზიდვა მთელი მსოფლიოდან.

თუ დღეისთვის ჩვენი ქვეყნის მარკეტინგული აქტივობა შეჯერებული, გათვლილი და განხორციელებულია, სასურველია, შიდა ინფრასტრუქტურა და საკანონმდებლო საკითხები უფრო მეტად დაიხვეწოს. დღევანდელ ტურისტულ სექტორს ბევრი მტკივნეული პრობლემა დაუგროვდა: ტურიზმის შესახებ კანონის არ არსებობა, ლიცენზირებული ტურისტული კომპანიებისა და ტუროპერატორების ნაკლებობა, დიდი რაოდენობით არალიცენზირებული გიდი, სასტუმროებისათვის ვარსკვლავის მინიჭების გაუგებარი სისტემა, გაუგონარი სიმარტივით  გახსნილი ფირმები და ამ სექტორში  ნებართვის გარეშე მომუშავე  უამრავი უცხოელი მოქალაქე.

 

ყველა ეს საკითხი, რასაკვირველია, გადასაჭრელია. რეალურად მომუშავე (და არა მხოლოდ დარეგისტრირებული) ფირმების რაოდენობაზე სტატისტიკა არ გაგვაჩნია. მათი რაოდენობის დადგენა რთულია ტურიზმის სფეროში მომუშავე ასოციაციების მეშვეობითაც, რადგანაც ისინი მრავალრიცხოვანია და საქმიანობაც, ძირითად მიმართულებებში, ერთმანეთს ემთხვევა. ყველა მოქმედი დაწესებულება (ტურისტული ფირმები, ასოციაციები, ამ სფეროს შემსწავლელი კათედრები, ტრენინგ ცენტრები) კმაყოფილდება არსებული რეალობით და პრაქტიკულად არავინ ფიქრობს ტურიზმის სფეროში უკვე მოქმედი ფირმების სწორ ორიენტაციაზე, მათი საქმიანობის მომავალზე, უხალოეს მომავალში ამ სფეროში მოსახლეობის ჩართულობაზე (კერძოდ, რომელ პროფესიაზე გაიზრდება მოთხოვნილება ტურიზმის დარგში). საქართველოში ტურისტულ სფეროში რეგისტრირებულია დაახლოებით 1000 ფირმა, ათეულობით ასოციაცია, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რამდენიმე კათედრა და დამოუკიდებელი ტრენინგ ცენტრი.

რა ელოდებათ მათ უახლოეს მომავალში?  შევეცდებით, თანამედროვე მიდგომებსა და ტენდენციებზე დაყრდნობით ვიმსჯელოთ ამ თემაზე.

რა გზა უნდა გაიაროს ტურისტმა საქართველოში ტურის შესაძენად?

თავდაპირველად, იგი მიმართავს თავისი ქვეყნის ტუროპერატორს, კომპანია მას სთავაზობს ქართული  ტურკომპანიისაგან შეძენილ ტურს. ამას ემატება ბილეთებისა და სასტუმროს თანხა. ტურისტი, ყველა პუნქტის შეთანხმების შემდეგ, მის მიერ შერჩეულ ქვეყანაში მიემგზავრება.  

ვინ ემსახურება ტურისტს ქართული მხრიდან?

მსხვილი ტუროპერატორი, რომელსაც ტურების ფართო სპექტრი აქვს და სხვადასხვა ქვეყნის  პარტნიორ ფირმებთან თანამშრომლობს. ანალოგიური ტურის შეთავაზება შეუძლია საშუალო სიდიდის ტურკომპანიასაც, რომელსაც გააჩნია საკუთარი ტრანსპორტი, კვალიფიციური გიდები და სასტუმროებთან გაფორმებული ხელშეკრულებები. ასეთი კომპანიები ცდილობენ ,,მეტი დაინტერესების სტილით“ მოემსახურონ კლიენტს, რათა მას კვლავ გაუჩნდეს ჩამოსვლის სურვილი. ასეთივე წარმატებით შეუძლია ამ ტურის ჩატარება აქტიურ გიდს, რომლის მომსახურებასაც  კარგი შეფასებას აძლევენ გამოხმაურებებში, საჭიროების შემთხვევაში მას შეუძლია ავტომანქანიანი მძღოლის მოწვევაც.  მათი მუშაობის პრინციპი სტუმართმოყვარეობას ეფუძნება, რაც  განსაკუთრებით მოსწონთ ტურისტებს. მაშ, რა განსხვავებაა ამ კომპანიებს შორის? მხოლოდ ბიზნესის ბრუნვის მოცულობები.

დღესდღეობით, პოტენციურ ტურისტთა სულ უფრო მეტი რაოდენობა ცდილობს დამოუკიდებლად დაგეგმოს ტური, ისინი წინასწარ ეცნობიან მარშრუტებს, რჩევას ეკითხებიან ნაცნობ-მეგობრებს, შედიან სხვადასხვა ფორუმებზე, სოციალურ ქსელში არკვევენ ფასებს და სხვა მათთვის საინტერესო საკითხებს (მაგალითად, მათი სტუმრობის პერიოდი ხომ არ ემთხვევა რამე საინტერესო ღონისძიებას ან ღირსშესანიშნავ თარიღს). შემდეგ თავად იძენენ ბილეთებს და ჯავშნიან სასტუმროებს. ჯამში მათი საოჯახო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იზოგება. ამ კატეგორიის ტურისტთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება  არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

როგორ დაგეგმავენ ტურისტები მოგზაურობას უახლოეს მომავალში?

,,ციფრული ტექნოლოგიების ფართო სპექტრით გავრცელების კვალდაკვალ აქტიურად იცვლება ტურისტული ინდუსტრია და ჩვენი მიზანია, ერთ-ერთმა პირველებმა განვჭვრიტოთ მომავალი, – აცხადებს კომპანია ,,Skyscanner“-ის მარკეტინგის მენეჯერი ილარიონ კოპალეიშვილი – ახალი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა დასვენება,  ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე,  ყველასთვის პერსონალური გახდეს“.

,,ტექნოლოგიები ცხოვრებას გვიმარტივებენ და წინ გველოდება კიდევ უფრო მეტი  მიმზიდველი შესაძლებლობა, რომელიც შეცვლის ტურიზმის ლოგისტიკას და მგზავრობიდან ახალი გამოცდილების მიღების საშუალებებს“.

დღეს წარმოუდგენლად გვეჩვენება მოგზაურობის დაგეგმვისა და ბრონირების ის საშუალებები, რაც ათიოდე წელიწადში იქნება ხელმისაწვდომი,  თუმცა უკვე არსებული ტექნოლოგიები და გაჯეტები, მათი პროტოტიპები, შემდგომი განვითარების აქტიურ პროცესშია. კერძოდ, საუბარია ციფრული ტექნოლოგიების როლზე, მათი  ხელოვნური ინტელექტი  ტურისტს დაეხმარება მოგზაურობის მიმართულების შერჩევასა და მომენტალურად დაჯავშნაში. ადამიანის მუდმივი თანამგზავრი გახდება  პატარა, თანსატარებელი მოწყობილებები (wearable technologies), რისი ნათელი მაგალითია უკვე არსებული სათვალე ,,Google Glass“. მომავლში კონტაქტური ლინზების ზომამდე შემცირებული ასეთი მოწყობილობები  თავისუფლად და მყისიერად თარგმნიან მსოფლიოს ნებისმიერ ენას, რაც მთლიანად აღმოფხვრის ენობრივ ბარიერს.

ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიები მომავლის ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს სასურველი მარშრუტი შეძენამდე მოსინჯონ, სახლიდან გაუსვლელად დაათვალიერონ პლანეტის ნებისმიერი ადგილი, რომლის რეალურად ნახვა სურთ, მოისმინონ და შეიგრძნონ მისი ენა (სხვათა შორის, ანალოგიური პროტოტიპი აქვს ერთ-ერთ ქართულ სტარტაპს ,,VRex”-ს).

დაუსრულებელი და გადაუწყვეტელი დავის საკითხია ტურისტული კომპანიებისა თუ ტუროპერატორების მომავალი ბედი. ზოგიერთის აზრით: ,,ტურაგენტების საუკუნე დასასრულს უახლოვდება“. ტურიზმის პერსპექტივების შესახებ ეს საკმაოდ მწვავე განცხადება როსტურიზმთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ განათავსა საციალურ ქსელებში, იწინასწარმეტყველა რა ტურისტული ბიზნესის დასასრული, დაამატა: ,, ეს არც კარგია და არც ცუდი. ეს ფაქტია“.

აშკარად უნდა ვაღიაროთ, რომ ტრადიციული ფორმის ქართული ტურისტული კომპანია თანამედროვე ბაზარზე უსარგებლო გახდება. თუ ადრე ტურისტი მათი კონსულტაციით  ირჩევდა დასვენების სხვადასხვა ვარიანტს, სასტუმროებსა და კურორტებს,  ახლა ნებისმიერი ინფორმაცია ინტერნეტშია ხელმისაწვდომი. გარშემო არ მეგულება ადამიანი, რომელიც  ინტერნეტით არ სარგებლობს. მართალია, რეგიონებში ელექტრონული ტექნოლოგიები ჯერჯერობით ნაკლებადაა გავრცელებული, მაგრამ მალე ეს სხვაობა წარსულს ჩაბარდება.

თუმცა ტურისტულ ბაზარზე სხვა აზრიც არსებობს, რომლის თანახმად ტურისტულ სააგენტოებს, ონლაინ ტექნოლოგიებისა და მსხვილი მოთამაშეების დომინირების მიუხედავად, მომავალი გააჩნიათ.  მაიამში  დასრულდა კვლევითი კომპანია ,,Phocuswright’’-ის ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც ონლაინ ტურისტული ინდუსტრიის ექსპერტებისთვის უსხვილეს საერთაშორისო ღონისძიებად ითვლება. ,,Phocuswright’’ (http://www.phocuswright.com/)- ონლაინ მოგზაურობაზე სპეციალიზირებული უმსხვილესი კვლევითი კომპანიაა. კონფერენციამ, რომელიც უკვე 25-ედ ჩატარდა, 40 ქვეყნის 1 600 მონაწილე გააერთიანა. თავისი ექსპერტები გამოგზავნეს ისეთმა უმსხვილესმა ბრენდებმა, როგორიცაა Priceline, Expedia, Amadeus, ასევე მონაწილეობდნენ Google, Facebook, რომელთა როლი უფრო და უფრო იზრდება ამ ინდუსტრიაში. პანელ დისკუსიებისა და ინტერვიუების მსვლელობის პროცესში კომპანია Phocuswright-ის ანალიტიკოსები ექსპერტებს კითხვებს უსვამდნენ, პასუხებში გამოიკვეთა აზრი, რომ ონლაინ მოგზაურობის ბაზარზე დიდი პერსპექტივებია მოსალოდნელი. ვინაიდან აშშ-ში ეს ბაზარი უკვე მომწიფებულია, მოსალოდნელია მისი ზრდა სხვა რეგიონებში, კერძოდ, დიდი ალბათობით, ჩინეთში.

რა ელოდება ამ მხრივ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს?   ტურისტული ბიზნესი აქაც ონლაინ განვითარდება?

კონფერეციაზე არ უსაუბრიათ აღმოსავლეთის რეგიონის დიდ ქვეყნებზე, მით უმეტეს  საქართველოზე, რამეთუ ჩვენი ბაზარი, მსოფლიო მასშტაბით, უმნიშვნელოა. დიახ, გლობალურად ყველა საუბრობს ონლაინის ზრდაზე, თუმცა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ოფლაინ სააგენტოების სრული გაუქმება მოსალოდნელი არაა. მაგალითად, კორპორაციულ სეგმენტში მოგზაურობის ორგანიზება კვლავ ტრადიციული ფორმატის კომპანიის პრეროგატივაა, თუმცა ისინი, რა თქმა უნდა, ონლაინ ინსტრუმენტებს იყენებენ.

რაც შეეხება დასვენების მიზნით მოგზაურობის (leisure travel) სეგმენტს, აქაც თითქმის შეუძლებელია ოფლაინ ტურისტული ბიზნესის მთლიანად ონლაინით ჩანაცვლება, მით უმეტეს, ჩვენთან. აქ ოფლაინ სააგენტოები კიდევ დიდხანს შეინარჩუნებენ ძველ პოზიციებს. მართალია, პანიკის საბაბი არ გვაქვს, მაგრამ არც მოდუნება შეიძლება, აუცილებლია ტენდენციების გათვალისწინება.  ,,უმჯობესია მივიღოთ რეალობა, ვეძებოთ ბიზნესის ახალი ფორმატები – შევქმნათ კლიენტებისათვის დამატებითი ღირებულებები. ვინც ამას შეძლებს, ის დარჩება ბიზნესში და მოიგებს კიდეც.“

მომხმარებელი მზად იქნება, მეტი გადაიხადოს პერსონალური მომსახურების სერვისში, რასაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების განვითარება. ამის შესახებ, მაგალითად, საუბრობდა გუგლის ვიცეპრეზიდენტი ოლივერ ხეკმანი, რომელიც  travel & shopping მიმართულებას კურირებს. მისი პროგნოზით, ინტერნეტ სერვისებში ხელოვნური ინტელექტის დონე თანდათან მიუახლოვდება კარგი ტურაგენტის ცოდნის დონეს. სტარტაპების კონკურსის მსვლელობისას ინდურმა კომპანია Ixigo-მ  წარმოადგინა ტურიზმის სფეროში ასეთი ტექნოლოგიის გამოყენების პროტოტიპი. ვირტუალუტი ასისტენტი, სახელად ტარა (Tara), ტურისტს, მისი წინა მოგზაურობის გამოცდილების გათვალისწინებით, ეხმარება ახალი მოგზაურობის დაგეგმვაში.  მასთან ურთიერთობა შესაძლებელია ხმოვანი სიგნალით ისევე, როგორც Apple-ის სირისთან (Siri) ან Яндекс-ის ალისასთან (Алиса). სხვათა შორის, კონფერენციის ფარგლებში კონკურსზე დაშვებული ერთადერთი მოგზაურობის დამგეგმავი ტარა იყო.

სხვა პროექტები ამ სფეროში იქ არც განხილულა იქიდან გამომდინარე, რომ მოგზაურობის დაგეგმვის სერვისების ნიშა ინტერნეტში აშკარად გადავსებულია. ამიტომაც ქართული სტარტაპები თავიანთ მომავალზე უნდა დაფიქრდნენ, საჭიროა კი დახარჯონ საკუთარი დრო და სახელმწიფო სახსრები უკვე არსებული პროექტების (მაგალითად,  Triplay-ის)  განვითარებაზე?  ხმოვანი რობოტები – დამხმარე ტურაგენტები – რა თქმა უნდა, შორეული მომავლის სფეროა. უახლოეს მომავალში კი ინოვაციების ფოკუსი გადაინაცვლებს B2B-ის სფეროში, სადაც ტექნოლოგიები ბიზნესის კონკრეტულ პრობლემებს გადაწყვეტენ. მაგალითად, კომპანია Conichi-მ სასტუმროში შესვლისა და გამოსვლის  ავტომატური დაფიქსირების  პროცესი წარმოადგინა. სტუმარს არ სჭირდება სარეგისტრაციო მაგიდასთან მისვლა, ყველა საჭირო პროცედურას მობილური ტელეფონის აპლიკაცია ასრულებს, სასტუმროს ნომრის გასაღების ფუნქციასაც იგი ითავსებს. კომპანია Redeam-მა წარმოადგინა პროექტი, რომელიც ამარტივებს ექსკურსიებისა და სხვა სახმელეთო ღონისძიებების პროვაიდერთა ურთიერთობას ტურისტებთან – მომხმარებელს აღარ მოუწევს ქაღალდის ვაუჩერის ამობეჭდვა. ეს პრინციპი უკვე გამოიყენება ავიარეისებში,  სადაც სამგზავრო ბილეთი მობილურის აპლიკაციაშია წარმოდგენილი. როგორც ვხედავთ, ტექნოლოგიები სხვადასხვა სფეროს ემსახურება

დავუბრუნდეთ საქართველოს – რა რეკომენდაცია შეგვიძლია მივცეთ და რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეთ ტურისტულ კომპანიებს უახლოეს  2-3 წელიწადში?

მსხვილმა  ტუროპერატორებმა ფეხი უნდა აუწყონ დროს და თვალი ადევნონ ახალ ტექნოლოგიებს.

საშუალო სიდიდის ტურისტული კომპანიების სფეროში მეტი სპეციალიზაციაა და აუცილებელია სპეციალური ტურები ჩატარება (MICE, კემპინგი, საბავშვო , სპორტულ-ახალგაზრდული, სათავგადასავლო, ტურები ნაკრძალების ტერიტორიაზე სხვა საექსკურსიო პროგრამებთან კომბინაციაში).

მცირე ტურისტულმა ფირმებმა აქცენტი უნდა გააკეთონ ძალიან მაღალ სპეციფიკურ სექტორზე, ტურისტებს, შეძლებისდაგვარად, შესთავაზონ მხოლოდ საავტორო ტურები, ორიენტირდნენ VIP მომსახურებასა და კონკრეტულ კრეატიულ ტურებზე.  თუმცა ისინიც და საშუალო სექტორიც ყველაზე უფრო დაუცველნი არიან ტურისტული ბაზრიდან გაქრობის ან დიდ მოთამაშეებთან სხვადასხვა ფორმით შერწყმის თვალსაზრისით.

გიდების რაოდენობა გაიზრდება, რაც მათი სერტიფიცირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობას გამოიწვევს. გიდებმა უნდა ისწავლონ თავიანთი ტურების აგრეგატორზე დაყენება (მაგალითად,Tripster-ზე), რათა ხელმისაწვდომი გახადონ  შემკვეთისთვის – დამოუკიდებელი ტურისტისათვის.

სულ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს მოვლენათა ტურიზმი (ქვეყნის სტუმრობა ამა თუ იმ დღესასწაულზე, ფესტივალზე, შეჯირებაზე დასწრების მიზნით).   სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ფესტივალების, საქალაქო ღონისძიებებისა და სხვა ისტორიული დღესასწაულების უფრო ზუსტ სტრატეგიულ დაგეგმვაზე (კარგი იქნებოდა სადღესასწაულო კალენდრის  შექმნა)

ამრიგად, იმისთვის, რომ ამ სფეროში დიდხანს შეინარჩუნონ პოზიციები,  ტურისტული  სექტორის  ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა  უნდა გაითვალისწინონ ყველა ახალი ტენდეცია, გაეცნონ მიმოხილვებს და ყოველთვის ,,ერთი ნაბიჯით წინ“ ყოფნას ეცადონ. სხვაგვარად ტურისტულ  ბაზარზე მათი დარჩენა შეუძლებელია.

წყაროები:

  1. http://media.unwto.org/ru/press-release/2011-10-12/k-2030-godu-chislo-mezhdunarodnykh-turistov-vyrastet-do-18-milliardov
  2. https://www.skyscanner.ru/news/chto-stanet-s-turizmom-cherez-10-let
  3. https://sputnik-georgia.ru/tourism/20171005/237619352/Forbes-pohvalil-Gruziju-za-razvitie-turizma.html
  4. http://www.hotline.travel/konflikty/nu-konchaetsya-vek-turagentstv-i-konets-ikh-blizok/
  5. http://www.hotline.travel/it-razrabotki-dlya-turbiznesa/kogda-turagentov-zamenyat-golosovye-raboty/

ავტორი:  ნანა ტაბიძე, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, კომპანია ,,ლინატას“ (,,Лината“) მფლობელი

ავტორი:  ნანა ტაბიძე, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი (СU), კომპანია ,,ლინატას“ (,,Linata“) მფლობელი

თარგმნა: იზა ლაკირბაია



რას ნიშნავს შეტყობინება Translate.ge-ზე და რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს?

მთავარია მიდგომა! – ციფრული მედიის მენეჯერი საბა ასლამაზაშვილი სოციალურ მედიაზე (ქეისი)